ბარიში ნიკოლოზობის დღესასწაულის მონაწილე ერთადერთი ქართველის, თამარ მეფის სამოსისა და იტალიის ქუჩებში შემოფეთებული საქართველოს ამბავი

ქუთაისში დაიბადა და აღიზარდა. სწავლობდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის მე-2  სკოლაში. იყო  სასკოლო ოლიმპიადების მრავალგზის ოქროს მედალოსანი, კალიგრაფიის კონკურსების გამარჯვებული, წარმატებული სპორტსმენი, მათ შორის მოსწავლეთა შორის ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონი.
მე-2 მუსიკალური სასწავლებელი ფორტეპიანოს განხრით წარჩინებით დაამთავრა, ასევე ტექნიკუმიწითელ დიპლომზე, მრავალგზის მოიპოვგამარჯვება  კონკურსშიპროფესიაში საუკეთესო“. 17 წლის ასაკში ოჯახი შექმნა, სწავლობდ სამედიცინო უნივერსიტეტი სტომატოლოგიის ფაკულტეტზეც, მაგრამ ოჯახური პირობების გამო ვეღარ მოახერხა დამთავრება. დღეს 4 შვილის დედ. ჰყავს 6  შვილიშვილი.
ამჟამად, უმცროს შვილთან ერთად, მერვე წელია იმყოფებ ემიგრაციაში.
მოღვაწეობ საქართველოს სახელით პროექტში დედამიწის დედები” (Le mamme del mondo), სადაც თამარ მეფის სამოსით გაითქვ სახელი და 5 წლის მანძილზე  ამ პროექტის წარმატებული დედ.
ქალაქ ბარიში 25 ქვეყნის წარმომადგენლებს ასწავლი ქართულ ხალხურ სიმღერებს, საკვირაო და გახანგრძლივებულ სკოლაში ასწავლიდ გამოყენებით ხელოვნებას, მართავდა ღონისძიებებს.
ამჟამად ემზადება პერსონალურ გამოფენისთვის – პანდემიის გამო 29 მაისს დაგეგმილი გამოფენა გადაიდო 30 სექტემბრისთვის.
წერს, ასევე, ლექსებს, ნოველებად  კინძავს ცხოვრების ეტაპებს. გამოფენისთვის აპირებს კრებულის გამოცემასაც. –   ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერის როზეტა კიტოვანის პერსონა.

