ნათია თურნავა: სამარცხვინოა, როცა „ქართული ოცნების” წყალობით პოლიტიკაში მოსული ადამიანები დღეს ტალახს ესვრიან პარტიას, მის ლიდერს და ამით იაფფასიანი პოლიტიკური დივიდენდების შეძენას ცდილობენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სამარცხვინოა, როცა „ქართული ოცნების” წყალობით პოლიტიკაში მოსული ადამიანები დღეს ტალახს ესვრიან პარტიას და მის ლიდერს.

ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც აზერბაიჯანიდან დენის იმპორტსა და შუამავალ კომპანიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.

„ძალიან სამწუხაროა და, სიმართლე გითხრათ, სამარცხვინოც, როცა ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში, ამ პარლამენტში მოსულები არიან „ქართული ოცნების” მაღალი რეიტინგის წყალობითა და დამსახურებით, დღეს პოლიტიკაში პირველ, დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამენ იმით, რომ ტალახს ესვრიან „ქართულ ოცნებას”, მის ლიდერს, რადგან ეს ყველაფერი აქეთკენ არის მიმართული და კადრულობენ ტყუილს. ჟღერადი სახელებისა და გვარების, მათ შორის, უჩა მამაცაშვილის დასახელება ემსახურება, ალბათ, მხოლოდ იმას, რომ საკუთარი სახელი და გვარი გააცნონ საზოგადოებას, რომელიც ბევრ მათგანს, ალბათ, არც იცნობს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას თქმით, გარკვეული პოლიტიკოსების მიერ ამ საკითხთან კონტექსტში უჩა მამაცაშვილის დასახელება სრულიად უსაფუძვლოა.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პიროვნებას, ვინც მის სახელს და გვარს აჟღერებს, მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებს – შეიძინოს იაფფასიანი პოლიტიკური დივიდენდები. არანაირი დოკუმენტური დასაბუთება იმის, რომ უჩა მამაცაშვილი რამე კავშირშია ენერგეტიკაში არსებულ საკითხებთან და დენის იმპორტთან, არ გააჩნიათ და ეს ისევ და ისევ ემსახურება იმას, რომ სხვაზე ტალახის სროლით თავიანთი დამოუკიდებელი პოლიტიკური წონა შეიძინონ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არის უღირსი საქციელი და თავად ამოითხვრებიან ამავე ტალახში”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები