არჩილ თალაკვაძემ და სოფო კილაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „ბავშვის დახმარების ცხელი ხაზის” შესახებ ინფორმაცია გააცნეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გამართეს და მათ „ბავშვის დახმარების ცხელი ხაზის” შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
შეხვედრას ასევე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ხასან ღალილი და ის მოზარდებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ბავშვის კოდექსის შემუშავებაში მიიღეს მონაწილეობა. მათ დიპლომატებს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.
ონლაინშეხვედრაზე ბავშვის დახმარების ცხელი ხაზისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. მათი განცხადებით, ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი – 111, 1 მაისიდან სატესტო რეჟიმში მუშაობდა, დღეიდან კი ის სრული დატვირთვით ამოქმედდება.
არჩილ თალაკვაძემ და სოფო კილაძემ ბავშვიან ოჯახებსა და სახელმწიფო სერვისებს შორის სწრაფი კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ცხელი ხაზის პრინციპი დეტალურად განმარტეს. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა პარლამენტის ჩართულობაზე. სოფო კილაძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ზედამხედველობას უწევს იმას, რომ არსებული სახელმწიფო სერვისების ფარგლებში დახმარება ნამდვილად მივიდეს ბავშვებამდე.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ იმ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ აზარტული თამაშებისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრობლემა, შეეძლებათ, ცხელი ხაზის დახმარებით უფასო მომსახურება მიიღონ ფსიქოლოგებთან. ამას გარდა, კონსულტაცია შეიძლება მიიღონ, ასევე, ასეთი ბავშვების მშობლებმა და ახლობლებმა.
არჩილ თალაკვაძემ და სოფო კილაძემ პროექტის მხარდაჭერისთვის გაერო-ს ბავშვთა ფონდს და მის წარმომადგენელს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს.