ნათია თურნავა: ვულოცავ „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარს, კომპანია „მეამას“ საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა კომპანია „მეამას“ საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებას ულოცავს.
„მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთხელ მოხდა ქართული კომპანიის აღიარება – ვულოცავ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარს, ყავის კომპანია „მეამას“ და ქართველ არქიტეტორებს მსოფლიო არქიტექტურის მასშტაბურ კონკურსში გამარჯვებას“, – აღნიშნავს ნათია თურნავა.
ქართული ყავის კომპანიის – Meama – მეამა-ს სათავო ოფისის შენობა Architizer A+Awards-ის სამი ნომინაციის გამარჯვებული გახდა: ინტერიერის დიზაინი, დაბალსართულიანი სამუშაო სივრცე და არქიტექტურა და ბეტონი. შენობის არქიტექტურა და დიზაინი გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის, უნიკალური შენობა კი ქართულმა კომპანია „უნიქს დეველოპმენტმა“ ააშენა.
ყავის მწარმოებელი კომპანია სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში ამოქმედდა. ამ ეტაპზე საწარმოში 150-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. „მეამას“ ყოველთვიური წარმადობა 12 მილიონ კაფსულას შეადგენს. კომპანიის ტექნოლოგების მიერ „მეამაში“ ყავის 15 განსხვავებული, უნიკალური გემოსა და თვისებების მქონე კაფსულა მზადდება, რაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად აღმოაჩინოს საკუთარი გემო.
ქართული კომპანიის შენობის კონკურენტები იყვნენ ისეთი ცნობილი კომპანიების სამუშაო სივრცეები, როგორიცაა: Jaguar, TikTok, Warner Music Group, John F.Kennedy Center for the Performinf Arts და სხვა.