ამირან გამყრელიძე: ბოლო კვირების განმავლობაში გვაქვს ერთეული შემთხვევები, რომელიც საყურადღებოა, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და პანიკის საფუძველი არ არის.
გამყრელიძემ ისაუბრა გუშინ გარდაცვლილ 2 პაციენტზე და აღნიშნა, რომ ორივე მათგანთან იყო თანმხლები დაავადებები.
“გუშინ, 24 აგვისტოს დაგვემატა გარდაცვალების 2 შემთხვევა. 1 გახლავთ ქალბატონი, 87 წლის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა ერთერთ კლინიკაში, იყო ძირითადად ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰქონდა ბევრი თანმხლები დაავადება, რომელიც გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. მეორე შემთხვევა, რომელიც ასევე განვითარდა გუშინ, შუადღისას, ეს გახლავთ 67 წლის ქალბატონი, რომელსაც 19 აგვისტოს დაუდასტურდა კორონავირუსი. ეს იყო ოჯახური შემთხვევა, ოჯახში 4 წევრს დაუდასტურდა კოვიდინფექცია და იყო მესამეული კავშირი ლენჯერის კლასტერთან. ეს ქალბატონი ასევე მძიმედ მიმდინარე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გახლდათ, რომელსაც ჰქონდა კოქსართროზი, მენჯბარძაყის მოტეხილობა, რთული გადაადგილება ხდებოდა და გადაწყვეტილება იქნა მიღებული მისი სახლში, დაკვირვების ქვეშ გადაყვანის მის ინფიცირებულ დასთან, რადგან კოვიდინფექცია მიმდინარეობდა უსიმპტომოდ. გუშინ დილას მდგომარეობა გართულდა და გადაყვანა ვერ მოესწრო.
ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია, კონტროლს ექვემდებარება. ბოლო კვირების განმავლობაში გვაქვს ერთეული შემთხვევები, რომელიც საყურადღებოა, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის. დროულად ხდება ახალი შემთხვევების იდენტიფიცირება და სამკურნალო დაწესებულებებში გადაყვანა,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.