იაკობ ბრეგვაძე: რატომ გავაუქმე 112-ში ზარი და იქ აღარავინ იყო, აზრი აღარ ჰქონდა – იმის მერე ამ ადგილას აღარავინ მინახავს
რატომ გავაუქმე 112-ში ზარი და იქ აღარავინ იყო, აზრი აღარ ჰქონდა – იმის მერე ამ ადგილას აღარავინ მინახავს, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულმა ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.
ბრეგვაძე ის პირია, რომელმაც საბედისწერო ღამეს 112-ში დარეკა.
მისი თქმით, 112-თან კონტაქტი რამდენჯერმე ჰქონდა და თბილისში უკვე პოლიციას გამოჰყვა.
“ზუსტად ვერ გავიხსენებ, მაგრამ აივნიდან ვხედავდი, ერთს თეთრი ეცვა, ახვლედიანი იყო, როგორც მერე გავიგე, 2 ბიჭი იყო, რომლებიც გადადიოდნენ და 2 კიდევ მისდევდა, ანუ ხუთნი იყვნენ, რასაც აივნიდან ვხედავდი. ამ დროს ველაპარაკები კიდევ 112-ს თუ პოლიციელს, მეკითხებოდნენ, სად მოვიდეთო და ვუხსნიდი, მე “ქებაბ ჰაუსი” ვნახე გუგლში.
პატრულს ვეუბნები, ჩხუბი მოხდა-მეთქი, ერთს რკინა ეჭირა და მეორეს ქვა-მეთქი და იქვე ვნახე “ქებაბ ჰაუსი” ტელეფონით, მერე “ქებაბ ჰაუსი” ვერ ვნახეთო და ამიტომაც ვუთხარი, არაგვის ხიდზე მოსულიყვნენ და კარგი, გადავეცითო. უკვე აივანზე რომ ვიყავი, მე არ დამირეკავს, მემგონი პოლიციელმა დამირეკა, ნომრით იყო ზარი შემოსული, მკითხა, სად ხარო,”- ამბობს იაკობ ბრეგვაძე.
კითხვაზე, რატომ გააუქმა 112-ში ზარი, ბრეგვაძემ აღნიშნა, რომ ადგილზე აღარავინ იყო და მათ მისვლას აზრი აღარ ექნებოდა.
“ქვევით რომ ჩავედი და მოპირდაპირე მხარეს გადავედი ტყეში, მაშინ ველაპარაკე 112-ს, მე დავურეკე მგონი. რატომ გავაუქმე და იქ აღარავინ იყო და აზრი აღარ ჰქონდა. იმის მერე ამ ადგილას აღარავინ მინახავს.
პოლიცია როცა მოვიდა, მოვუყევი იგივე, რომ დავინახე რკინით ხელში ბიჭები. სანამ ჩავჯდებოდი, მანამ მოვუყევი, გზაში აღარაფერი მითქვამს. მათაც მითხრეს, თუ აღარაფერი ხდება, რაღა უნდა ვქნათო. მეთქი, თუ თბილისში მიდიხართ, წამიყვანეთ-თქო და წამომიყვანეს,”- ამბობს იაკობ ბრეგვაძე.
ცნობისთვის, 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში 22 ივნისს იპოვეს. ბიჭის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა.
შაქრაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 სრულწლოვანი პირის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. ბრალდებულებს: ვახტანგ ჩიქოვანს, ვასილ მახარაძეს, არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, გიგა ტატიაშვილს, თენგიზ ბარბაქაძეს, ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძეს, საბა ჩხარტიშვილს, ირაკლი წაქაძესა და საბა გოგშელიძეს გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას.
მათგანს სამს — ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკა რევაზიშვილსა და არჩილ გაგნიძეს, ასევე, 2 არასრულწლოვანს ბრალდებულს ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს 11 აგვისტოს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. გამოძიება მათ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. პროკურატურის ვერსიით, მათ გიორგი შაქარაშვილი სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა.
სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაცვის მხარის წაყენებული არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და 11-ვე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, ძალაში დარჩა.