დაიბადა 1975 წლის 6 იანვარს, ხაშურის რაიონში, დაამთავრა ოსიაურის საშუალო სკოლა, შემდეგ – სამედიცინო კოლეჯი, მუშაობს საბავშვო ბაღში, ექთნად.
ერთი წელია, სელის ძაფისგან ულამაზესი ნივთების მოქსოვა დაიწყო და საყვავილეებით, კალათებით, ჩანთებით, ზარდახშებით… ირგვლივ ყველა გააოცა. მეგობრები ოქროსხელებას ეძახიან.
ამბობს, რომ რასაც ქმნის, ყველაფერი ჰობია, მაგრამ ამ მხრივ მუშაობის გაგრძელებას აპირებს. – ნანა ზღუდაძის პერსონა.
– დავიბადე ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურში. ტრადიციულ ოჯახში, ოჯახის წევრები: დედა, მამა, ძმა და ბებია. ყოველი დღე ჩემთვის დასამახსოვრებელი იყო, რადგან მქონდა ბედნიერი, მხიარული და ლაღი ბავშვობა.
საინტერესო იყო ჩემი სკოლის პერიოდი, მყავდა არაჩვეულებრივი კლასელები და სკოლის მეგობრები, რომლებთანაც ვატარებდი შესანიშნავ დროს. მიყვარდა ჰუმანიტარული საგნები.
– სამედიცინო კოლეჯი დაამთავრეთ. რატომ აირჩიეთ სამედიცინო სფერო?
– ვაბარებდი ფილოლოგიურზე, მაგრამ პირველ წელს ვერ მოვხვდი უნივერსიტეტში. შემდეგ დავოჯახდი და გადავწყვიტე, ჩამებარებინა სამედიცინო კოლეჯში.
– სელის ქსოვილს საქართველოში უძველესი ხანიდან ამუშავებდნენ. როდის დაიწყეთ სელის ძაფით ქსოვა?
– ყოველთვის მომწონდა ხელნაკეთი ნივთები, მაგრამ არასდროს გამჩენია გაკეთების სურვილი. მომწონს სელის ძაფის ნაკეთობები და ამიტომ ვიფიქრე, ჩემთვის რაღაც სილამაზეს შევქმნიდი და, მგონი, გამომივიდა. სელზე მუშაობა დიდი ხანი არაა, რაც დავიწყე, დაახლოებით ერთი წლის წინ, პირველად გავაკეთე წყლის წისქვილი.
ინტერნეტში სისტემატურად ვადევნებ თვალს, როგორ კეთდება სხვადასხვა ნივთი, მაგრამ რატომღაც ყურადღება მიიქცია სელის ძაფით ნაქსოვმა ნივთებმა და გადავწყვიტე, მეც მეცადა, პირველი იყო წყლის წისქვილი, რომელიც სელის ძაფით ისეთი გამომივიდა, ვერც წარმოვიდგენდი. ამის მერე გავთამამდი და მოვქსოვე კალათა, რომელიც შედარებით რთული საკეთებელია და ესეც ურიგო არ გამოვიდა. ასე დავიწყე სელზე მუშაობა.
– ამბობთ, რომ თქვენი სიამოვნებისთვის აკეთებთ ამ ნივთებს. თქვენ თვითონ რომელი ნივთი მოგწონთ ყველაზე მეტად?
– რაც სიამოვნებას მანიჭებს, იმ ნივთებს ვაკეთებ, ჩემს სახლს ჩემი შექმნილი ნივთების ნაწილი ამშვენებს, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი პირველად მოქსოვილი ნივთი მიყვარს.
– ულამაზესია თქვენ მიერ მოქსოვილი საყვავილეები, კალათები, ჩანთები, ზარდახშები… თქვენს ამ გატაცებას ძირითად საქმიანობას – ექთნობას როგორ უთავსებთ?
– უფრო მეტად, სამსახურის შემდეგ, ან დასვენების დღეებში ვმუშაობ.
ჩემი პროფესიით კმაყოფილი ვარ იმ მხრივ, რომ ვმუშაობ საბავშვო ბაღში, არაჩვეულებრივ, თბილ და საყვარელ პატარებთან, რომლებიც მიხალისებენ ცხოვრებას. ყოველი დღე თავისებურად საინტერესოა, საინტერესო იყო, როდესაც გადავწყვიტე, რომ მეც ჩემი ხელით შემექმნა საოცრად ლამაზი და საინტერესო ნივთები, რომლებსაც ადრე მხოლოდ სხვის მიერ შექმნილებს ვხედავდი.
საინტერესოა მუშაობის პროცესი, როდესაც სულმოუთმენლად ველოდები დამთავრებას, თუ როგორი გამოვა ჩემი ნახელავი.
– გამორჩეულია მაინც საახალწლო ან სააღდგომო ხელნაკეთი ნივთები…
– როცა ახალი წლისთვის მზადებაა, გინდა, რამე ახალი აქსესუარით შეხვდე ახალ წელს და ამიტომ ჩემი ნაძვის ხის დასამშვენებლად შევქმენი ჩემი ლამაზუკა თაგუნიები. არცერთი ნივთი არ უკავშირდება რაიმე ამბავს, ჩემი სიამოვნებისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს.
იზოლაციის დროს კი რატომღაც გადავედი ცემენტზე და რამდენიმე ეზოს სამშვენისი ნივთი გავაკეთე.
ნივთების რეალიზაციაში, ძირითადად, აქ, ადგილზე, ახლობლები მეხმარებიან.
– მეგობრები ოქროსხელებას გეძახიან, როგორც ხელოვანს…
მეგობრები უფრო აზვიადებენ ალბათ, ოქროსხელებას რომ მეძახიან, მაგრამ ეს მე სტიმულს მაძლევს.
– ოჯახი…
– მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, ორი უსაყვარლესი ვაჟი და პატარა უსაყვარლესი შვილიშვილი.
– სამომავლოდ…
– გეგმები, მინდა გავყვე ამ საქმიანობას და მსურს, მოხდეს ჩემი ნივთების რეალიზაცია, მაგრამ, ჯერჯერობით, თითქოს, არ ჩანს დიდი პერსპექტივა, რადგან ხალხს ეკონომიურად ძალიან უჭირს. იმედი მაქვს, ყველაფერი გამოსწორდება.
თამარ შაიშმელაშვილი