ილია მეორე აშშ-ის ელჩს მადლობის წერილს წერს
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მადლობის წერილს წერს.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უწმინდესი ყურადღებას აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის ინიციატივაზე ამახვილებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში დაავადებათა კონტროლის რეგიონული ოფისი გაიხსნება და 10 ქვეყანას მოემსახურება.
“ეს ნაბიჯი განსაკუთრებით დასაფასებელია დღეს, როდესაც ასეთ რთულ ეტაპს გადის მთელი მსოფლიო Covid-19-თან ბრძოლაში. აღნიშნული ქმედება კიდევ ერთი დადასტურებაა აშშ-ის გამორჩეული დამოკიდებულებისა საქართველოსადმი, რისთვისაც მადლობას ვუხდით თქვენი ქვეყნის ხელისუფლებას”, – ვკითხულობთ წერილში.
პატრიარქმა წერილი მისწერა რედფილდსაც.
“მიიღეთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა თქვენდამი და თქვენი ქვეყნისადმი”, – აღნიშნულია წერილში.
საპატრიარქო აშშ-ის ელჩის საპასუხო წერილსაც აქვეყნებს. კელი დეგნანი პატრიარქს მადლობას უხდის გაგზავნილი წერილისთვის.
“ჩვენ მოუთმენლად ველით საზოგადოების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორების გაძლიერებას და დიდად ვაფასებთ ახალ რეგიონულ ოფისთან დაკავშირებით ფართო ენთუზიაზმის არსებობას”, – წერს დეგნანი.