მეუფე შიო დავით გარეჯზე: იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც არის აზერბაიჯანთან და, ამასთან ერთად, სიმართლეც დადგინდება

“იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც არის აზერბაიჯანთან და, ამასთან ერთად, სიმართლეც დადგინდება”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, საზღვრის დადგენის საკითხზე ორმხრივი, ახალი კომისია მუშაობს.

“დღეს ვფიქრობთ იმ ორ მონასტერზე, რომელიც იმყოფება დავით გარეჯის მახლობლად – ეს არის უდაბნო და ჩიჩხიტური. ეს ორი სავანე ისტორიულად ქართული ძეგლია. ღირსი დავით გარეჯელისდროინდელია, მისი და მისი თანამოღვაწეების დაარსებულია. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ იქ ვერ ავდივართ და ვერ ვლოცულობთ, ვერ ვწირავთ. დღეს ჩვენ ვევედრეთ ღირს მამა დავითს, რომ ეს ვითარება მალე შეიცვალოს.

მუშაობს ორმხრივი, ახალი კომისია. იმედი გვაქვს, რომ ეს კომისია უფრო პრინციპული იქნება, ვიდრე – წინა პერიოდში იყო. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც არის აზერბაიჯანთან და, ამასთან ერთად, ეს სიმართლეც დადგინდება”, – განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფე შიო გარეჯობასთან დაკავშირებით დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები