„სამწუხარო რეალობაა, რომ წლების განმავლობაში NDI – ეს ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია დაეყრდნო საველე სამუშაოების ჩამტარებელ ისეთ ორგანიზაციას, რომელიც სუბიექტური იყო, უბრალოდ, ვიღაცის საწინააღმდეგოდ კი არა, არამედ – ვიღაცის სასარგებლოდაც”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, NDI წლების განმავლობაში თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, რომელთაგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზეც აცხადებენ ისეთ მონაცემებს, რომლებიც აცდენილია რეალობას.
„ამას აცდენაც აღარ ჰქვია – მახსოვს შემთხვევები, როცა 20%-იანი, 25%-იანი ცდომილებები ჰქონდათ. 2012 წელს მათ „ქართულ ოცნებას” დაუწერეს 12%. თუ საქმე არ ეხება პოლიტიკურ განწყობებს, უფრო ზუსტად, პარტიების რეიტინგებს, მეტ-ნაკლები სიზუსტით რეალური მონაცემები გვაქვს ხოლმე. ჩვენ დღეს ვნახეთ რეალურთან ძალიან მიახლოებული მონაცემი და ამის მიზანია, საზოგადოებაში გააჩინონ ნდობა. ხვალ და ზეგ მე ველი კვლევის პოლიტიკურ ნაწილს, სადაც ისევ მანიპულაციებზე გვექნება საუბარი. რეალობა არის ერთი – დღეს „ქართული ოცნების” რეიტინგი 55%-ზე გაცილებით მეტი და მათი, მთელი „ნაცმოძრაობის”, მისი კლასტერის, კრიმინალური ოპოზიციისა და სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიების საერთო რეიტინგი მაქსიმუმ 40%-ია. ესაა მოცემულობა. ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საზოგადოების, როგორც მინიმუმ, დეპრესიაში ჩაგდებას ცდილობს, საქართველო ვითარდება. შეიძლება, ჩვენ ვიკამათოთ დინამიკაზე, განვითარების ტემპებზე, კონკრეტულ თემებზე, თუ როგორ უნდა გადაწყვეტილიყო რაიმე საკითხი, მაგრამ ისინი ამ კამათში თავიანთ პერპექტივას ვერ ხედავენ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.