–  საქართველოს სინდისი და ღირსებაა ჩემი სანატრელი ქუთაისი, სადაც 1968 წლის 24 ივლისს დავიბადე და აღვიზარდე პატიოსნებით სავსე ოჯახში.
მამა, ვასილ ვასილის ძე კიტოვანი დედისერთა  იყო, რომელიც ჩემმა გამზრდელმა ბებიამ, ულამაზესმა კლარა კილაძემ, ობლობაში სიკეთის ეტალონად გამოზარდა.
მამა პროფესიით ეკონომისტი, მაგრამ სპორტის ოსტატი კრივში, საქართველოს ნაკრების წევრი. უნიჭიერესი, უკეთილშობილესი, უღალატო და იუმორით სავსე ადამიანი იყო, რომელიც ექსპრომტად საოცარ ლექსებს უძღვნიდა ადამიანებს. სიკეთესაც უანგაროდ თესავდა, რის გამოც „პატიოსნების სახელი მრავლად უგზავნის ქებასა“… 56 წლის ასაკში მოწამლულმა არაყმა იმსხვერპლა მისი სიცოცხლე…
დედა – ნანული გრიგოლის  ასული ცირეკიძე, პროფესიით ეკონომისტია.  წლების განმავლობაში მუშაობდა ავტოქარხნის რაიონის მილიციის საპასპორტო განყოფილებაში. ღვთისნიერი ადამიანია, რომელმაც სამი შვილი სიკეთით აღგვზარდა, დღემდე კაცთმოყვარეობას, მიმტევებლობას და სიყვარულს უნერგავს შვილიშვილებსაც და შვილთაშვილებსაც. ყველაზე დიდი მორბედი, იმედი, სამაგალითო, მისაბაძი ადამიანი გვყავს, რომლის ჭაღარაშიც საქართველოს ღირსებას ვხედავ.
დასამახსოვრებელს რა გამომილევს, ყველაფერში აქტიურს,  ყველაზე ცელქს, ჯიუტს,  დაუმორჩილებელს?!  ბიჭებთან მიყვარდა ფეხბურთის თამაში. უმეტესად მეკარე ვიყავი ხოლმე.
აუღებელ ციხესიმაგრეს მეძახდნენ პედაგოგებიც. ბავშვობიდან ვიყავი დაჩაგრულთა დამცველი  და ამის გამო ჩემს მშობლებს ხშირად უწევდათ დირექტორის კაბინეტში გამოძახება.  მახსოვს, კომკავშირის რიგებში მისაღებად რომ წაგვიყვანეს, კაბინეტში სამი ადამიანი დაგვხვდა. მათ შორის ძალიან უხეში და შეუხედავი ქალბატონი იჯდა მაგიდასთან.  უხეშობიდან გამომდინარე, პროტესტის ნიშნად პატაკი არ ჩავაბარე, უკანა რიგში დამსვეს, სადაც მისი უხერხული კარიკატურა დავხატე. ამის გამო დამსაჯეს  და კომკავშირის რიგებში აღარ მიმიღეს. მაშინდელი კომკავშირის მდივანი ნინო ბურჯანაძე იყო.   თუმცა  წლის ბოლოს ავტომატურად ჩამრიცხეს კომკავშირელთა რიგებში.
– აკაკი წერეთლის სახელობის მე-2 საშუალო სკოლა დაამთავრეთ.   რა იყო საინტერესო სკოლის პერიოდიდან?
-.საქართველოში ყველაზე დიდებული სკოლის, აკ. წერეთლის (ახლანდელი ი. ოცხელის) სახ. მე-2 საშ. სკოლის კურსდამთავრებული ვარ, რაც ძალიან მეამაყება იმის გამო, რომ, თუ რამ საუკეთესო მისწავლია, სწორედ  იმ დიდებულმა პედაგოგებმა შემასწავლეს, რომელთა სახელებიც დღემდე უკვდავია. წელს ჩემს სათაყვანებელ სკოლას, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ მოეძებნება, 140 წელი შეუსრულდა.
– კარგად ცეკვავდით. მე-2 მუსიკალური სასწავლებელი წარჩინებით დაამთავრეთ… ხელოვნების სფეროში კარგ მომავალს გიწინასწარმეტყველებდნენ პედაგოგები, მაგრამ ოჯახი შექმენით და სხვა მიმართულებით განაგრძეთ სწავლა.
–  ყოფილი მოცეკვავე ვარ (ქორეოგრაფი მურთაზ ზივზივაძე), ვიყავი სასკოლო ოლიმპიადების მრავალგზის ოქროსმედალოსანი, სკოლის გაზეთის რედაქტორი, კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებული, სპორტის 4 სახეობის (ფარიკაობა, მძლეოსნობა, ცურვა, ნიჩბოსნობა) წარმატებული სპორტსმენი, მათ შორის – საქართველოს ჩემპიონი მოსწავლეთა შორის ნიჩბოსნობიდან, პიონერთა სასახლის აქტიური მოსწავლე ხელოვნებაში, ასევე წარჩინებით  დავამთავრე მეორე სამუსიკო სასწავლებელი  ფორტეპიანოს განხრით. რეჟისორობა მსურდა, მაგრამ მშობლების წყალობით უფლება ვერ მოვიპოვე, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გავმხდარიყავი.
შემდეგ სწავლა განვაგრძე ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერის პროფესიის შესასწავლად, წითელ დიპლომზე დავამთავრე სასწავლებელი.
მრავალგზის გამარჯვებული ვარ კონკურსში „პროფესიაში საუკეთესო“, მაქვს თანრიგიც. ვარ ოლიმპიადების ლაურეატიც. მრავალმხრივი ნიჭისა გამო ჩემი პედაგოგები  და განათლების იმდროინდელი მინისტრიც ხელოვნებაში დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ  ოჯახის ნაადრევად შექმნამ შეცვალა  ჩემი სამომავლო გეგმები.
როცა ორი შვილის დედა გავხდი  მუშაობა დავიწყე თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მუსიკის მასწავლებლად. ჩამოვაყალიბე ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი, რომელსაც ჩემივე შექმნილი ეროვნული ფორმებით ვუზრუნველყოფდი. პირველი საახალწლო კონცერტი გადაიცა საქართველოს ტელევიზიით.  შემდეგ იყო აფხაზეთის ომი,  ჩემი მეუღლე სადაზვერვო ბატალიონის ასმეთაური იყო და ტამიშთან ბრძოლაში სნაიპერის ტყვიით სასიკვდილოდ დაიჭრა. ხელმოწყვეტილი მეომარი იქ გადარჩენილმა ორმა თანამებრძოლმა გადაარჩინა. ირაკლი კორკელია მდინარეზე ხიდად გაწვა, მასზე დაჭრილი მეგობარი გადაახოხეს და შემდეგ თბილისში გადააფრინეს გადასარჩენად.

მეუღლესთან ერთად

ამას მოჰყვა უამრავი განსაცდელი, ცრემლიანი და ტკივილიანი წლები, თუმცა სიყვარულმა ყოველი განსაცდელი ღირსეულად დამათმენინა და გადამატანინა.
– სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდით, თუმცა  ოჯახური პირობების გამო აღარ გაგიგრძელებიათ სწავლა… სამაგიეროდ დიდი და ლამაზი ოჯახი გაქვთ…
–  სამი შვილის დედამ ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში სტომატოლოგიურ განყოფილებაზე, მაგრამ ოჯახური პირობების გამო მესამე კურსიდან სწავლა შევწყვიტე.  სამხედრო პენსიაზე დამოკიდებული ოჯახი თითქმის შიმშილის ზღვარზე მივედით, თუმცა არავისთან ვამბობდით ჩვენს გასაჭირს. უფლის ანაბარად დავაბიჯებდით შვილებთან ერთად და მაქსიმალურად ვცდილობდი, მათთვის სათანადო განათლება მიმეცა, რაც ნამდვილად შევძელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წყალობითაც, სადაც უანგაროდ,
საუკეთესო პედაგოგებით ჩემი შვილები   საუკეთესო სამყაროს ვაზიარე
– ოთხი შვილის დედა ხართ. ემიგრაციაში უმცროს შვილთან, ელენესთან ერთად  იმყოფებით. გყავთ შვილიშვილებიც…

