დაიბადა თბილისში, თუმცა სკოლა საგარეჯოს რაიონში დაამთავრა. 2006 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.
2003-13 წლებში ათობით ჟურნალსა და გაზეთში ეზოთერულ, შეუცნობელ თემატიკაზე წერდა. ბევრი მოიძია და ისწავლა, ძველბერძნული თუ ძველინდური ასტროლოგიით დაწყებული და რიცხვთა სიმბოლიკით, მინერალებით თუ ადამიანების აზრების მართვით დამთავრებული.
ამბობს, რომ ასტროლოგიამ მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა, სხვა ადამიანი გახდა. საკუთარ თავს საქართველოს მესამე თაობის ასტროლოგად მიიჩნევს. ხშირად გვაწვდის ახალი თვის ასტროლოგიურ პროგნოზებსაც.
მისეული პროგნოზით, „კოვიდ 19“–ის საშიშროება, 2020 წლის მეორე ნახევარშიც შენარჩუნდება, თუმცა ამბობას, რომ ნებისმიერ კრიზისს დამარცხებულებთან ერთად ჰყავს გამარჯვებულებიც და „შეეცადეთ, ეს გამარჯვებულები სწორედ თქვენ იყოთ“!
თითქმის 12 წელი ფიქრობდა წიგნზე, რომელიც ადამიანს საკუთარი თავის შემეცნებაში დაეხმარებოდა. 2014 წელს გამოვიდა კიდეც – „წარმატების 365 გასაღები“.
2015 წელს კი გამოიცა მხატვრულ–დოკუმენტური რომანი – „ჩემი ინდური სასწაული“, რომელიც ინდოეთში მის მოგზაურობას ეხება.
არის ორი პოეტური კრებულის – „ლურჯი რვეულისა“ და „მენტალური მისტერიის“ ავტორი.
ასე რომ, ვისაც გაინტერესებთ, რა არის სასწაული, ასევე წარმატების საიდუმლო, როგორ შევცვალოთ ჩვენი თავი უკეთესობისკენ, წაიკითხეთ მწერალ-ეზოთერიკოსის, ასტროლოგისა და პოეტის – რამაზ გიგაურის პერსონა.
– ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი თბილისში, სტუდენტობისას გაიცნეს და დაოჯახდნენ. თუმცა ჩემი დაბადების შემდეგ გადაწყვიტეს საცხოვრებლად საგარეჯოს რაიონში (გიორგიწმინდაში) გადასულიყვნენ. სკოლაც იქ დავამთავრე. დედ-მამა ალერსიანი, თუმცა მკაცრი მშობლები იყვნენ. სხვანაირად არ შეიძლებოდა, რადგან მე ძალიან ცელქი ვიყავი. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სახლში – მშობლებისთვის, ხოლო სკოლაში – მასწავლებლებისთვის ნამდვილი თავის ტკივილის მიზეზი ვიყავი.
ცელქობისგან თავის გატეხვა, ხელის ორჯერ მოტეხვა, უამრავი ტრავმა უკავშირდება ჩემს ბავშვობას. უნდა ვაღიარო, რომ ეს ჩემი მაძიებელი და მოუსვენარი ხასიათის ბრალი იყო.
მე ე. წ. „ძნელად აღსაზრდელი“ ბავშვი ვიყავი, ამიტომ ჩემი მშობლები და ჩემი მასწავლებლები პრინციპულად, თუმცა ერთგვარი სიფრთხილით ცდილობდნენ ჩემს კალაპოტში მოქცევას.
მე მადლიერი ვარ ჩემი მშობლების და ჩემი სკოლის მასწავლებლების, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემგან ადამიანი დამდგარიყო. უნდა ვთქვა, რომ მათ ეს მოახერხეს.
– პროფესიით რეჟისორი ხართ. რატომ გადაწყვიტეთ კინოსარეჟისოროზე ჩაბარება?
– კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაბარებამდე იყო საკუთარი თავის ძიების რთული გზა. ამ გზამ ბევრი რამ მასწავლა, მათ შორის ცხოვრების რთული კანონები, რომლებიც ფიზიკურ სამყაროში შეუბრალებლად და სასტიკად მოქმედებს. საერთოდ, ამ კანონების შესწავლას საკუთარი თავის მართვა მოჰყვება, რაც, თავის მხრივ, ადამიანს ბევრი რამის მართვას ასწავლის. ჩემთან ეს 25 წლის ასაკში მოხდა. ბევრი რამ გადატრიალდა. გადავწყვიტე, ბევრი რამ ახლიდან დამეწყო და ერთ-ერთი იყო კინორეჟისურის შესწავლა.
