„ერთი თვე ფანდურთან ერთად ვიძინებდი და ვიღვიძებდი“…

„აქ თუ არ იომე საკუთარ თავთანაც კი, ჩათვალე, რომ დაღუპული ხარ.
ყველა მხარეს ბრძოლა გიწევს, სრულიად მარტოს, ამიტომ უნდა ეძიო საკუთარი თავის გადარჩენის გზა. და მე ვიპოვე ეს გზა – ჩემი ფანდური“…

ასპინძის რაიონში, ერთ პატარა ულამაზეს სოფელ საყუდაბელში იზრდებოდა. მუსიკის და სიმღერის სიყვარული ბავშვობიდან მამამ ჩანერგა, რომელიც ძალიან კარგად მღეროდა და უკრავდა თითქმის ყველა ხალხურ ინსტრუმენტზე.
სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი ლოტბარისა და ქართული ხალხური სიმღერების, საკრავების სპეციალისტის სპეციალობით დაამთავრა.
მიგრაციაში წასვლის ბოლო დღემდე სამსახურში დადიოდ, ამბობს, რომ მოსწავლეების დატოვება საკუთარი შვილების დატოვების მსგავსად გაუჭირდა.
„იტალიაში ჩამოსულს ორი თვის შემდეგ  გამომიგზავნეს ფანდური, რომელიც მთელი ერთი თვე ჩემ გვერდით იძინებდა და იღვიძებდა.
ერთი წლის წინ, ბარიში შემოქმედებითი საღამოც გამართა მეგობრების დახმარებით. ბარიში ქართულ საკვირაო სკოლაშიც მუშაობს, ბავშვებს ქართულ ხალხურ სიმღერებს ასწავლის. – მუსიკოსისა და მომღერლის, ზაირა ნარიმანიძის პერსონა.

ზაირა ნარიმანიძე და მისი მოსწავლე – ელენე ალიმბარაშვილი

– ბავშვობის ყოველი დღე სიურპრიზებით და სილაღით იყო სავსე. 45-კომლიან სოფელში ასამდე ბავშვი ცხოვრობდა, დილიდან დაღამებამდე სოფელში ჟრიამული არ წყდებოდა, ერთი ოჯახივით ვიყავით. ერთმანეთი სუფთა, უანგარო სიყვარულით გვიყვარდა.
გული მწყდება, რომ დღეს ასეთი რამე იშვიათობაა.
– მამამ ჩაგინერგათ მუსიკის სიყვარული. კარგად უკრავდა და მღეროდა ყველა ინსტრუმენტზე. რომელ ინსტრუმენტზე დაკვრა გეხერხებოდათ ყველაზე მეტად?
– როდესაც მამა ნასვამი იყო, ჩემს სახლში დღესასწაული იყო, იშვიათი ბუნების ადამიანი მღეროდა საოცრად, არაამქვეყნიური ხმა ამოსდიოდა.
როგორც კი მის გვერდით მოვხვდებოდი, მეც მასთან ერთად ვმღეროდი.
მამა და მისი მეგობრები ხშირად იკრიბებოდნენ ჩვენთან. მაშინ იწყებოდა ნამდვილი დღესასწაული.
მღეროდნენ, არა კი არ მღეროდნენ, გალობდნენ. ასეთი შერწყმული ხმები იშვიათად მომისმენია.
მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი და გიჟური სურვილი მქონდა, მესწავლა ფანდურზე დაკვრა. ბევრს ვცდილობდი, მაგრამ მისკდებოდა თითები და სისხლი მდიოდა. ამიტომ მამამ იპოვა გამოსავალი, მითხრა, ჯერ ცოცხით ივარჯიშე, რომ თითები მიეჩვიოს და მერე ფანდურზე გადავიდეთო.  სხვათა შორის, ამ ხერხმა გაამართლა.
სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი ლოტბარისა და ქართული ხალხური სიმღერების, საკრავების სპეციალისტის სპეციალობით დაამთავრეთ…

პოეტ ჯანინა ხერგიანთან ერთად

– ბავშვობიდან მინდოდა სპეციალობით მუსიკოსი ვყოფილიყავი და ავისრულე ეს ნატვრა. დავამთავრეთ ზაქარიაძის სახელობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი ლოტბარის სპეციალობით.
ძალიან ცუდ დროს მოგვიწია სტუდენტობამ – 9 აპრილი, ოსეთის, აფხაზეთის ომები, თბილისში სამოქალაქო ომი და ყველაფერი საშინელება იმ წლებში ხდებოდა. მაგრამ  ურთიერთობა მქონდა საოცარ ადამიანებთან, უნიჭიერეს ლექტორებთან.
ყველაზე სასიამოვნოდ მაინც  სახელმწიფო გამოცდების სამზადისი მახსენდება. ვემზადებოდით სალოტბარო გამოცდისთვის და მუშაობამ მოგვიწია ანსამბლ „კელაპტართან“. ეს იყო ნამდვილი სასწაული ერთი წლის განმავლობაში.
და ყველაზე მთავარი, ჩემი ჯგუფის ბავშვები, არ ვიცი, რა ვთქვა, ალბათ დრო არ მეყოფა იმის მოსაყოლად, იმ გაჭირვების პერიოდში, როგორ ვიყავით ერთ მუჭად შეკრულები.  ყველასგან გამორჩეული ძალიან მეგობრული ჯგუფი იყო, დღემდე ვაგრძელებთ ურთიერთობას.
– ანსამბლ „ლილეს“ ხელმძღვანელი იყავით ემიგრანტობამდე…

