თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე გაატარა ბავშვობა. პირველი კოსტიუმიც ბავშვობაში გამოჭრა. ადრე დაოჯახდა და ოჯახს მეტი დრო მიჰქონდა. მაშინ ფიქრობდა, რომ ხელოვნება უფრო მეტად ჰობი იყო.
2003 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს, სადაც ბოლოს მაინც ხელოვნების სიყვარული გაუმძაფრდა. საქართველოს ნოსტალგიამ მრავალი საინტერესო ნამუშევარი შეაქმნევინა. ხატავს, ქმნის ხელნაკეთ აქსესუარებს. ტყავით შექმნილმა დახვეწილმა ორიგინალურმა ნამუშევრებმა უკვე დიდი მოწონება და აღიარება მოუტანა.
2018 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების მხატვართა ასოციაციის წევრია, ჰქონდა ორი წარმატებული გამოფენა ბრუკლინში. ახალ გამოფენებსაც გეგმავს, თუმცა პანდემიის გამო ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა.
„ძალიან მინდა, ქართულ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების ერთად თავმოყრა. მინდა სიამოვნება და ბედნიერება მივანიჭო ადამიანებს“. – თამარ (ტომა) შაიშმელაშვილის პერსონა.
– დავიბადე და ბავშვობა გავატარე თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო უბანში, ფიროსმანის ქუჩაზე. ბავშვობის მოგონებებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემთვის თბილისური ურთიერთობებია.
– ხელსაქმე ბავშვობიდან გიტაცებდათ. პირველი ნამუშევრები…
– რა თქმა უნდა, პირველად 10-11 წლის ასაკში მამას გაბარდინის კოსტიუმი ჩუმად ავიღე და დავჭერი, რომ ჩემთვის სამოსი შემეკერა, შეძლებისდაგვარად, გამომივიდა კიდეც და ვფიქრობ, პირველად ჩემი თავიც მაშინ აღმოვაჩინე ამ საქმიანობაში, ამის შემდეგ ვცდილობდი, ყველაფერში გამომეცადა ჩემი თავი და დავიწყე თვითგანვითარება.
– ინჟინერ-პატენტმცოდნე ხართ. რატომ არ გაჰყევით ხელოვნებას?
– იმის გათვალისწინებით, რომ ადრეულ ასაკში დავოჯახდი და დღევანდელობასთან შედარებით ადრეულ წლებში ყველაფერი სხვანაირად იყო, გადავწყვიტე ოჯახისთვის, ასევე შვილის აღზრდისთვის უფრო მეტი დრო დამეთმო. ვფიქრობდი, რომ ხელოვნება ჩემთვის უფრო მეტად ჰობი იყო, ვიდრე სერიოზული პროფესია.
– როგორ დაიხვეწა თქვენი ხელოვნება სხვა ქვეყანაში?
– 2003 წელს წამოვედი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჩემი გემოვნება უფრო დაიხვეწა, თუმცა საქართველოს სიყვარული და მონატრება იმდენად ვიგრძენი, რომ გადავწყვიტე, ეს ჩემს ნამუშევრებშიც ასახულიყო.
– რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით საინტერესო ისტორიით?
– თავისი ისტორიით ჩემთვის გამორჩეულია „ქართველი მოცეკვავე“, რომელიც ჩემი საყვარელი ქართულ-ნაციონალური ანსამბლის, „სუხიშვილების“ შთაგონებით შეიქმნა. დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდი ქართულ მოტივებზე ნამუშევრის შექმნას. საქართველოს კი პირველი, რაც უკავშირდება, ბუნება და ხელოვნებაა.
– ტყავისგან ამზადებთ სხვადასხვა აქსესუარს. კიდევ რა მასალას იყენებთ?
– ტყავის გარდა ვიყენებ სვაროვსკის და ასევე სხვადასხვანაირ ნატურალურ ქვებს, ბეწვს და ჩალას.
როგორც ხელოვანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის აზრია, რომელიც მაძლევს ძალას, ვაკეთო უფრო მეტი. ვფიქრობ, ყველა მნახველი განსხვავდება ერთმანეთისგან, შეხედულებებით და გემოვნებით, ამიტომ ერთ გამორჩეულს კონკრეტულად ვერ დავასახელებ.
– გაქვთ თქვენი ფეისბუქგვერდი – Toma Sh. Leather picture. აქსესუარებისა და ნამუშევრების შეძენა მსურველს თქვენი პირადი სოციალური ქსელების საშუალებით შეუძლია. გამოფენები…
– 3 წელია, მხატვრების ორგანიზაცია „art and craft“-ის წევრი ვარ, რომელიც მეხმარება გამოფენების გამართვაში. რა თქმა უნდა, მაქვს მრავალი გეგმაც, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩემი გეგმების განხორციელება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
– საინტერესოა ტყავისგან ხელნაკეთი თეთრი ცხენი…
– 10 წლის ასაკში ბაბუამ ცხენი მაჩუქა, რომელიც შემდეგ ჩემთვის ყველაზე საყვარელი ცხოველი გახდა. სწორედ მისი შთაგონებით შეიქმნა ეს ნამუშევარი.
– ჰობი…
– ჰობად ვიტყოდი, ტანსაცმლის დიზაინს ვქმნი, თუმცა მხოლოდ ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, საზოგადოებამ ეს არ იცის.
– ოჯახი…
– მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი საქართველოში და ვცდილობ, თავისუფალი დროც სწორედ მათ დავუთმო.
– ვის აქვს საჩუქრად თქვენი ნამუშევრები?
– თითქმის ყველა ჩემთვის საყვარელ ადამიანს აქვს ჩემი ნამუშევარი, ასევე აქვთ ცნობილ ადამიანებსაც, თუნდაც გია ჯაჯანიძეს.
– სამომავლო გეგმები…
– ჩემი გეგმა და ძალიან დიდი სურვილია, ჩემი ნამუშევრები გავაცნო საქართველოს და ასევე სიამოვნება და ბედნიერება მივანიჭო ადამიანებს, რომლებსაც ეს მოსწონთ.
– კარანტინმა როგორ იმოქმედა თქვენზე? ახალი რა შეიქმნა?
– რა თქმა უნდა, კარანტინის დროს ვიჯექი სახლში, დაგეგმილი გამოფენა გადაიდო, მაგრამ ეს დროც გამოვიყენე და თოჯინების ახალი კოლექცია შევქმენი.
თამარ შაიშმელაშვილი