ამისთვის კი, ყოველგვარი მომზადების გარეშე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადავწყვიტე, თანაც სახელმწიფო სექტორზე, რადგან მე არ მქონდა იმის საშუალება, რომ ფული გადამეხადა. ეს შევძელი.
რატომ ჩავაბარე? ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარდა და მიყვარს კინო ახლაც. ეს არის მაგიური სამყარო. მიუხედავად იმისა, რომ თეატრიც მაგიაა, კინოს საერთოდ სხვა მაგია აქვს და ამ მაგიის შესწავლა მინდოდა.
კინო რეალურად – დროის მართვაა. მას აქვს ერთი საოცარი ხერხი, რომელსაც მონტაჟი ეწოდება. ეს განცდა ჩემში ბავშვობიდან იყო. საოცრად მიყვარდა ხოლმე იმის წარმოდგენა, თუ როგორი იქნებოდა რომელიმე მოხუცი ადამიანი ბავშვობაში, ან პირიქით, რომელიმე ბავშვს წარმოვიდგენდი, როგორც მოხუცს. ეს იყო წარმოსახვით თამაში. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე კინოს გადაღება, თუმცა იქ მიღებული ცოდნა დამეხმარა მწერლობაში და, საერთოდ, ცხოვრებაში. კინო-ცოდნა მივიღე დავით ნაცვლიშვილისგან, რომელიც ჩემი რეჟისურის ლექტორი იყო, მაგრამ შეიძლება მას ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი გურუც ვუწოდო.
– როდის დაიწყეთ ასტროლოგიით გატაცება?
– ჩემი პირველი შეხება ასტროლოგიასთან იყო 1988 წელს, როდესაც მამაჩემმა რუსეთიდან ფოტოქაღალდზე დაბეჭდილი ასტროლოგიური კალენდარი ჩამოიტანა. ჩემთვის შოკი იყო იმის გაგება, რომ ვიღაც უცხო ადამიანი ზუსტად წერს იმას, თუ როგორი ვიყავი მე შინაგანად. თუმცა სიღრმისეულად უკვე გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში დავიწყე.
მე ჩემს თავს საქართველოს მესამე თაობის ასტროლოგს ვუწოდებ. პირველ თაობად ჯონდო ტუხაშვილს ვთვლი, მეორე თაობად მამაჩემის ასაკის ადამიანებს, რომლებიც ერთი ხელის თითებზე დაითვლება. პროფესიული ასტროლოგიის შესწავლა ჩემით დავიწყე – ე. წ. „ამერიკული სკოლის“ ლიტერატურით. შემდეგ კი იყო ჯონდო ტუხაშვილთან მოწაფეობის პერიოდი. ეს გაგრძელდა ხუთი წელი. მადლიერი ვარ მისი. ის იყო მკაცრი მასწავლებელი, მაგრამ მისგან მიღებული გაკვეთილები დამეხმარა ბევრი რამის გააზრებაში.
– რა შეცვალა თქვენში ასტროლოგიამ?
– ფაქტობრივად – ყველაფერი. მე სხვა ადამიანი გავხდი. ცხადია, ადამიანებს, რომლებსაც არ ესმით ასტროლოგია, მზად არიან, გააკრიტიკონ ან დასცინონ ასტროლოგიას იმ ზედაპირული წარმოდგენებით, რაც მათ ასტროლოგიაზე აქვთ. ეს იგივეა, მე არ მესმოდეს კვანტური ფიზიკა, წარმოდგენა არ მქონდეს მასზე, მაგრამ უარვყო ის.
ასტროლოგია ბევრად ღრმა და საინტერესოა, ვიდრე ის ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ასტროლოგია – მიშელ ნოსტრადამუსის, ჟან-ბატისტ მორინუსის, იოჰან კეპლერის და უილიამ ლილის სამყაროა. ეს „კლასიკურ ასტროლოგიად“ ითვლება და მე სწორედ ამ მიმართულების მიმდევარი ვარ. იოჰან კეპლერი წერს: „ასტროლოგია – მთელი სამყაროს სტრუქტურების ურთიერთდამოკიდებულების შესწავლაა, რომლებიც ირეკლება ადამიანთა გულებში და ყოველივეში, რაც დედამიწაზე ხდება“.