როზეტა კიტოვანთან ერთად

– წლების განმავლობაში ვმუშაობდი ასპინძაში ფოლკლორის განყოფილების გამგედ. უამრავი აღსაზრდელი, უნიჭიერესი ბავშვები მყავდა, და ჩემი საყვარელი ანსამბლი „ლალე“, რომელთან გატარებული ყოველი წამიც კი მახსოვს.
საოცრებას ახდენდნენ ეს ბავშვები, არ არსებობდა კონკურსი, ფესტივალი, რომ გამარჯვებულები არ დაბრუნებულიყვნენ. ისინი ჩემთვის მარტო მოსწავლეები არ იყვნენ, დღემდე  ჩემი შვილები და მეგობრები არიან,  სიგიჟემდე მენატრებიან.
ემიგრაციაში წასვლის ბოლო დღემდე ჩემს საყვარელ ბავშვებთან გავატარე და დამშვიდობება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო.
– იტალიაში ფანდურიც გვერდით გაქვთ… თქვენი ახალი სიმღერები…

ზაირა ნარიმანიძე და იტალიელი ბებო – ლივი

– როგორც ყველა ემიგრანტი,  მეც ასევე, ეკონომიური კრიზისის გამო ემიგრაციაში აღმოვჩნდი. რა თქმა უნდა, ფანდურის გარეშე…
როდესაც გავაცნობიერე, რომ უკან წლების მანძილზე ვერ დავბრუნდებოდი, დეპრესიაში ჩავვარდი.

აქ თუ არ იომე საკუთარ თავთანაც კი, ჩათვალე, რომ დაღუპული ხარ.
ყველა მხარეს ბრძოლა გიწევს, სრულიად მარტოს, ამიტომ უნდა ეძიო საკუთარი თავის გადარჩენის გზა. და მე ვიპოვე ეს გზა – ჩემი ფანდური.

5 წელია აქ ვარ და ისეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, როგორც მაშინ, როცა ჩემი „გოგო“ ჩამობრძანდა ჩემთან. თავი დავკარგე, არ ვიცი, რას ვაკეთებდი, მთელი ქუჩა მე მიყურებდა.
ერთი თვე ფანდურთან ერთად ვიძინებდი და ვიღვიძებდი. რომ არა ეს, დარწმუნებული ვარ, რაც გავაკეთე, ამდენს ვერ შევძლებდი.

ზაირა ნარიმანიძის სიმღერა.
იხ:
https://www.facebook.com/zaira.narimanidze.9/videos/1161008227592550/

ბარიში ქართულ საკვირაო სკოლაშიც ვმუშაობ, ბავშვებს ქართულ ხალხურ სიმღერებს ვასწავლი. სკოლის დირექტორი ქალბატონი ცინარი ღვალაძეა.
– კორონავირუსის დროს როგორ ცხოვრობდით ? ახალი რა დაიწერა?

ზაირა ნარიმანიძე და პოეტები – ეკა ოთარაშვილი და ეკა თავბერიძე, მაია დემეტრაშვილი და თეკლა.

– რომ არ აღვნიშნო, არ შემიძლია, აქ, ქალაქ ბარიში, უამრავი უნიჭიერესი ადამიანია, პოეტები, მწერლები, მომღერლები… და ჩვენ ვიპოვეთ ერთმანეთი.
თითქმის ყოველ თვე იმართება შემოქმედებითი საღამოები. მუშაობს თეატრალური დასი და ასე შემდეგ.
ჩემი აქ ყოფნის პერიოდში, ჩემი მეგობრების ლექსებზე 9 სიმღერა შევქმენი. ყველა ძალიან მიყვარს.
სამი თვის წინ ახალი სიმღერა დავწერე ჩემი უსაყვარლესი ადამიანის, ინგას ლონდარიძის ლექსზე.  ეს სიმღერა განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან  ძნელბედობის ჟამს შეიქმნა (პანდემიის, კარანტინის დროს)
– ახლა ბარიში რა ვითარებაა კორონავირუსის მხრივ…

