„ზოგჯერ იმხელა ენერგიით ვივსები, არ ვიცი, რა დავარქვა, კოსმიური, საკრალური ან კიდევ ალბათ რამე შესატყვისი ექნება, რომ მეშინია, იმ დროს ბედნიერების ამ განცდამ არ გამაგიჟოს“…
ხატვა 9 წლის ასაკში ნალჩიკში, სახელოვნებო სკოლაში დაიწყო. თბილისში გადმოსვლის შემდეგ კი, ჯერ ნიკოლაძის სამხატვრო სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა.
2004 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კინომცოდნეობის მაგისტრის წოდება მიიღო.
2013-2020 წლებში მონაწილეობდა მრავალ ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენაში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (იორდანია, რუსეთი, ჰოლანდია, ლატვია, ავსტრია, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, ბელგია…).
მისი 10 ნამუშევარი დაცულია საქართველოს ისტორიისა და კულტურის ეროვნულ მუზეუმში.
2015 წელს საქართველოს სახელით ვენეციის ბიენალეს მონაწილე იყო.
2018 წელს ბერლინის გალერეა „კორნფელდმა“ გამოსცა წიგნი სათაურით – The King Is Female – სამ ქართველ ქალ არტისტზე. ესენი არიან: თამარ კვესიტაძე, ნათელა გრიგალაშვილი და რუსუდან ხიზანიშვილი. წიგნის წარდგენა იმავე წელს მოხდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ამ ფაქტს მის ცხოვრებაში ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპად მოიხსენიებს.
2021 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით, 5 გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. პირველი პერსონალური გამოფენა, რომელიც გადაიდო პანდემიის გამო, შემოდგომაზე გალერეა Window Project – ში გაიმართება.|
ამბობს, რომ არ იცის, რას ნიშნავს შემოქმედებითი კრიზისი და იდეების არქონა. უამრავი ინფორმაცია აქვს და ალბათ არც გამოელევა არასდროს. – მხატვარ რუსუდან ხიზანიშვილის პერსონა.
– დედა – ლობჯანიძე ნორა (მანია), დაბადებული იყო 1941 წელს, სოფელ ღებში; მამა – ვალერიან გობეჯიშვილი, ასევე 1941 წელს ღებში დაიბადა. მამამ მეორე მსოფლიო ომში მამა დაკარგა და ბებიასთან ერთად სტავროპოლის რაიონში, მოგვიანებით კი ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ ნალჩიკში გადავიდნენ საცხოვრებლად.
დედის ოჯახი 1944 წელს, გადასახლების გამო, სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ ადიგენის რაიონში დასახლდა.
მშობლები 1966 წელს ქალაქ ნალჩიკში შეუღლდნენ, სადაც 1979 წელს მე დავიბადე.
სამწუხაროდ, მამა არ მახსოვს, 1 წლის ვიყავი, როცა ტრაგიკულად დაიღუპა. დავრჩით 3 მცირეწლოვანი შვილი.
შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დედაჩემმა ახალგაზრდობის წლები და პირადი ცხოვრება შვილების გაზრდას მიუძღვნა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ იმ ამაგს, რაც მან ჩვენთვის გასწია, ვერასდროს გადავიხდი.
მამის გარდაცვალების შემდეგ, 1980 წელს, საბჭოთა კავშირის სისტემაში, ბინის გაყიდვა ან ყიდვა შეუძლებელი იყო, შესაბამისად, ერთადერთ ვარიანტად გაცვლა რჩებოდა. რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ, 1993 წელს, თბილისში საცხოვრებლად გადმოვედით.
აქ გადმოსვლის დღე – 2 ოქტომბერი, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ და ღირსშესანიშნავ დღედ იქცა!
მიუხედავად იმ ყველა სიმძიმისა, რაც გავიარეთ, იმდენად გვქონდა გამჯდარი საქართველოს სიყვარული, სხვაგან ცხოვრება, საქართველოს გარდა, ვერც კი წარმოგვედგინა.
– პირველი ნამუშევრები…
– ინტენსიური ხატვა 9 წლის ასაკში ნალჩიკში, სახელოვნებო სკოლაში დავიწყე. მანამდე სამუსიკო სკოლაში ჩაბარება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ, ალბათ ეს იყო ჩემი ბედისწერაც. დღემდე მახსოვს ის, რაც მისაღებ გამოცდაზე დავხატე: სოფლის მოტივები და ქალი, რომელიც ძროხას წველიდა. მე და ჩემი ოჯახი უმეტეს ზაფხულს დედაჩემის სოფელში ვატარებდით და, სავარაუდოდ, იქაური ნოსტალგია ხატვის ინსპირაცია გახდა.
ზოგადად, ბავშვობიდან ბევრი მოგონება შემომრჩა, რაც დღემდე ძალიან დიდი შთაგონების წყაროა.
– ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებლის შემდეგ სამხატვრო აკადემიაში განაგრძეთ სწავლა…
– ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი 1998 წელს დავამთავრე და მაშინვე აკადემიაში, კინო-ტელე მხატვრის სპეციალობაზე ჩავაბარე.
ცოტას ნიკოლაძეში გატარებულ წლებზე ვიტყვი: ჩემთვის განუმეორებელი 4 წელი აღმოჩნდა, ძალიან ბევრი რამ მასწავლა, ბევრი მეგობარი შევიძინე და მათთან დღემდე მჭდრო ურთიერთობა მაკავშირებს.
აკადემიას რაც შეეხება, დღემდე მიხარია, რომ ეს სპეციალობა ავირჩიე. მიუხედავად იმისა, რომ არც კინოში და არც ტელევიზიაში არ მიმუშავია, ბევრი რამ მომცა კომპოზიციის კუთხით, თანაც ინტელექტუალური საფუძველი დაურთო ჩემს შემოქმედებას. დღემდე გამომყვა კინოსთვის დამახასიათებელი კადრობრივი აზროვნება და სერიულობა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მიმაჩნია. კინომატოგრაფიას დღესაც დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. მუშაობის პროცესში ფილმები ფონად მუდმივად ჩართულია, თითქმის ყოველ კვირას სხვადასხვა რეჟისორის კვირეულს ვიწყობ, რაც ჩემი შთაგონებისა და ინსპირაციის ერთ-ერთი წყაროცაა .
არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა აკადემიაში, როგორც სპეციალობაში, ისე ფერწერაში. ბატონი ბეჟან შველიძე გვასწავლიდა ფერწერას, მადლიერი ვარ ამ ადამიანის, იმისთვის, რომ არასდრო ჩარეულა ზედმეტად ჩემს სასწავლო პროცესში. პირველი კურსის პირველი სემესტრის ნიშნის წერის დროს მან ასე მითხრა: შენ, ბიძია, მხატვარი მოსულხარ, მე რაღას გასწავლი, ხატეო.
ფაქტობრივად, ასე, ჩემს თავისუფალ სივრცეში ვხატავდი გაუჩერებლად. მაშინ უკვე ერთი შვილი მყავდა, სახლში სახატავად დრო არ მრჩებოდა, შესაბამისად, ვცდილობდი, აკადემიაში ყოფნის დრო მაქსიმალურად გამომეყენებინა.
– თქვენს გმირებს უძველესი ზღაპრებიდან გადმოსული მისტიკური ელფერი ჰმოსავთ… ამ ელფერის მიღმა რა არის მხატვრის სათქმელი?
– ზღაპრულ პერსონაჟებს ნაკლებად დავარქმევდი, უფრო მეტაფორული სხეულების სინთეზია, არარსებული და არსებული მითოლოგიის შერწყმის ნაყოფი. უფრო მეტად საკუთარი ხორცშესხმული შიშებია, რომლებიც ფიქრების, ცხოვრების თუ განცდების ერთობლიობაა, რაც შემდგომ ჩემეულად წარმოსახულ ქმნილებებს ადგილს უთმობენ.
– ხელოვნებათმცოდნეები ამერიკული ნეოექსპრესიონისტული ჟანრის მხატვრად მიგიჩნევენ…
– ასე ცალსახად ვერ დავარქმევდი – ამერიკულს ჰგავს უდავოდ, რადგან დიდი ხანია მენტალური წყვეტა მაქვს ქართულ ხელოვნებასთან. მეტი წილი უცხოურ გალერეებთან ვთანამშრომლობ ამა თუ იმ მიზეზის გამო, შესაბამისად. უფრო დიდი აუდიტორია მყავს აშშ- ში, კოლექციონერების სიას რომ გადავხედო, სავარაუდოდ, 55-60 პროცენტი აშშ-დანაა, დანარჩენი კი ევროპაზე ნაწილდება. ვიტყოდი, რომ ამერიკისთვის ძალიან შინაური შემოქმედება მაქვს. წარმოუდგენლად მიაჩნიათ, ასეთი ნამუშევრები სადღაც ევრაზიის კონტინენტზე რომ იქმნება.
მე განვავრცობდი და დავამატებდი იმას, რომ ნეოექსპრესიონისტულ შემავსებელზე უფრო ღრმა და ამით ცოტა უფრო აღმოსავლეთ-ევროპული დატვირთვა შემომაქვს. ჩემეული ხელწერა და შტრიხები აღმოსავლურ-ევროპული გავლენაცაა.
– თქვენს ნახატებზე ხელოვანის სიზმრები და ხილვებია აღბეჭდილი, რომლებიც, თითქოსდა, პირველყოფილების შეგრძნებას ბადებენ, რაც მკვეთრი ფერებითაა გადმოცემული… ანუ ფერები მეტყველებს. როგორ ახერხებთ, დაავიწყოთ 21-ე საუკუნის მნახველს რეალობა და ასეთ ჭრელ, თავბრუდამხვევ სამყაროში ამოგზაუროთ?
– სადღაც 2015 წლიდან ალბათ 2019 წლამდე ძალიან მკვეთრი ფერადოვნება მქონდა ნამუშევრებში, გააზრებულად შექმნილი დისჰარმონია და დისონანსი, რომელიც ამავე დროს სრულად კონტროლირებადი იყო. 2017-დან შექმნილ ნამუშევრებს ერთი წინადადების ქვეშ ვაქცევდი – There Is No Harmony Anymore, ინგლისურად იმიტომ, რომ ყველა ნამუშევარს ინგლისურად ვარქმევ სახელს, თავდაპირველად საჭიროებამ შემოიტანა და ახლა კი ჩემთვის ძალიან სიმბოლური გახდა, ზოგი სიტყვისთვის ქართული შესატყვისის მოძებნა რთულია, ამიტომ ვიყენებ მათ და დიდ დატვირთვას ვაძლევ.
საერთოდ, ჩემთვის სიტყვები და ნამუშევრის სათაური კიდევ სხვა ნამუშევარია, ნახატისგან დამოუკიდებელი. ანუ ვუბრუნდები ჩემს იმ წლებისდროინდელ კონცეფციას, საქმე ისაა, რომ რაღაც გამოღვიძების მომენტი იყო ამ ყველაფრის საფუძველი.
მთელი ცხოვრება გვასწავლიდნენ, რომ ხელოვნება მშვენიერსა და ჰარმონიულს უნდა ემსახურებოდეს და თავადაც მხოლოდ დადებითი საძილე ეფექტით უნდა გვაჯადოებდეს, არადა, ეს უკვე დაუშვებელია. ამ დამახინჯებულ და აგრესიულ სამყაროში ნამდვილად არაა სილამაზისა და ჰარმონიის დრო და ადგილი. ჩემი ნახატების სიმკვეთრეც ამის სათქმელად გამოვიყენე, ასე რომ ვთქვათ.