– გაზეთებსა და ჟურნალებშიც მუშაობდით. რას გაიხსენებთ იმ პერიოდიდან?
– ეს იყო 2003-13 წლებში. ვწერდი ათობით ჟურნალსა და გაზეთში და ცხადია, ვწერდი ეზოთერულ, შეუცნობელ თემატიკაზე. შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროს ყველა მიმართულებით ბევრი ვეძიე, ვიკითხე და ვწერე. ძველბერძნული თუ ძველინდური ასტროლოგიით დაწყებული და რიცხვთა სიმბოლიკით, მინერალებით თუ ადამიანების აზრების მართვით დამთავრებული.
ამ სფეროში კიდევ ერთი გურუ მყავს – თამაზ ცერცვაძე. ის ჩვენი გაზეთის – „ყველა სიახლის“ რედაქტორი იყო. ეს ადამიანი ჩემთვის პროფესიონალიზმის უმაღლესი გამოვლენაა და მასზე დაკვირვებამ მასწავლა, როგორც შეიძლება ურთულეს თემებზე აბსოლუტურად გასაგებად წერო.
– ხართ წიგნის – „წარმატების 365 გასაღების“ ავტორი. დღეს ბევრს აინტერესებს საიდუმლო იმისა, თუ როგორ უნდა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება და მივაღწიოთ წარმატებას…
– მსგავს წიგნზე თორმეტი წელი ვფიქრობდი. სადღაც 2001 წლიდან დავიწყე ფიქრი, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო წიგნი, რომელსაც დავწერდი და რომელიც ადამიანს საკუთარი თავის შემეცნებაში დაეხმარებოდა.
2012 წელს გამოვიდა ჩემი პირველი წიგნი – „ლურჯი რვეული“. ეს იყო ჩემი ლექსების კრებული. მისმა გამოცემამ უდიდესი სტიმული მომცა. ეს გახდა ჩემთვის ის მაგიური გასაღები, რომელმაც რაღაც გახსნა ჩემში და მიბიძგა, ბოლოსდაბოლოს დამეწყო წიგნზე მუშაობა. თუმცა თავდაპირველად ჩაფიქრებული მქონდა წიგნი, რომელშიც 33 თავი იქნებოდა და დაუკავშირდებოდა ქართულ ანბანს. მას საერთოდ სხვა სათაური ჰქონდა – „ადამიანური ალქიმია“. წიგნზე მუშაობისას მივხვდი, თითოეული თავი უნდა დამეყო ნაწილებად, რომ ადამიანებს აღქმა გაადვილებოდათ, თუმცა შემდგომ ეს ნაწილები იქცა ახალ თავებად და წიგნის მოცულობა თვალსა და ხელს შუა გაიზარდა. ძალიან მალე მივხვდი, რომ თავების რაოდენობა 365უნდა ყოფილიყო.
ეს არის მზის სოლარული წრე. ეს არის იმ დღეების რაოდენობა, რომელსაც მზე უნაკო წელში გაივლის. ეს ერთგვარი ჯადოსნური რიცხვია. ერთგვარი სასრულია, დასრულებული ციკლია. შემდგომ უკვე მივხვდი, რომ სათაურიც ნათელი და მკაფიო უნდა ყოფილიყო. ასე დაიბადა სათაურიც – „წარმატების 365 გასაღები“.
რაც შეეხება წარმატების საიდუმლოს – ის ჩვენშია. ეს საიდუმლო თითოეულ ჩვენგანში ჩადო სწორედ მან, ვინც სული შთაგვბერა. ადამიანი მიკროკოსმოსია, ანუ მაკროკოსმოსის მინიატურული ფორმა. ჩვენში ღვთის სულია და ეს უდიდეს პოტენციალს გვანიჭებს. ამის გაცნობიერებაა საჭირო.
– სამოგზაურო რომანი – „ჩემი ინდური სასწაული“ ინდოეთში მოგზაურობაზეა. ამ წიგნით ადამიანებს სასწაულების რწმენა მიეცით, რომ სასწაული ხდება, მთავარია, მისი დანახვა შეგვეძლოს. პირადად თქვენთვის, რა არის სასწაული?
