ჰიქმეტ გაჯიევი: საქართველოს და აზერბაიჯანის კავშირები კეთილმეზობლობის წარმატებული მოდელია და შეიძლება მაგალითი გახდეს სხვა ქვეყნებისთვის
„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებობს მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი კავშირები კეთილმეზობლობის ერთ – ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია და შეიძლება მაგალითი გახდეს სხვა ქვეყნებისთვის“,- აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგარეო ურთიერთობათა ხელმძღვანელი ჰიქმეტ გაჯიევი.
როგორც აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსანმა azertag.az -ს განუცხადა ორივე ქვეყანას დარღვეული აქვს ტერიტორიული მთლიანობა და ისინი მხარს უჭერენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
გაჯიევის თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო წარმატებით ახორციელებენ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს და ამის ერთ ერთი ნათელი მაგალითია სამხრეთის გაზის დერეფნი.
„არსებობს კონსტრუქციული დიალოგი, რომელიც ემყარება ნდობას აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასა და საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას შორის. ჩვენ ღიად და მეგობრულად განვიხილავთ ნებისმიერ საკითხს. ეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ემსახურება ჩვენი ხალხებისა და სახელმწიფოების ინტერესებს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ოფიციალური თბილისის აკრძალვას ქვეყნის ტერიტორიის გავლით სომხეთისთვის იარაღის გადატანის შესახებ“, – აცხადებს გაჯიევი.