შვილები: ანა, ალექსანდრე, მარიამი და ელენე ალიმბარაშვილები

– დიახ, დღეს ბედნიერი დედა ვარ – ოთხი ანგელოზი შვილისა.  მყავს ექვსი ულამაზესი შვილიშვილი, რომელთა მონატრებაშიც მერვე წელი მიიპარება…
მეუღლე პროფესიით იურისტია. ყოფილი მოკრივე. სპორტის ოსტატი კრივში, მაიორი, აფხაზეთის ომის ინვალიდი, ვახტანგ გორგასლის ორდენოსანი, პენსიონერი.
შვილები, ანა და ალექსანდრე ილიაუნის კურსდამთავრებულები არიან, მარიამი სტუდენტია, ბავშვობიდან  მოცეკვავე, ხოლო ელენე სკოლის წარჩინებული, საამაყო  მოსწავლეა იტალიის ქალაქ ბარიში. 2 წლის ასაკიდან ხატავს. გერმანიაში ყოფნისას სკოლამ გამოფენაც კი მოუწყო პატარა ემიგრანტს.
11 წლისამ დაიწყო ხატების წერა, ფლობს რამდენიმე უცხო ენას, დამოუკიდებლად სწავლობს კორეულ ენასაც, ჩემი მეგობრის, ქალბატონ ზაირა ნარიმანიძის წყალობით უკრავს ფანდურზე, არის სასკოლო კონკურსების გამარჯვებული. მონაწილეობა მიიღო სიმღერის კონკურსში, სადაც იტალიის მასშტაბით 12000 კონკურსანტიდან შეირჩა 152 ბავშვი  და მეორე ტურშიც გადავიდა ქართველთა გასახარად. ასევე მონაწილეობა მიიღო ბავშვთა ნახატების გამოფენაში, სადაც მხოლოდ ერთი ქართველი მონაწილეობდა და საუკეთესო ნამუშევრების ავტორად აღიარეს. მალე მის მიერ დაწერილი ნოველაც დაიბეჭდება იტალიელი პოეტის, ფრანკო მინერვინის წიგნშიც.
იტალიელ მსახიობებთან ერთად, სპექტაკლში მას იხილავთ ერთ-ერთი პერსონაჟის როლში, რაც,  დარწმუნებული ვარ, ერთობ საინტერესო და საამაყოც იქნება მისი გულშემატკივრებისთვის. აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს  და ჩემთან ერთად უძლებს ემიგრანტის მძიმე ტვირთს ბავშვობიდან.
– მერვე წელია იტალიაში ემიგრაციაში ხართ. რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში დროის ამ მონაკვეთში?
– დიახ, მერვე წელია ემიგრანტული ცხოვრების მძიმე ტვირთს ვატარებთ. უმძიმესი პერიოდი გავიარე პატარა შვილთან ერთად ისევ ქართველების გამო, თუმცა  ცხოვრება ვისწავლე, უბრალოდ გამოცდილება მივიღე და ამასობაში სული გამოიწრთო.
ჩვენი რწმენა ხომ ჩვენივე ქცევებში, ადამიანებთან ურთიერთობებში და აზროვნებაში  ვლინდება?!  ოქრო ცეცხლში იწრთობაო, ხომ გაგიგონიათ?  ჰოდა, ყოველთვის ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, როგორც  მწამს!.
ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერმა პირველად თამარ მეფის სამოსით გაითქვით სახელი…
– ჩემი დიზაინერობა ყოველთვის ჩრდილში იყო საქართველოში, რადგან კიტოვანობა არ მაპატიეს და ოთხი შვილის დედა სახლში ვქმნიდი შედევრებს, კონკურსებზე კი სხვისი სახელებით იმარჯვებდა. გრან-პრის მფლობელ გიორგი გოდერიძეს  იურმალის ფესტივალზეც ეცვა ჩემი შექმნილი სამოსი და მილანშის დიზაინერების კონკურსზეც.
სამჯერ მოხვდა ჩემ მიერ შექმნილი კაბები ათეულში, ცეკვის ანსამბლებისთვისაც ვქმნიდი ნაციონალურ სამოსს, თეატრალური სტუდიებისთვის ზღაპრის გმირების ფორმებს,  მაკრამეს, გობელენს, მინი-ხალიჩებს ვქსოვდი,  ყოველი დასახელების სამოსზე ერთობ ხარისხიანად ვმუშაობდი, ვქმნიდი თოჯინებს,  რომელი ერთი ჩამოვთვალო?!
თუმცა ვბედნიერობდი, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ბავშვობიდან ვმუშაობ ყოველი სახის სამოსზე, რაც იშვიათობაა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს უსაყვარლეს ბიძას და ბიცოლას, საბჭოთა კავშირში, პროფესიაში  სახელგანთქმულებს, მურმან და ელიკო კიტოვანებს, რომლებმაც ჩემში  ეს ნიჭი ბავშვობიდანვე შეამჩნიეს, სწორედ მათი ძალისხმევით შევისწავლე ტყავისა თუ ბეწვის დამუშავება-შეკერვა.
აღარ ჩამოვთვლი დანარჩენს.
ემიგრაციის გზაზე დადგომა განაპირობა ჩემმა პროფესიამ და კანის ფესტივალის ორგანიზატორთან, მოდის ბიზნესში  სამუშაოდ რეკომენდაციით წამოვედი, მაგრამ ბედისწერამ იქამდე ჯერ ვერ მიმიყვანა და განსაცდელებით სავსე ცხოვრებას მივყვები მორჩილად.  დაე, იყოს ნება უფლისა.
25 ქვეყნის წარმომადგენლებს ასწავლის ქართულ ხალხურ სიმღერებს, საკვირაო და გახანგრძლივებულ სკოლაში ასწავლიდით გამოყენებით ხელოვნებას, მართავდით ღონისძიებებს
