„ნატო-სა და ევროკავშირთან სტრატეგიული თანამშრომლობა წარმოადგენს ჩვენი სამინისტროს განვითარების ერთ-ერთ ქვაკუთხედს”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნატო-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
“საქართველო ნატო-ს ყველაზე სანდო მოკავშირეა რეგიონში. ჩვენი ჯარისკაცების დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ ვაგრძელებთ ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას.
დოკუმენტის ყველა ინიციატივა მიმართულია ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების, ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებისა და საქართველოს უსაფრთხოების სექტორის განმტკიცებისაკენ. დოკუმენტი წარმოადგენს ერთ-ერთ მძლავრ პრაქტიკულ მექანიზმს ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება დაუთმო ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში ასოცირების შეთანხმებითა და დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.
„საქართველო აგრძელებს ევროკავშირთან თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს უსაფრთხოების მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.