– ეს წიგნი 2014 წელს დავწერე და 2015 წელს გამოიცა. ის ჩემს მეგობრებს – თეა გოგუაძეს და ალექსი სოკოლოვს ეძღვნება. მათი მეშვეობით ისე ვიმოგზაურე ინდოეთში, რომ ამაში ერთი ცენტიც კი არ გადამიხდია. მათ ჩემს ვიზუალიზაციას, მემოგზაურა ინდოეთში, ხორცი შეასხეს. ფაქტობრივად, ეს ჩემთვის სასწაული იყო და წიგნს ასევე დავარქვი – „ჩემი ინდური სასწაული“.
ამ წიგნის ერთ-ერთი გზავნილი ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებია: „სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს, არამედ ჩვენს წარმოდგენას მასზე“.
რაც შეეხება ჩემთვის სასწაულს – ეს სიცოცხლეა. ხეზე კვირტის გაშლა თუ ადამიანის ჩასახვა-დაბადება სასწაულია. თითოეული ადამიანის ამქვეყნად მოვლენაში სამი ძალა, სამი ენერგია მონაწილეობს – დედა, მამა და ღმერთი. სიცოცხლეზე დიდი სასწაული არ არსებობს. ჩვენ უნდა დავიჯეროთ სასწაულის, რადგან ის იქ ხდება, სადაც მისი სჯერათ.
– „ჩვენ გვცვლიან ადამიანები და წიგნები“ – თქვენი სიტყვებია. თქვენზე ამ მხრივ ვინ და რამ მოახდინა ზემოქმედება?
– დიახ, ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი „სლოგანია“, ერთგვარი გზავნილი. ჩვენ სკოლაში მასწავლებლები წიგნების მეშვეობით გვასწავლიან, ინსტიტუტში – ლექტორები ასევე წიგნების მეშვეობით. შემდგომ, ცხოვრებაში უკვე გვიჭირს, რადგან ჩვენ ვერავინ გვასწავლის ცხოვრებას. იშვიათია ასეთი ადამიანები და იშვიათია წიგნები, რომლებიც გვასწავლიან ცხოვრებას. მაგალითად, შეუძლია ვინმეს სკოლაში ან ინსტიტუტში გვასწავლოს, როგორ ვიყოთ ბედნიერები, გავხდეთ წარმატებულები, გამოვიმუშავოთ მეტი ფული, მოვაგვაროთ კრიზისები, დავძლიოთ სტრესული სიტუაციები, გადავლახოთ წინაღობები, გადავიხადოთ ვალები?! არა, ეს არ შეუძლიათ. არადა, ესაა ამ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი და ხშირად უფრო მეტად საჭიროც კი, ვიდრე პითაგორას თეორემის, წყლის ქიმიური ფორმულის ან იმ თარიღის ცოდნა, თუ როდის აიღეს ოსმალებმა კონსტანტინეპოლი.
ჩვენზე გავლენას ახდენს ყველა და ყველაფერი. ჩვენ ამ „გავლენების“ ჯამი ვართ. ეს იწყება ჯერ კიდევ დედის მუცელში ყოფნისას და გრძელდება იქამდე, სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ. ჩვენზე ყველაფერი გავლენას ახდენს ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, რასაც ვხედავთ, გვესმის, ვგრძნობთ… უბრალოდ, ზოგი ახერხებს ამ გავლენებისგან (ინგრედიენტებისგან) გემრიელი კერძის მომზადებას, ზოგი კი ამას ვერ ახერხებს და „შიმშილით“ იტანჯება.
მე ამას ვუწოდებ რკინისგან ფოლადის მიღებას. ჩვენ ოთხი სტიქიისგან შევდგებით. ეს არის ცეცხლი, მიწა, ჰაერი და წყალი. როდესაც ჩვენ შევძლებთ ამ სტიქიებით ჩვენი შინაგანი რკინა ფოლადად ისე გადავადნოთ, რომ ჩვენი თავი არ დავკარგოთ, მაშინ ბევრი რამ ჩვენთვის გასაგები გახდება და ეს დაგვამშვიდებს და გაგვახარებს.
მე ცხოვრების მასწავლებლებს ვუწოდებ ადამიანებს და მოვლენებს, სულ ერთია, ეს ადამიანი ჩემი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე იყო ჩემი მასწავლებელი, მეგობარი, ნაცნობი თუ მტერი. ჩვენ წიგნები და ადამიანები გვცვლიან. ხომ გახსოვთ გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“: „ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი“.
– კორონავირუსი – ახალი წელი დაიწყო მზის და მთვარის დაბნელებებს შორის. ამ დროს წარმოიქმნა კორონავირუსი. რა ვითარება იქნება ივნისში ჩვენთან და ვირუსის მეორე და მესამე ტალღა რაზე იქნება დამოკიდებული? საერთოდაც, რას გვიქადის 2020 წლის თეთრი ვირთხის წელიწადი – რა არის თქვენი პოლიტიკურ–საზოგადოებრივი პროგნოზის უმთავრესი გზავნილი?
– 2020 წელი მთლიანად საკმაოდ რთული და კრიზისულია. ამაზე ბევრი ასტროლოგი წერდა და მათ შორის მეც. აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით ყოველ 12 წელში ერთხელ გარკვეული ტენდენციები მეორდება, და თუ გავიხსენებთ, როგორი იყო 2008 წელი მსოფლიოსთვის, ყველაფერი ნათელი გახდება. ეს იყო ფინანსური კრიზისის წელი და 2020-მა წელმაც მოიტანა კრიზისი. 2020 წლის მეორე ნახევარში ცხადია, შენარჩუნდება „კოვიდ 19“-ის საშიშროება, თუმცა ამას დაემატება ფინანსური კრიზისის ალბათობაც და პრინციპში, ამას ასტროლოგიური ცოდნაც აღარ სჭირდება, რომ დავინახოთ. რადგან მსოფლიო ეკონომიკა რამდენიმე თვე თითქმის გაჩერებული იყო.
კიდევ ერთი საფრთხეს, რასაც მე 2020 წლის მეორე ნახევარში ვუშვებ, შეიარაღებული დაპირისპირებაა. თუ გვახსოვს, სწორედ ამით დაიწყო 2020 წელი – ირანისა და ამერიკის დაპირისპირებით. არ მინდა დაკონკრეტება და ნეგატიური პროგნოზის კეთება, თუმცა საფრთხეები 2021 წლის იანვრამდე იარსებებს. რაც შეეხება 2020 წლის ჩემს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროგნოზს, რომელიც 2019 წლის ბოლოს გამოვაქვეყნე, ის შეიძლება მოკლედ ასე გადმოვცეთ: „შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დანაკარგები მინიმუმამდე შეამცირეთ“.
და კიდევ, გახსოვდეთ, ნებისმიერ კრიზისს მხოლოდ დამარცხებულები არ ჰყავს, მას აგრეთვე ჰყავს გამარჯვებულებიც და შეეცადეთ, ეს გამარჯვებულები სწორედ თქვენ იყოთ“!
– 2018 წელს გამოვიდა თქვენი ახალი პოეტური კრებული „მენტალური მისტერია“. რას ნიშნავს თქვენთვის პოეზია?
– პოეზია ჩემი ბავშვობაა. ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინეს მამაჩემის მშობლებმა – მათი მეშვეობით მოვხვდი ხევსურული მითოლოგიის, ზღაპრების, მითების, შელოცვების სამყაროში. ლექსიც – სიტყვის ფორმით გადმოცემული სიცოცხლეა. ქართულ ხალხურ პოეზიას ჩემს მასწავლებლად ვთვლი, განსაკუთრებით ხევსურულ საგმირო ეპოსს. ეს პაპაჩემის სამყაროა და ამ დროს მის დიდ ხელებს ვხედავ, ბებიაჩემის ჩუმად წარმოთქმული ლოცვები მესმის. ჩემს ბოლო წიგნშიც „მენტალური მისტერია“ ერთ-ერთი თავი („ხევსურული სკვნილი“) ბებიაჩემსა და პაპაჩემს ეძღვნება. ისინი ფიზიკურად ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ მათი სისხლი არის ჩემში. სისხლი – მეტაფიზიკური მეხსიერებაა, გენეტიკური ჯაჭვია, რომლის მეშვეობით გადაედინება ინფორმაცია ადამიანიდან ადამიანში. ვისაც ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „სისხლი“ წაკითხული აქვთ, ისინი მიხვდებიან, თუ რისი თქმა მინდა.