– პროექტში  Le mamme del mondo, რომლის ორგანიზატორიც გახლავთ მონიკა ირიმია, წლევანდელი წლის დახურვა საქართველოს ერგო წილად, რის გამოც 29 მაისს დაგეგმილ ჩემს პერსონალურ გამოფენას ელოდა საზოგადოება.  ვინაიდან 25 ქვეყნის მოქალაქე უნდა შემემოსა საქართველოს ყოველი  კუთხის ტრადიციული სამოსით, ამიტომ გადავწყვიტე, მონაწილეთათვის მესწავლებინა ცნობილი ქართული  სიმღერა  „სულიკო“. ორი  გაკვეთილის შემდეგ შედეგი დავინახე და „სულიკოს“ ხალხური სიმღერებიც მივუმატე, რაც საზოგადოებისთვის სიურპრიზად მინდოდა შემომენახა, თუმცა  სიხარული ვერ დაიტიეს იტალიელმა მონაწილეებმა და ქართულ რესტორან „ნიკალაში“ ბედნიერებისგან ამღერდნენ.
პირველ ქართულ საკვირაო სკოლაში და შემდგომ გახანგრძლივებულ სკოლაშიც უანგაროდ ვასწავლიდი გამოყენებით ხელოვნებას. ჩემივე ხარჯებით ვაწყობდი მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენებსაც. პირველი ზეიმი დედაენის დღეს მივუძღვენი, სადაც ყოველი ნაშრომი ჩემი ხელით შექმნილი გახლდათ. პატარებმა თავიანთი შემოქმედება წარმოაჩინეს და ძალიან გაიხარეს.
სკოლებში მუშაობის პერიოდში  წილად მხვდა ბედნიერება, მემუშავა საუკეთესო ფილოლოგთან, სულით ხორცამდე ქართველთან, ქეთევან გოგობერიშვილ-დვალთან ერთად  მუსიკალურ კომპოზიციაზე –  „რად მწუხარე ხარ სულო ჩემო“,  მისივე სცენარით. ეს იყო სულის ზეიმი, რამაც ქართულად დააპურა საქართველოს მონატრებული ემიგრანტები.
შემდეგ იყო  საშემოდგომო, საახალწლო ზეიმები, დედის დღე და… გრანტიჭამიების გამო დასრულდა ყოველი ჩანაფიქრის განხორციელება… თუმცა საინტერესო გაკვეთილებს ჩემს შვილს ქალბატონი ქეთევანი სახლში  უტარებს დღემდე და მის სანატრელ სამშობლოს ჯერ კიდევ შორიდან ვაცნობთ.
– თითქმის საქართველოს ყველა კუთხის ეროვნული სამოსი შექმენით. იტალიაში საქართველოს უწევთ პოპულარიზაციას…
–  ნიკოლოზობის დღესასწაული ყოველ წელს გრანდიოზული მასშტაბით ტარდება იტალიის ქალაქ ბარიში. დღესასწაულში, ქალაქის მერის შემოთავაზების შემდეგ, ერთადერთმა ქართველმა მივიღე  მონაწილეობა. მსვლელობაში ქართული სამოსით დამშვენებული ჩემი შვილი და მისი მეგობრები მონაწილეობდნენ. ისინი მართლა გამორჩეულნი იყვნენ უამრავ მონაწილეთა შორის, რაც იტალიის ტელევიზიის არცერთ არხს უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
განსაკუთრებით თამარ მეფის სამოსი მოექცა ყურადღების ცენტრში.  ისმოდა შეძახილები, თუ ვინ და საიდან ვიყავით, რაზეც სიამაყით ვპასუხობდი უცხოელებს.
მე ბედნიერი ვარ, რადგან საქართველოს კულტურა  უამრავ უცხოელს  გავაცანი და ჩვენი საუნჯის ნახვის და დაფასების სურვილი გავუჩინე.
– იტალიურქართული ღვინის პრეზენტაციაზე ქალაქ ბარის მერის მოადგილემ ყველაზე ცნობილ მაღაზიაბიბლიოთეკაში მიგიწვიათ თქვენი შემოქმედებით, მითხარით, რომ 1 თვე  საქართველოს სახელით ვიტრაჟი ბრწყინავდა…
– 12 თებერვალს, იტალიურ-ქართული ღვინის პრეზენტაციაზე, რომელიც ყველაზე ცნობილ მაღაზია – ბიბლიოთეკაში, FELTRINELLI -ში  ჩატარდა, ქალაქის მერის მოადგილემ მიმიწვია  მონაწილეობის მისაღებად. ერთი თვის განმავლობაში, ვიტრაჟიდან ჩემ მიერ შექმნილი ქართული ნაციონალური სამოსი, ელენიკოს მიერ დაწერილი წმ. ნიკოლოზის ხატი, ხელნაკეთი თოჯინები და ღვინის დეკორატიული ბოთლები ვაზის მტევნებითურთ,  საქართველოს დროშასთან ერთად  თვალისმომჭრელად ბრწყინავდა.
მნახველები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და ფოტოებს იღებდნენ ვიტრაჟის  წინ. პირველივე დღეს  სოციალურ ქსელში, ჩემდა მოულოდნელად, გავრცელდა პირდაპირი ჩართვა  პოეტ ეკა თავბერიძის მიერ, სადაც  ის წერდა, რომ სრულიად შემთხვევით იტალიის ქუჩებში საქართველო შემომეფეთაო.
იმდენად ემოციური იყო, სიხარულისგან ავტირდი. ღვინის წარდგენის დღეს, დამსწრე საზოგადოებას ქართული სიმღერებით გავულამაზეთ საღამო ჩემს საყვარელ მეგობარ-მუსიკოსებთან – ზაირა ნარიმანიძესთან და ირმა ბაზერაშვილთან ერთად. ჩემს შემოქმედებას უცხოელების მხრიდან მეტი გამოწვევა მოჰყვა, რაც ძალიან მახარებს.

იხილეთ ვიდეოები: https://www.facebook.com/kabashidze1/videos/2840358136084332/UzpfSTEwMDAwMjA1MDMzMDA1MzozMDYwNjExMjk0OTk0MTQ6MTA6MTU3Nzg2NTYwMDoxNjA5NDg3OTk5Oi01OTQzMjYzNDI5ODU5MTMwOTM3/

https://www.facebook.com/rozeta.kitovani/videos/2740117452733239/

– ემიგრაციამ ალბათ ბევრი კარგი ადამიანი გაგაცნოთ…
–  ემიგრაციაში ყოფნამ ბევრი კარგი ადამიანიც შემძინა, არა მარტო ქართველები, არამედ უცხოელებიც. მათ შორის განსაკუთრებულად მიყვარს  სახელგანთქმული იტალიელი მხატვარი მარია პიერნო, დრამატურგი, პოეტი, მსახიობი ფრანკო მინერვინი, მონიკა ირიმია, მიქაელა პაპარელლა,  რომლებიც  მუდმივად მიწვევენ  პრეზენტაციებზე მონაწილეობის მისაღებად.
მარიასთან შეხვედრებზე საშუალება გვაქვს, იქვე გამოვძერწოთ სხვადასხვა ნივთი, მოვხატოთ გრანდიოზული პლაკატები, რასაც ცნობილ მსვლელობებში ვიყენებთ ყოველთვის. ძალიან ბევრი გამორჩეული პიროვნება დამიახლოვა ემიგრანტობის წლებმა ჩემივე ნიჭიერების გამო, რომლებთანაც ოჯახებში ვსტუმრობთ კიდეც  და იცით, რა მომწონს იმ ცნობილი ადამიანების ხასიათში? ის, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირი ძალიან თავმდაბალია, უბრალო, ქართველებისგან განსხვავებით, ზემოდან არ გადმოგხედავენ.
– ბარიში ხშირად მართავთ შემოქმედებით საღამოებს. თქვენს შვილთან ერთადაც გამოხვედით და მუსიკალური ნომერი შეასრულეთ…

შვილთან ერთად

– ხელოვნურად გამოგონილი პანდემიით მიძინებული ქალაქი გულს მიკლავდა და მინდოდა, რაღაც სიცოცხლე შემეტანა ემიგრანეტბის გულში.   le mamme del mondo-ს ორგანიზატორს ჩემი იდეა შევთავაზე, რაზეც დამეთანხმა – ევროპული დედის დღეს დავამთხვიეთ მოკრძალებული შეხვედრა დედამიწის დედებისა თეთრ ბაღში.  ტრადიციულად ეროვნული ფორმებით გამოწყობილებმა სიცოცხლე შევიტანეთ  სიცარიელით მიძინებულ  ბაღში, რომელსაც  მუდმივად კარაბინიერები სდარაჯობენ. იქ  მე და ჩემმა შვილმა პირველად შევასრულეთ ქართული სიმღერა ფანდურისა და სალამურის თანხლებით.  ეს დედა-შვილის დებიუტი იყო, რაც საუკეთესო მოგონებად დაგვრჩება.
–  შორიდან დანახული საქართველო…
– შორიდან საქართველოს დანახვა ჩემთვის შეუძლებელია, რადგან სულს მხოლოდ იქ შეუძლია იყოს ლაღი, სადაც   ჩემი ტაძარი,  მადლომოსილი მოძღვარი, დედა, მოსიყვარულე შვილები, მეუღლე, ანგელოზი შვილიშვილები, უერთგულესი მეგობრები  და დანარჩენი საქართველო მოუთმენლად მელოდება. სიხარული ხომ სიყვარულიდან მომდინარეობს და მჯერა, რომ სწორედ ეს განცდა დამაბრუნებს დროებით, იძულებით  დატოვებულ უტკბილეს სამშობლოში, სადაც ევროპისაგან განსხვავებით ყველაფერს ღმერთის ხელი ეტყობა.
– ჰობი…

