აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორის, კრისტოფერ რეის განცხადებით, კონტრდაზვერვითი უწყება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე უცხო ქვეყნის შესაძლო ჩარევის ვერსიის გამოძიებას დაიწყებს.
“ადრე ვაკვირდებოდით, როგორ ცდილობდა სხვადასხვა უცხოელი მოწინააღმდეგე ჩვენს ქვეყანაში დაპირისპირების გაძლიერებას სახელმწიფო მედიისა და სოციალური ქსელების გამოყენებით. ზოგჯერ საუბარია პროპაგანდაზე, ზოგჯერ – დეზინფორმაციაზე. ყურადღებით ვსწავლობთ მოვლენებში უცხო ქვეყნის შესაძლო ჩარევის საკითხს”, – აღნიშნა რეიმ Fox News-თან ინტერვიუში.
ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორს უცხო ქვეყნების კონკრეტული სტრუქტურები არ დაუსახელებია.
25 მაისს დაკავების დროს აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ აშშ-ის უამრავ ქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არეულობაში გადაიზარდა.
ამერიკელი ექსპერტები, ყოფილი მაღალჩინოსნები მიმდინარე მოვლენებში უცხო ქვეყნის ჩარევა არ გამორიცხავდნენ, კერძოდ, რუსეთის გავლენებს სოციალური ქსელების გამოყენებით.