საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიეს
საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევის პროცესი დასრულდა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ვასილ როინიშვილი დანიშნა. მას მხარი პლენუმის 18-მა წევრმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო.
ის ამ დრომდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.
საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლის არჩევის საჭიროება იმის გამო დადგა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარე ზაზა თავაძეს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა ეწურება.
საკონსტიტუციო სასამართლო შედგება ცხრა მოსამართლისაგან – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისაგან, რომელთაგან აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი. საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებაში მონაწილეობს საქართველოს სამი უმაღლესი სახელმწიფო ორგანო – საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა 10 წელია. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ შეიძლება, იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.