შემიძლია ისიც დავამატო, რომ არ ვიცი, რას ნიშნავს შემოქმედებითი კრიზისი და იდეების არქონა. უამრავი ინფორმაცია მაქვს და ალბათ არც გამომელევა არასდროს.
შეგვიძლია ამას სიზმარში ნანახიც დავარქვათ. სიზმარში ანუ ქვეცნობიერში ზღვა ინფორმაცია გვიდევს გენეტიკური კოდის დონეზე და ჩვენი წარსული ათასწლეულების განმავლობაში ჩვენი ტვინის ქერქით დაგვაქვს, უბრალოდ კონცენტრირებაა საჭირო და დავიწყებული მეხსიერების გამოღვიძება, რადგან დრო, როგორც ასეთი, არ არსებობს. წარსული, აწმყო და მომავალი ერთ განზომილებაში იყო ნაგულისხმევი, დროის ვიზუალიზაციით ჩავკეტეთ საზღვარი და დავივიწყეთ დროში მოგზაურობა.
– რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით?
– რამდენიმე ნამუშევარი გამორჩეულად მიყვარს, ერთ-ერთია „კორონაცია“, რაც ქართულად გვირგვინის დადგმაა.
იანვარში, ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, პერსონალური შოუ მქონდა მოსამზადებელი და ამ დროს იწყებოდა ჩვენი ახლანდელი პანდემიის ეპიზოდი. თავისთავად სათაურმა განაპირობა ამ ნამუშევრის ისტორიაც და ბედისწერაც, უჩვეულო ფორმატზე დავხატე, საკმაოდ გაწელილია, 120/240 სმ, ცენტრშიც ამაღლებაზე გვირგვინის დადგმის საკრალური ეპიზოდია გამოსახული.
კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკვანძო ნამუშევარი მაქვს, რომლებიც ჩემთვის მნიშნელოვან ეტაპებს გამოსახავს.
ახლაც რამდენიმე ძალიან მნიშნელოვანი ნამუშევარი შევქმენი, ერთ-ერთია The Shelter – „თავშესაფარი“. ზეთშია შესრულებული და ჩემთვის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა, აქამდე რაც კი დამიხატავს.
– შთაგონება… როგორ მუშაობთ?
– ჩემი შთაგონება ჩემი სამსახურია. როგორც უკვე აღვნიშნე, შთაგონების უკმარისობას არ ვუჩივი, პირიქით, მოძალებული ტალღები ბევრჯერ ამირიდებია და ცოტა გამინეიტრალებია კიდეც. ძალიან ბანალურად შეიძლება ვამბობდე ახლა, მაგრამ ზოგჯერ იმხელა ენერგიით ვივსები, არ ვიცი, რა დავარქვა, კოსმიური, საკრალური ან კიდევ ალბათ რამე შესატყვისი ექნება, რომ მეშინია იმ დროს ბედნიერების ამ განცდამ არ გამაგიჟოს.
ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემთვის ყველა წუთი, რომელსაც ფუნჯით ხელში ვატარებ. ვმუშაობ სახელოსნოში ყოველ დღე, სადღაც დილის 10-დან საღამოს 8-9 საათამდე, მეტსაც ვიმუშავებდი, მაგრამ ფიზიკური რესურსი არ მეყოფა. რა თქმა უნდა, იმ გამონაკლისებით, როდესაც რამე მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს ან სადილი მაქვს გასაკეთებელი ოჯახისთვის.
შევდივარ სახელოსნოში, ვრთავ რაიმე მორიგ ფილმს, ვიკეთებ ყავას და ვხატავ. რა თქმა უნდა, ასე მარტივადაც არ არის საქმე, ძირითადი წყარო ჩემ მიერ დაგროვებული ინფორმაციაა. საქმე ისაა, რომ ჩემი და, რომელიც ჩემზე ათი წლით უფროსია, იმ დროს, როდესაც მე სკოლაში დავიწყე სიარული, გახდა რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი და, შესაბამისად, მე კითხვა ჩემი დის საუნივერსიტეტო პროგრამით ვისწავლე. ფაქტობრივად, მესამე, მეოთხე კლასში უკვე გამართულად ვკითხულობდი ფრანსუა რაბლეს, თომას მანსა და ლუის ქეროლს. რამდენადაც მახსოვს, „ალისაც“ შედიოდა პროგრამაში.
მას შემდეგ ჩემთვის კითხვა იქცა ჩვეულებრივ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებად, როგორც წყურვილი ან ძილი. ახლა ნაკლები ინტენსიურობით ვკითხულობ, თან კითხვის მანერაც შემეცვალა, უფრო ჩაძიება ვისწავლე, ადრე ერთი წიგნის დასრულებისას მაშინვე მეორეზე გადავდიოდი, ახლა კი რაღაც დრო მჭირდება, რომ გავიაზრო ყველაფერი და ზოგჯერ ერთი წინადადების გარშემო მიფიქრია რამდენიმე დღე.
როგორც წესი, აი, ასეთი წინადადებები ან სიტყვები ჩემი მომავალი ნამუშევრის ღერძად იქცევა. ახლა თითქმის მთელი დრო ხატვაზე მიდის, ძირითადი შთაბეჭდილების წყაროც არის პროზა, პოეზია ნაკლებად, მხოლოდ რამდენიმე პოეტი შემიძლია გამოვარჩიო, ვის ნაწარმოებზე ნამუშევრები შემიქმნია.
ზოგადად ვთვლი, შეიძლება ძალიან კატეგორიულადაც, რომ მხატვარი აუცილებლად ნაკითხი უნდა იყოს. დღევანდელი მხატვარი, არტისტი, შემოქმედი, რა ვიცი, რაც გვქვია… ნამუშევრებს საგრძნობლად ეტყობა, რამდენად სავსეა ან ცარიელია შემსრულებელი, ხელოვნურად მოგონილი თუ სიღრმეები მოქმედებს გარკვეულ პუბლიკაზე.
ჩემთვის უფრო მნიშნელოვანია, სრულყოფილებამდე მივიყვანო ის იდეა, რომელზეც ვსაუბრობ ან ვფიქრობ, დანარჩენი ნაკლებად მაინტერესებს.
– 2015 წელს საქართველოს სახელით მონაწილეობდით ვენეციის სახელოვნებო ბიენალეში, სადაც რუსული ოკუპაციის თემაზე ინსტალაცია – „მცოცავი საზღვრები“ წარადგინეთ…
– უმნიშნელოვანესი პროექტი იყო ჩემი შემოქმედების ეტაპზე, არც მანამდე და არც მას შემდეგ მე არ მიმუშავია ჯგუფთან ერთად და ეს გამოცდილება ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და არის. არაჩვეულებრივი გუნდი გვყავდა და ყველამ თავისი საქმე მაქსიმალურ დონეზე შეასრულა. პროექტი სახელწოდებით – „მცოცავი საზღვარი“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს ეხებოდა. იმავე წელს ამ პროექტით მიგვიწვიეს უკრაინაში, კიევის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, სახელად IZOLACIA , სადაც დიდი წარმატება მოვიპოვეთ.
– კორონავირუსი და დღევანდელობა – რა შექმენით კარანტინის პერიოდში?
– შემოქმედებითად ძალიან საინტერესო, მნიშნელოვანი დრო იყო და პრინციპში არის კიდეც, ჯერ კიდევ მიმდინარეობს ეს პროცესი. ძალიან ეგზისტენციალური, ძალიან ჩასაძიებელი, საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესი – კიდევ უფრო სიღრმეში და შორეულ შრეებში ჩამახედა. რა თქმა უნდა, დასაწყისი კამიუს „ჭირით“ დავიწყე და, რაღა თქმა უნდა, მილიონი პარალელი ამოვიკითხე ჩვენს მდგომარეობასთან.
ახლა, როდესაც თითქოს ყველაფერი უკანაა და ამავე დროს ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვართ, უფრო მკვეთრად იგრძნობა სულიერი წყვეტა ერთმანეთთან, აქამდე ისედაც ინტროვერტულად ვმუშაობდი სახელოსნოში და ახლაც არაფერი შეცვლილა ამ კუთხით, თუმცა გარეთ გასვლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მენტალურად ძალიან შევიცვალე. არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი, საკუთარ თავს კიდევ ვაკვირდები. ძალიან ბევრი ვიმუშავე და, მგონი, ძალიან კარგად.
– ვუყურებთ უცნაური ფორმის მცენარეებსა და ცხოველებს, ჩვენზეც პირდაპირ გადმოდის შიშველი ემოცია, განცდა, თითქოს, როგორც ერთმა არტკრიტიკოსმა თქვა, ახდენილი სიზმრების კვალს მივყავართ სადღაც, შორს, ქვეცნობიერისაკენ… ჩვენც, მცენარეებისა თუ ცხოველების შემადგენელი ნაწილი ვხდებით, როგორც ცოცხალი ნერვი… და მაინც, რა არის თქვენი გზავნილი სამყაროსადმი?
– ჩემი შემოქმედება ამ ეტაპზე ადამიანის გარშემო ტრიალებს. საქმე ისაა, რომ ტექნოლოგიური რევოლუცია, რომელიც ადამიანს უნდა ემსახურებოდეს, ფაქტობრივად ადამიანის მტრად იქცა.
ჩვენ დაგვავიწყდა ადამიანი, როგორც სულიერი არსება, როგორც დიდი სამყაროს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, როგორც ევოლუციის ჯაჭვის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. ადამიანის პერსონა უკანა პლანზეა გადაწეული, როგორი პარადოქსულია, არა? ადამიანმა ადამიანის უფლებების დაცვასა და ძიებაში საკუთარი თავი დაკარგა.
მივუბრუნდეთ კლასიკას, ბერნინი, მიქელანჯელო, კარავაჯო, ანტიკური ხელოვნება… ყველაფერი გვიყვება ადამიანზე, ფიზიკურ თუ სულიერ მხარეზე, განცდებზე, სიძლიერესა თუ სისუსტეზე.
ჩემი ადამიანი უწყვეტი ნაწილია გარე სამყაროსი, უფრო ალბათ პრეისტორიული ხანის შვილია, რადგან ფესვები იქ გვაქვს გადგმული. ჩემთვის ადამიანი ყველაზე დიდი ძალის მქონეა. მე მინდა, ვიყოთ რაღაც უცნობი, მისტიკური ძალის მატარებლები და ზე-ძალებით დაჯილდოებულები. ეს ზე-ძალები ხშირად მაქვს გამოყენებული ნარატივად.
– გამოფენები…
– ვიზუალურად და წარმატების ერთ-ერთ მაგალითად მიმაჩნია ჩემი სოლოგამოფენა მარკ როთკოს არტცენტრში, ლატვიაში, დაუგავპილსში, 2018 წელს.
დიდი ხანი ვემზადებოდი ამ გამოფენისთვის და ძალიან შთამბეჭდავი იყო ნამდვილად .
იმ პერიოდში ვარდისფერ გამაში ვმუშაობდი და ექვსი დარბაზი შეღებეს ვარდისფრად. მართლა სასწაული იყო სანახავად.
ასევე, ჩემი ერთ-ერთი საინტერესო, მაგრამ ნაკლებად მასშტაბური გამოფენა ამ წელს, იანვარში, ნიუ-იორკში გაიმართა. ბრაზილიელ სკულპტორთან ერთად ნინა მდივანის კურატორობით. ძალიან მნიშვნელოვანი რევიუები მივიღე ამ გამოფენის შემდეგ და უამრავ საინტერესო პროექტს ჩაეყარა საფუძველი.
ასევე, 2018 წელს ბერლინის გალერეა „კორნფელდმა“ გამოსცა წიგნი სათაურად – The King Is Female – სამ ქართველ ქალ არტისტზე, თამარ კვესიტაძეზე, ნათელა გრიგალაშვილზე და ჩემზე, რუსუდან ხიზანიშვილზე. წიგნის ავტორია ნინა მდივანი, ჩვენი თანამემამულე კურატორი, რომელიც წლებია ცხოვრობს და მუშაობს ნიუ-იორკში. წიგნის პრეზენტაცია მოხდა იმავე წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და ალბათ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპად შემიძლია მოვიხსენიო.
– მონაწილეობა მიიღეთ მხატვრის წიგნის „ვეფხისტყაოსნის“ შექმნაში. თქვენეულ სტილში „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები დახატეთ… გამოქვაბულის ეპიზოდი შეგხვდათ. კმაყოფილი ხართ ამ გადასახედიდან?
– ძალიან საინტერესო პროექტი იყო და მართლაც საინტერესო ნაწილი შემხვდა. როგორც აღნიშნეთ, გამოქვაბულზე ვმუშაობდი. იმ პერიოდში უკვე ჩემი ახალი პერსონაჟები მყავდა და ზუსტად გამოვსახე ის, რაც ჩემს წარმოდგენაში გამოქვაბულში უნდა ყოფილიყო.
ახლა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო სხვანაირად დავმუხტავდი, მაგრამ იმ ეტაპისთვის ძალიან კარგი გამოვიდა. ყველაზე საინტერესო იყო პროცესი დახატვამდე. იმის გამო, რომ რუსული სკოლა დავამთავრე, ქართული ლიტერატურიდან ბევრ რამესთან არ მქონია შეხება. „ვეფხისტყაოსანიც“ მხოლოდ რუსულად მქონდა წაკითხული. მუშაობის დაწყებამდე რამდენიმე შეხვედრა მქონდა რუსთველოლოგთან, რომელმაც კონკრეტულად სიმბოლიკაზე და ამ სასწაული ნაწარმოების მისტიკაზე ამიხილა თვალი.
დღემდე იმ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ახლაც სიამოვნებით გავაკეთებდი რაიმე სერიას, მაგრამ მეშინია, ძალიან ბანალური არ იყოს, ამდენი „ვეფხისტყაოსანიც“ მეზედმეტება.
– ჰობი…
– წიგნები, ფილმები.. არ ვიცი, რამდენად შეიძლება ჰობი დაერქვას ამ საქმეს.
– სამომავლო გეგმები…
– 2021 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით, 5 გამოფენაა დაგეგმილი, აქედან 3 ჯგუფური და 2 პერსონალური, პირველი პერსონალური გამოფენა, რომელიც გადაიდო პანდემიის გამო, გაიმართება ამ წლის შემოდგომაზე გალერეა Window Project – ში.
იმედია, გადაადგილებას შევძლებ და არ მომიწევს დისტანციურად მონაწილეობის მიღება, თუმცა უკვე ვიცი, ახლანდელი ვითარების გამო, სექტემბრის გამოფენაზე დიუსელდორფში დიდი შანსით ვერ წავალ. შუალედებში რეზიდენციები მაქვს და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისთვის დიდი სამუშაო მაქვს შესასრულებელი, რადგან ერთ-ერთი შოუ დანიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმშია, ხოლო სოლო კი ერთ-ერთ წამყვან გალერეაში ნეაპოლში. ძალიან საპასუხისმგებლოა ეს ყველაფერი და კარგად უნდა მოვემზადო, რაც უკვე დავიწყე.
თამარ შაიშმელაშვილი