პოეტ გიორგი რამაზაშვილის შემოქმედებითი საღამო იტალიაში

– ეს წელი ძალიან ცუდად დაიწყო მსოფლიოსთვის, ემიგრანტებისთვის ხომ საერთოდ. თვეობით ჩავიკეტეთ მოხუცებთან ერთად სახლებში გარეთ გაუსვლელად.
ეს იყო ყველაზე საშინელი რამ, მაგრამ ამ სამმა თვემ  ყველას დაგვანახა,   როგორ ქართველობდა ქართველი.
ვინც ვმუშაობდით, რა გვიშავდა, მაგრამ ვინც არ მუშაობდა და ქირით ცხოვრობდა, უფულოდ განწირულები იყვნენ…
უცებ შეიქმნა დახმარების ჯგუფები, ვინ ფულს კრებდა, ვინ პროდუქტს და ასე გარბოდნენ დილიდან დაღამებამდე ჩვენი გოგო-ბიჭები, რომ ვინმე მშიერი არ დარჩენილიყო, ვინმეს წამალი არ გამოლეოდა.სასწაული საქმეები აკეთეს ჩვენმა ქართველებმა აქ.
ნელ-ნელა სტაბილურდება ვითარება ჩვენს ქალაქში, მაგრამ ვერასოდეს იქნება ძველებურად სიცოცხლით სავსე და ხმაურიანი ქუჩები.

თითქოს 360 გრადუსით ამოტრიალდა ყველაფერი. სიცოცხლის მოყვარული და ფუტკრებივით მოფუსფუსე იტალიელები სრულიად განსხვავებულ, სხვა სამყაროში გადასახლდნენ და სხვა, მათთვის უცხო ცხოვრების ახალ წესებთან ერთად იწყებენ ცხოვრებას.

– იტალიაში თქვენი შემოქმედებითი საღამოც გაიმართა…

როზეტა კიტოვანი, იტალიელი მწერალი – ფრანჩესკო ტრეჩი და ზაირა ნარიმანიძე

– ერთი წლის წინ, ბარიში ჩატარდა ჩემი შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩემი მეგობარი პოეტებიც, ჩემი უსაყვარლესი ადამიანები.
ეს  საღამო დაუვიწყარი იყო. სპეციალურად, დამსწრე საზოგადოებისთვის საქართველოდან მიწა გამოვაგზავნინე და  ნაკურთხი სანთლები ვარძიის დედათა მონასტრიდან.
არასოდეს დამავიწყდება ამდენი ადამიანის ცრემლებით სავსე თვალები, როგორ იხუტებდნენ გულში სამშობლოს მიწას.

არ შემიძლია არ ვთქვა, აქ, იტალიაში, უცხო მიწაზე, უცხო ცის ქვეშ დადის ადამიანი, რომელსაც მხრებით დააქვს საქართველო, მისი წყალობით უამრავმა ადამიანმა გაიცნო საქართველო ლამაზი კუთხით. ეს პიროვნება აქ საოცრებებს ქმნის, თითქმის ყველა კუთხის ეროვნული სამოსი შექმნა, და არა მარტო სამოსი… ეს გახლავთ ქალბატონი როზეტა კიტოვანი. ადამიანი – მოსიარულე სიკეთე.

– ჰობი…

ზაირა ნარიმანიძე და ია მოდებაძე

– როგორც ყველა ადამიანს, მეც მაქვს ჰობი –  მუსიკა და ახლა უკვე დაემატა იტალიური ენის ძალიან კარგად შესწავლა, რადგან  უზომოდ მიყვარს ეს საოცარი ქვეყანა და ეს ხალხი..
შორიდან დანახული საქართველო…
– ამდენი წელია აქ ვარ და ყოველ ღამე სიზმარში საქართველოში ვარ. სულ თვალს ვადევნებ საქართველოს ყოველდღოურობას, უფრო მეტად მტკივა და უფრო მეტად მიხარია, ალბათ ასე ხდება, როცა შორს ხარ შენი ქვეყნიდან. რომ დავბრუნდები, არ ვიცი, როგორ შემეყრება ჩემი ქვეყანა და როგორ შევეყრები მე…
მეშინია, ემოციებისგან გული არ გამისკდეს.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმა უამრავია, რომელსაც, თუ ღმერთმა ინება, ჩემს ქვეყანაში განვახორციელებ,
– რა არის თქვენთვის სიმღერა?
–  სიმღერა ჩემთვის ყველაფერია. ხომ არ შეუძლია ადამიანს ჰაერის გარეშე, ასევე მეც არ შემიძლია სიმღერის, მუსიკის გარეშე ცხოვრება.
– რაზე მუშაობთ ახლა?
–  ამჟამად ვმუშაობ 95 წლის უსაყვარლეს მოხუცთან. უნდა ვთქვა, რომ ძალიან გამიმართლა. ეს ჩემთვის მეორე სამსახურია და ორივეგან ძალიან კარგ ადამიანებთან მოვხვდი. ისინი ახლა ჩემი ოჯახი არიან და ასე იქნება მანამ, სანამ პირში სული მიდგას.
მიყვარს ჩემი მეორე სამშობლო, მიყვარს ჩემი იტალია.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები