სალომე ზურაბიშვილი ხვალ ბრძანებას გამოსცემს და არჩევნების თარიღს დანიშნავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხვალ ბრძანებას გამოსცემს და არჩევნების თარიღს დანიშნავს.
მმართველი პარტიის განცხადებით, ეს საკითხი რომ არ გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციის საგანი, კონსტიტუციაში დაკონკრეტდა არჩევნების ჩატარების კონკრეტული თარიღი და ეს არის 31 ოქტომბერი.
“31 აგვისტოს პრეზიდენტი დანიშნავს არჩევნებს და ის 31 ოქტომბერს გაიმართება, როგორც ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„არჩევნების დანიშვნის თარიღი და თვითონ არჩევნების ჩატარების თარიღი განისაზღვრება კონსტიტუციით და საარჩევნო კოდექსით. 31 აგვისტოს პრეზიდენტი დანიშნავს არჩევნებს და ის 31 ოქტომბერს გაიმართება, როგორც ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად თანაბარ, თანასწორ, მშვიდობიან, სამართლიან გარემოში და ამისათვის ჩვენი პარტია ყველაფერს გააკეთებს.
ჩვენ მუდმივად გვესმოდა წინა არჩევნებზეც და ახლაც სპეკულაციური განცხადებები, თუმცა ამ სპეკულაციებს არ აქვს არავითარი საფუძველი. გარწმუნებთ, რომ თუ ოპოზიციის მხრიდან არ იქნება რაიმე ტიპის პროვოკაციული ნაბიჯები, მთელი კამპანია გაგრძელდება ზუსტად ისეთ კონსტრუქციულ და მშვიდ გარემოში, როგორც ახლა ატარებს მას ჩვენი პოლიტიკური პარტია. აქედან გამომდინარე ყველას მოვუწოდებ, რომ არ განახორციელონ რაიმე ტიპის პროვოკაციული ქმედებები და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში“, – განაცხადა კობახიძემ.