ბექა დოჭვირი: დროებითი მმართველი კომპანიაში შევა მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად
“არ უნდა გავიგოთ, რომ დროებითი მმართველი განუსაზღვრელი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი და განუსაზღვრელი უფლებამოსილებით სარგებლობს – დროებითი მმართველი კომპანიაში შედის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ შეასრულოს კომისიის გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მან განმარტა, თუ რა არის შესაძლებელი არსებული რედაქციით და რა უფლებამოსილება აქვს კომისიას.
„დღეის მდგომარეობითაც, არსებული რედაქციით, კომისიას აქვს კომპანიის დაჯარიმების უფლებამოსილება და უკვე როდესაც დააჯარიმებს, კომპანიას, თუ ის არ შეასრულებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კომისიას შეუძლია, რომ ავტორიზაცია შეუჩეროს ან შეუძლია, საერთოდ კომპანიის საქმიანობა გააჩეროს და ამით მოახდინოს თავისი გადაწყვეტილების არაღსრულების გამო კომპანიის სანქცირება. ბუნებრივია, ასეთი გადაწყვეტილება, რიგ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი. ერთი გამომდინარე იქედან, რომ შეიძლება, დაზიანდეს მომხმარებელთა ინტერესები. მომხმარებელთა ფართო სპექტრს შეიძლება, შეეხებოდეს ეს და, ბუნებრივია, თუ კომპანია შეწყვეტს საქმიანობას, ეს მომხმარებლები დაზარალდებიან. შეიძლება, ერთ შემთხვევაში ვეღარ ისარგებლონ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით და, მეორე შემთხვევაში, შეიძლება, ვერ ისარგებლონ ინტერნეტკომუნიკაციით, რაც არის კომისიის რეგულირების სფერო”, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.
მთავრობის საპარლამენტო მდივანი განმარტავს, რომ შეიძლება, კომპანიის ინფრასტრუქტურა წარმოადგენდეს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და საქართველოს კანონმდებლობაში არ არის დაზუსტებული აღნიშნული ტერმინი.
„საკომიტეტო მოსმენებზეც ბევრი გაჟღერდა, რომ არ არის დაზუსტებული ტერმინი – “კრიტიკული ინფრასტრუქტურა” რა არის საქართველოს კანონმდებლობაში. ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ, დღეის მდგომარეობით, ვინაიდან ჩვენ ერთიანი ჩარჩო არ გვაქვს, გვიწევს, რომ კანონებში ცალ-ცალკე, სექტორების მიხედვით განვსაზღვროთ, თუ რა შეიძლება, იყოს “კრიტიკული ინფრასტრუქტურა”. ბუნებრივია, ალბათ, ყველა შევთანხმდებით იმასთან დაკავშირებით, რომ იგივე სატელეკომუნიკაციო, დიდი ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებენ, მათი ინფრასტრუქტურა, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს”, – განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.
ბექა დოჭვირმა ხაზი გაუსვა, რომ დროებითი მმართველი განუსაზღვრელი უფლებამოსილებით არ არის აღჭურვილი.
„ანალოგია რომ გავაკეთოთ, ევროკავშირისა და არამარტო ევროკავშირის ქვეყნებში არის ასეთი ინსტიტუტი, როდესაც ეროვნულ მარეგულირებელ კომისიებს შეუძლიათ, დაიქირაონ სერტიფიცირებული, მსხვილი კომპანიები, რომლებიც იგივე, თუნდაც წილების შესყიდვაზე, ან კონკურენციის ვალდებულებებს როდესაც უდებს კომისია, ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს იმის რევიზიას, კონკრეტულად რას აკეთებს კომპანია. შეუძლია გარკვეული მითითებებიც კი მისცეს კომპანიას გარკვეულ შემთხვევებში. იტალიის მაგალითი იყო, როდესაც თვითონ ბორდშიც კი ჩაუსვეს წევრები და ბორდის კონტროლი განახორციელა მარეგულირებელმა კომისიამ. აქედან გამომდინარე, ახდენს თავისი გადაწყვეტილების აღსრულებას. ეს ერთერთი არ იმეორებს აღნიშნულს, მაგრამ გარკვეული მექანიზმი, ანუ მოდელი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გათვალისწინებულია. ასევე, ეს არ არის ახალი საქართველოს საკანონმდებლო სივრცისთვის. ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართელოს კანონით გათვალისწინებულია დროებითი მმართველის დანიშვნა და, შესაბამისად, ლიცენზირებად საქმიანობას ვინც ახორციელებს, მათთვის ეს კარგად არის ცნობილი. ეს არ არის მხოლოდ თეორია იმიტომ, რომ პრაქტიკაშიც, დროებითი მმართველის ინსტიტუტი გამოყენებული ყოფილა და, შესაბამისად, ეფექტურადაც უმუშავია”, – განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.
მან ასევე განმარტა კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებულ ნაწილს ეხება.
„კონკრეტულად, 34-ე და 35-ე მუხლებთან დაკავშირებით ცვლილება ასე დაზუსტდა, რომ კომისია ნიშნავდა 34-ე და 35-ე მუხლების ვალდებულებების შეუსრულებლობის შემდეგ, ანუ თუ დააჯარიმებდა და არ შეასრულებდა ვალდებულებას, კომისია ნიშნავდა მმართველს და მერე უკვე კომპანიას შეეძლო, რომ წასულიყო სასამართლოში და უკვე სასამართლოში ედავა, გამოეყენებინა ან უზრუნველყოფის ღონისძიება, ან თვითონ კომისიის ინდივიდურ-სამართლებრივი აქტი გაესაჩივრებინა და, შესაბამისად, მერე უკვე დავა როგორც დასრულდებოდა, იქედან გამომდინარე ეხელმძღვანელათ. ახლა შემოტრიალდა, 34-ე და 35-ე მუხლებთან დაკავშირებით, როდესაც სანქცირება, ანუ ჯარიმები არაეფექტური აღმოჩნდება, კომისია მიმართავს სასამართლოს ისევე, როგორც ეს გახლავთ გათვალისწინებული ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში და სასამართლო დანიშნავს, კომისიის შუამდგომლობიდან გამომდინარე, დროებით მმართველს. ბუნებრივია, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაც კომპანიას ან კომისიას არ მოეწონება, შეუძლია შემდგომ, რომ უკვე ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში გაასაჩივრონ და უკვე ზემდგომმა სასამართლო ინსტანციებმა მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.