შვილის -ელენე ალიმბარაშვილის ხატწერის მასწავლებელი, მატუშკა მარია ნიკალაევნა

– ამ გამოკეტილ ცხოვრებაში რა უნდა იყოს ჩემი ჰობი ლიტერატურისა და კულინარიის გარდა?!
– წერთ ლექსებს და ნოველებს. როგორ ცხოვრობდით კორონავირუსის დროს სხვა ქართველებთან ერთად?
– დიახ, ბავშვობიდან ვწერდი ლექსებს, პაროდიებს, მქონდა ჩემეული ჩანახატებიც, მაგრამ შვილთა სიმრავლემ და გადატვირთული ცხოვრების წესმა ვეღარ მოიცალა კალმისთვის, მაგრამ ემიგრაციამ მომცა საშუალება, გამეგრძელებინა გრძნობების კალამზე აკინძვა და იმდენად გავკადნიერდი,  მალე წიგნადაც გამოიცემა ჩემი ლექსები და ნოველები. თუმცა მე დილეტანტი ვარ ამ სფეროში, მაგრამ ოჯახის სამახსოვროდ მაინც გავბედე ამ ნაბიჯის გადადგმა.
სხვათა შორის, პირველ ემიგრანტულ ჟურნალში, „ემიგრანტის ხმა“, რომელიც ნიუ-იორკში გამოიცა, ჩემ მიერ შექმნილი სამოსიც და ლექსიც არის დაბეჭდილი, რომელიც ჩემს ემიგრანტ შვილზე ერთი ამოსუნთქვით დავწერე, სათაურით – „არ გადავაჯიშებ ჩემს შვილს ევროპელად“!
გავიდა წლები და მე ვხარობ, რადგან მეოთხე შვილს ემიგრაციაში კვლავ ქართული სულით ვზრდი, რომელსაც უზომოდ უნდა საქართველოში ცხოვრება თავის დედმამიშვილებთან ერთად..
ვირუსის სინდრომით გამოკეტილ სამყაროს ვერ დავმორჩილდი, არ შემიწყვეტია აქტიური ცხოვრება, არც სტუმარ-მასპინძლობა, ამასობაში ბევრი საინტერესო ხელნაკეთი ნივთიც შევქმენი გაზეთებისგან, რაშიც ქართული სული გავაცოცხლე და ამით ვბედნიერობ. მათ შორისაა ნიკორწმინდის ტაძარი, აკვანი, ურემი, ქვევრი,  ჭა, ღვინის დეკორატიული ბოთლები ვაზის მტევნებით, ღვთისმშობლის ხატი შუშის თვლებით გამშვენებული…
ზამთარის მონატრების გამო მალე დავასრულებ გაზეთებით შექმნილ  იმერული კარ-მიდამოს  მაკეტს თოვლით დაფიფქულს ყინულის ლოლოებითურთ. ვინაიდან ჩემი გამოფენა პანდემიის გამო გადაიდო 30 სექტემბრისთვის, ამიტომ სიურპრიზად დავიტოვებ იმ ნამუშევართა სიას, რაც ჯერ არსად გამიმჟღავნებია.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, აქტუალური, პირველ რიგში, სამშობლოში დაბრუნებაა, რაც შორეულ პერსპექტივად მეჩვენება ისევ დიდი ვალის გამო.  თუმცა  თუ კვლავ დარჩენა მომიწევს, ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩემს მიერ შექმნილი თოჯინების გამოყენებით ჩამოვაყალიბო საბავშვო თოჯინების თეატრი, სადაც იტალიურ თუ ქართულ ენებზე წარმოდგენებს გავმართავთ პატარა ანგელოზებთან ერთად. ვოცნებობ ჩემი საკუთარი ხელოვნების სკოლა ოდესმე გავხსნა, სადაც მომავალ თაობებს შევასწავლი გამოყენებითი ხელოვნების ნებისმიერ ჟანრს, რაც ბავშვებს, აღზრდის პროცესში, საუკეთესო პიროვნების ჩამოყალიბებაშიც დაეხმარებათ.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები