ანრი ოხანაშვილი: ჯარიმები ამოქმედდება მაშინ, როდესაც მთავრობა პირბადის ტარების წესს დაადგენს

„ჩვენ მივიღეთ კანონი. ეს კანონი გამოქვეყნდა და იურიდიულად ამოქმედდა. ამავე კანონით მთავრობას დავავალეთ დეტალურად გაწეროს პირბადის ტარების წესი, სივრცე და ისიც, თუ ვის შეეხებათ გამონაკლისები. ეს წესი შემუშავებულია, კიდევ ვამუშავებთ, გამოქვეყნდება და საზოგადოებასაც მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას. კანონი რეალურად იურიდიულ მნიშვნელობას შეიძენს და გამოყენებული იქნება შესაბამისი ორგანოების მხრიდან მხოლოდ მას შემდგომ, როდესაც მთავრობის მიერ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით წესი იქნება გაწერილი “,-ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„საკითხი არის მარტივად. არაფერი საპანიკო არ არის და საკითხი არ დგას ისე, რომ დღეს ვინმეს დააჯარიმებენ. ზოგადად, რეკომენდაცია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებით და ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის, რომ დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადე უნდა ატაროს ყველამ. რაც შეეხება სანქციებს, ლოგიკურია, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული კანონი ამოქმედდა, თუმცა ამ კანონშივე არის დასკვნა გაკეთებული, რომ უნდა შემუშავდეს წესი და ეს კანონი რეალურად იურიდიულ მნიშვნელობას შეიძენს და გამოყენებული იქნება შესაბამისი ორგანოების მხრიდან მხოლოდ მას შემდგომ, როდესაც მთავრობის მიერ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით წესი იქნება გაწერილი. წესზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. შესაბამისად, როდესაც ჩვენს საზოგადოებას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას პირბადის ტარების წესთან დაკავშირებით და თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მხოლოდ ამის შემდგომ იმოქმედებს ის ადმინისტრაციული სანქციები, რომელიც ჩვენ მივიღეთ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონის ძალაში შესვლის მიუხედავად, შესაბამისი წესის დამტკიცებამდე, დაჯარიმება არ მოხდება.
„იურიდიული თვალსაზრისით არავის დაჯარიმება არ მოხდება დღეს და ხვალ ამ პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში, ვინაიდან ჯერ წესი არ არის გაწერილი. წესი დამუშავებულია და ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას დეტალურ წესთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდგომ თუ არ მოხდება ამ წესის დაცვა, იქნება შესაბამისი ჯარიმა გამოყენებული. მანამდე, ეს არის რეკომენდაცია და დაჯარიმება არ მოხდება, შესაბამისად, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ გვყავს პაციენტები, არიან ინფიცირებული პირები, რომელთა პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება, ამიტომ, ნუ გარისკავთ ნურავინ საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ვატაროთ ეს პირბადე. ეს ორი დღე, თუნდაც ჯარიმა არ იყოს გათვალისწინებული არ ნიშნავს იმას, რომ პირბადე უნდა მოვიხსნათ დახურულ საჯარო სივრცეებში. მე მჯერა ჩვენი საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობის”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები