გიორგი გახარია: ჩვენი ამოცანაა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება; ნატო-ს ძალებთან თავსებადი, მობილური და ეფექტიანი შეიარაღებული ძალების შექმნა
“თავდაცვის მიმართულებით აქტიური ნაბიჯებია გადადგმული და, დღეის მდგომარეობით, თავდაცვის სისტემის თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ნატო-ს ფარგლებში არის ყველაზე ეფექტური და წინ წასულია თანამშრომლობა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ჯარისკაცებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით ბოლო თვეების განმავლობაში უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის ამოცანაა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატო-ს ძალებთან თავსებადი, მობილური, ეფექტიანი შეიარაღებული ძალების შექმნა.
„თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომლის ფარგლებში გადამზადდა 6 ქვეითი ბატალიონი, 3 ბატალიონი გადამზადდება 2021 წელს ბოლომდე – ეს არის ის პროგრამა, რომელიც ქართველ ჯარს ამზადებს ქვეყნის ეფექტური თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად და იმისთვის, რომ იყოს მობილური სწრაფი და ეფექტური. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრულია ინიციატივები, რომელშიც თავდაცვის სამინისტრო არის უაღრესად აქტიური. შემდგომ წლებშიც ეს იქნება კიდევ უფრო ეფექტური, კიდევ უფრო გახშირებული თანამშრომლობა და ერთობლივი წვრთნები. სამხედრო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება თითოეული ჩვენი ჯარისკაცისთვის – ამ მიმართულებით განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, დაწყებული ანაზღაურების გაზრდით, სადაზღვეო პაკეტების გაუმჯობესებით, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი უნიფორმით და, საერთოდ, ინფრასტრუქტურის მოდერნიზებით, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს ყოველდღიური ცხოვრების, ვარჯიშის, შრომის შესაძლებლობას აძლევს ღირსეულ პირობებში და ამისთვის სამინისტრო დღეს სერიოზულ აქტივობებს ატარებს. რა თქმა უნდა, ტექნიკური გადაიარაღება – რაც ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარის ეფექტიანობის გაზრდისთვის, რომელშიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვეხმარებიან”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.