ეკატერინე ტიკარაძე: არჩევნები ჩვენი ყველა მოქალაქისთვის უსაფრთხო გარემოში უნდა ჩატარდეს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არჩევნები ჩვენი ყველა  მოქალაქისთვის უსაფრთხო გარემოში უნდა ჩატარდეს.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე უსაფრთხო ზომები იქნება მიღებული.

“ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს არჩევნები. არჩევნები უნდა ჩატარდეს ყველა ჩვენი მოქალაქისთვის უსაფრთხო გარემოში. ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და შრომითი უსაფრთხოება დეტალურად მუშაობს თითოეული პარტიის წარმომადგენელთან, ასევე, ცესკო-სთან, რომ უბნებზე მოეწყოს ყველა ის უსაფრთხო ზომა, რომლითაც მოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ, ყოველგვარი შიშისა და საფრთხის გარეშე დააფიქსირონ თავიანთი ხმა –  იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს და განაგრძოს დემოკრატიული გზა. როგორ მოეწყობა ეს სივრცე – დეტალებზე შეთანხმებულები არ ვართ იმიტომ, რომ არსებობს მრავალგვარი გამოსავალი და ამ მრავალგვარი გამოსავლიდან ჩვენ გვაქვს სურვილი,  საუკეთესო შევარჩიოთ, ანუ უსაფრთხო გამოსავალი. როდესაც დეტალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ როგორი იქნება ეს სივრცეები, ჩვენს მოქალაქეებს გავაცნობთ. გავაცნობთ ყველა მოცემულობას, როგორი იქნება საარჩევნო სივრცე კოვიდ პანდემიის პირობების დროს”, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები