სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 25-ჯერ, იურიდიულის მიმართ კი 10-ჯერ გაიზარდა
„ნარჩენების მართვის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 25-ჯერ, ხოლო იურიდიულის მიმართ 10-ჯერ გაიზარდა”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. დაწყებული გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, თუმცა ეს არ კმარა იმისთვის, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ და მივიღოთ ის შედეგი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, შვილებისა და მომავალი თაობისთვის. ქალაქისთვის სერიოზული გამოწვევაა სამედიცინო და ინერტული ნარჩენები. სამედიცინო ნარჩენი ანტისანიტარიისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების პირველი წყაროა, ინერტული მასალები კი როგორც ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას, ასევე, ვიზუალური თვალსაზრისით დიდ პრობლემას წარმოადგენს. როდესაც უფლებამოსილების განხორციელებას შევუდექი, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად დავიწყეთ – გამოიწერა ბევრი ჯარიმა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ადამიანები ჯარიმას უპრობლემოდ იხდიდნენ და ნარჩენების დაყრა ქალაქის სხვადასხვა უბანში გრძელდებოდა. შესაბამისად, შევიმუშავეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტს წარვუდგინეთ. მოხდა მთელი რიგი ცვლილებები „ნარჩენების მართვის კოდექსში“ და ჯარიმები გაიზარდა. სამშენებლო ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 25-ჯერ, ხოლო იურიდიულის მიმართ 10-ჯერ გაიზარდა. სამედიცინო ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სანქცია გაზრდილია 10-ჯერ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების აღსრულებას ყოველდღიურ რეჟიმში გააკონტროლებენ.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერით არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები ყოველდღე ჯარიმდებოდნენ, ეს მათთვის წინაღობას არ წარმოადგენდა, რადგან დაბალი იყო ჯარიმების ოდენობა. რაც შეეხება სანქციების ოდენობას, სახიფათო (სამედიცინო) ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 500 ლარის ნაცვლად დაჯარიმდება 5 000 ლარით, იურიდიული პირი 1 000 ლარის ნაცვლად – 10 000 ლარით, ხოლო სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 200 ლარის ნაცვლად 5 000 ლარით, იურიდიული პირი კი 1 500 ლარის ნაცვლად 15 000 ლარით დაჯარიმდება. რაც შეეხება აღსრულებას, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ამას ყოველდღიურ რეჟიმში დიდ ყურადღებას მიაქცევენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.