იაკობ ბრეგვაძემ ხმოვანი და ტექსტური შეტყობინებები გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, როგორ უყვება დაბადების დღეზე მყოფ ახალგაზრდებს მომხდარის შესახებ (ვიდეო)
გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულმა ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია” ის ხმოვანი და მოკლეტექსტური შეტყობინებები გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, როგორ უყვება დაბადების დღეზე მყოფ ახალგაზრდებს მომხდარის შესახებ.
“ლისზე წავედი პატრულის მანქანით, დიდი დიღმის გადასახვევთან ჩამომსვეს, გამოვიძახე “იანდექს” ტაქსი და ავედი ლისზე. იქ უკვე მარიამ კვიჭიძეს გავუგზავნე ვოისი, სად ხართ-მეთქი, ლისზე აღარ ვართო, დავიშალეთო და კარგი, წავალ სახლში-მეთქი. ფეხით წამოვედი და მაგ დროს მოპედმა ჩამიარა. ამ დროს მოვიდნენ ანი გაბეჩავა და ვინც იყვნენ მანქანაში, ანის ნათესავის მანქანა იყო,”- ამბობს იაკობ ბრეგვაძე.
ცნობისთვის, 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში 22 ივნისს იპოვეს. ბიჭის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა.
შაქრაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 სრულწლოვანი პირის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.
მათგანს სამს — ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკა რევაზიშვილსა და არჩილ გაგნიძეს, ასევე, 2 არასრულწლოვანს ბრალდებულს ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს 11 აგვისტოს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. გამოძიება მათ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. პროკურატურის ვერსიით, მათ გიორგი შაქარაშვილი სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა.