მამუკა მდინარაძე: ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ერთადერთზე – რადიკალური და უფრო მეტიც, კრიმინალური ოპოზიციის მოქმედებებზე
„პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, მოდის ხელისუფლებაზე და ამას არავინ გაურბის, თუმცა პასუხისმგებლობის აღებას აქვს სადღაც ზღვარი, ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ერთადერთზე – რადიკალური და უფრო მეტიც, კრიმინალური ოპოზიციის მოქმედებებზე”, – ამის შესახებ „რუსთავი 2″-ის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას, კერძოდ, პარტიულ სუბიექტებს უფლება აქვთ ლეგიტიმაციის ფარგლებში, მათი კომპეტენციის ფარგლებში, ისაუბრონ, რაც უნდათ, თუმცა ისინი ძალიან ხშირად, 90 % შემთხვევაში, ტყუილს, სიბინძურეს, სპეკულაციას მიმართავენ.
„ჩვენ საკადრისს პასუხს კი გავცემთ მათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვეცდებით, ვილაპარაკოთ მომავალზე, ვილაპარაკოთ განვითარებაზე, მეტ დინამიკაზე, ხვალინდელ დღეზე, რას ვპირდებით ჩვენს მოხუცებს, ახალგაზრდებს, რას ვაპირებთ განათლების რეფორმის კუთხით, დეოკუპაციის გზაზე, ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით და ა.შ. სწორედ, ამისკენ იქნება ჩვენი საარჩევნო კამპანია მიმართული”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.