– მიღებული გაქვთ ჯილდო – მეორე ადგილი და ვერცხლის სერტიფიკატი პროექტში „NX სპიკერი“. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს ჯილდო?
– ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჯილდო 2014 წელს გადმომეცა. ძალიან საინტერესო პროექტი იყო და ორატორების გამოვლენას, მათ წახალისებას უკავშირდებოდა. ამ პროექტისთვის მხოლოდ ერთი ვიდეოს ჩაწერა მოვახერხე. ეს იყო თემა – „პოზიტიური აზროვნება“. მაშინ ჩემთვის ეს სიურპრიზი იყო და ნამდვილად არ მოველოდი სამეულში შესვლასაც კი. როგორც აღმოჩნდა, ეს ვიდეო ბევრ ადამიანს მოეწონა.
– ჰობი…
– უკვე მრავალი წელია, რაც ჩემი ჰობი ჩემს პროფესიაც იქცა. წერა და ასტროლოგია გაერთიანდა ერთმანეთში, შენივთდა და ჩემი ცხოვრება გახდა. ფედერიკო ფელინის ერთ-ერთ ფილმში – „ორკესტრის რეპეტიცია“ ერთ-ერთი პერსონაჟის (მუსიკოსი) შეკითხვაზე, თუ რატომ აირჩია მან ის მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელზეც უკრავს, პასუხობს: „მან თვითონ ამირჩია“.
ეზოთერიზმს ახასიათებს ერთი თვისება, რომელსაც ხშირად ვხვდებით ქართულ ზღაპრებში. ის საიდუმლო, რაც უნდა გაიხსნას და ცხადი გახდეს ადამიანებისთვის, ამ „გამხსნელ“ ადამიანს, გამტარს თვითონ ირჩევს. ეს ადამიანი ქართულ ზღაპრებში ხშირად უმცროსი ძმაა. აქ საჭიროა უანგარობა და გულწრფელობა. სხვანაირად საიდუმლო არ გაუცხადდება ადამიანს. ჩემს ასტროლოგიურ ცოდნას ბევრი ადამიანისთვის მოუტანია სიკეთე. როცა მადლობას მეუბნებიან, მე ვამბობ: მე მხოლოდ გამტარი ვარ, ასე რომ, მადლობა ასტროლოგიას.
ფაქტობრივად, ჰობიც და პროფესიაც ეს არის – ჩემი სიტყვით ადამიანებს დავანახო, რომ სიცოცხლე მშვენიერია და ამაში ასტროლოგია ერთგვარი ჩირაღდანია. ინდოეთში ასტროლოგიას ეწოდება ჯიოტიშა და ეს სანსკრიტზე ითარგმნება, როგორც „ღვთის სინათლე“.
– ოჯახი, მეუღლე, შვილები…
– მყავს მეუღლე – ნატალია და ორი შვილი – მარიამი და რატი. შვილებს ერთმანეთში არ ვარჩევ. ორივეს ერთნაირად ვეფერები და ერთნაირად ვთხოვ პასუხს. მათ ყოველდღე ვაგონებ, რომ თუ რამე მაქვს, ის ზუსტად ორ ნაწილად იყოფა.
ჩემი წიგნი – „წარმატების 365 გასაღები“ ჩემს მეუღლეს და ჩემს შვილებს ეძღვნება, რადგან მიმაჩნია, რომ ისინი არიან ჩემი ყველაზე დიდი წარმატებები. ჩემი მეუღლე ჩემთვის არის არა მხოლოდ საყვარელი ადამიანი, არამედ მეგობარი, პარტნიორი, მრჩეველი და თარჯიმანიც კი.
ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ მაძლევს საშუალებას, ვისწავლო ჩემი მეუღლისგან და შვილებისგან, რომ გავხდე უფრო უკეთესი, მომთმენი, გულისხმიერი, გამგები მეუღლე და მამა.
– სამომავლო გეგმები.
– ჩემი სამომავლო გეგმები – ეს არის ჩემი ახალი წიგნის დასრულება და მაქსიმალურად შევეცდები, ეს 2020 წელს მოხდეს. წინასწარ არ მიყვარს საუბარი, ამიტომ ზედმეტს არაფერს ვიტყვი, თუმცა, ვფიქრობ, საინტერესო წიგნი გამოდის.
თამარ შაიშმელაშვილი