მიხეილ ყაველაშვილი: თორნიკე შენგელიამ მოქალაქეობა დათმო? ქართველობა დათმო, თუ რაზე არის საუბარი? ჩემთვის საამაყოა ეს ადამიანი
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას გამოეხმაურა.
ყაველაშვილმა შენგელიას წარმატებები უსურვა.
“მაგალითი არის ჩვენი მოზარდი თაობის, ყველასი და მინდა, წარმატება ვუსურვო, სოლიდარობაც გამოვუცხადო.
დააკვირდით შემადგენლობას, თუ ეს ცსკ არის, რატომ თამაშობს აქ, დაახლოებით, 4-5 ამერიკელი, 2 ლიტვის მოთამაშე, ლატვიელი კალათბურთელები თამაშობენ და არ შეიძლება, ქართველმა კალათბურთელმა ითამაშოს?
თორნიკე შენგელიამ მოქალაქეობა დათმო? ქართველობა დათმო, თუ რაზე არის საუბარი? ის არის საქართველოს ნაკრების კაპიტანი. საქართველოს ნაკრები როცა ეთამაშება ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, ის იქნება საქართველოს ნაკრების რიგებში და არანაკლებ სხვა კალათბურთელებისა ის დაიხარჯება, როგორც იხარჯებოდა და საამაყოა. ჩემთვის საამაყოა ეს ადამიანი”, – განაცხადა ყაველაშვილმა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა კლუბმა Twitter-ზე ოფიციალურად გაავრცელა და ვიდეოც დაურთო წარწერით – “გელოდებით მოსკოვში”.