ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „ლეზერნეკზე“ შემეცნებითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი გაიხსნა

   ეროვნული ბიბლიოთეკის ინიცაიტივით და სხვა ორგანიზიაციების დახმარებით, ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „ლეზერნეკზე,“ შემეცნებითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი გაიხსნა. როგორც “კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს თავისუფალ დროს სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშის საშუალება უკვე აქვთ. ცენტრში სამკითხველო კუთხეც ფუნქციონირებს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს, ბიბლიოთეკების ასოციაციის, ეროვნული ბიბლიოთეკისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიხსნა. „ბიბლიოთეკაში“ 31-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობისთვის 300-ზე მეტი წიგნია თავმოყრილი. მათ საშუალება აქვთ, სამხედრო-ისტორიულ, ლიტერატურულ და თეოლოგიურ წიგნებს ადგილზე გაეცნონ, ასევე წასაკითხად საცხოვრებელ კარვებში გაიტანონ. შემეცნებით და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში საველე კინოთეატრიც გაიხსნა. ISAF-ის მისიაში მოსამსახურე ქართველ ჯარისკაცებს საშუალება აქვთ, სხვადასხვა დოკუმენტურ, სამხედრო-ისტორიულ და პატრიოტულ ფილმებს უყურონ. კინოჩვენებებს შემეცნებითი ხასიათი აქვთ. სეანსის ბოლოს პირადი შემადგენლობა ფილმებს სამხედრო კონტექსტში განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები