ბავშვობიდან უყვარდა ბუნება და მის შეცნობას ცდილობდა, აგროვებდა ქვებს, ყვავილებს… თუმცა ისე მოხდა, რომ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში მაინც მოგვიანებით ჩააბარა. მას მერე ხატავს, ქმნის დეკორატიულ ნიმუშებს… ათასობით ნამუშევრის ავტორია, უამრავიც გააჩუქა.
27 წლის განმავლობაში სკოლაში სახვითი ხელოვნების მასწავლებლად მუშაობდა. ამჟამად ჩუღურეთის რაიონის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლში მოღვაწეობს. ასწავლის ბავშვებს, ხატავს, ლექსებს წერს…
2 პერსონალური გამოფენის ავტორია; მრავალი გამოფენა–კონკურსის გამარჯვებული, საქველმოქმედო გამოფენებისა და ფესტივალების მონაწილე...
მხატვართა კავშირისა და ფოლკლორის ცენტრის წევრია, ხელსაქმის საგანმანათლებლო საერთაშორისო ასოციაციის ფერწერა–გრაფიკის, მოზაიკის სექტორის მმართველი (დირექტორი). – ხელოვან ნელი არაბულის პერსონა.
– დავიბადე თბილისში, მამის – შალვა გამზაშვილისა და დედის – ვარდო გამზაშვილის მეგობრულ ოჯახში. სახლი, სადაც მე ვიზრდებოდი, კრწანისის ქუჩაზე მდებარეობს, კრწანისის რეზიდენციის მახლობლად. ულამაზესი ხედები იშლება ჩენი სახლის წინ. სახლი ბუნებაშია ჩაფლული. ბაღნარში ვცხოვრობდი. ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. ქარიან ამინდში მიყვარდა ხეზე ასვლა, მომწონდა, ქარი რომ მაქანავებდა და ფოთლების შრიალი მართობდა.
ბავშვები ხშირად ვლაშქრავდით მთებს ვკრეფდით ყვავილებს. ვაკვირდებოდი ყველაფერს. შემეძლო, საათობით მეცქირა ჩემი ინტერესის ობიექტისთვის. მინდოდა გამეგო და ბოლომდე ჩავძიებოდი, რა რა არის, რატომ მოძრაობს…
– როდის მიხვდით, რომ ხატვის და ხელოვნების გარეშე ვერ იცხოვრებდით?
– ვაგროვებდი საინტერესო ფორმის ფესვებს და ქვებს, შემდეგ მოგროვებული მასალით რაღაც საინტერესოს ვქმნიდი, რომელიც ყველას მოსწონდა და შექებას ვიმსახურებდი.
ჩვენს მახლობლად მდებარეობდა ნორჩ ნატურალისტთა რესპუბლიკური სადგური. მე-5 კლასიდან გავწევრიანდი ნორჩ მეყვავილეთა წრეში, სადაც უფრო მეტად გავეცანი ბუნებაში არსებული მცენარეების მოვლას.
ხუთი წლის მანძილზე მრავალი რამ ვისწავლე, რომელსაც ვიყენებ ცხოვრებაში. ბუნებამ მასწავლა ფერისა და ფორმის შეგრძნება, ხასიათის გამოვლენა. მოკლედ რომ ვთქვა, ბუნება ყველაზე უკეთესი მასწავლებელია.
– 90-იანებმა თქვენც შეგაფერხათ… დიდი ოჯახი იყო მისახედი…
– 90-იანი წლები ურთულესი პერიოდი იყო ყველასთვის. იმ სირთულეებმა მასწავლა, თუ როგორ გადმომეცა, რასაც ვგრძნობდი და განვიცდიდი. ტკივილმა და გაჭირვებამ მაიძულა, ფურცლისთვის გამენდო განცდები – ერთადერთი მსმენელი იყო, ბოლომდე მათქმევინებდა სათქმელს, არ მაწყვეტინებდა და არც გადააკეთებდა თქმულს. დრო ფაქტობრივად არ მქონდა – დიდი ოჯახი, მეუღლე, სამი მცირეწლოვანი შვილი, სამსახური… ღამე იყო ჩემი შვება. მე ღამე და ფურცელი, მუზის ტყვეობაში. ხან ვხატავდი, ხანაც ვაშენებდი, ვწერდი.
„როცა დგებოდა ღამე, ხელი კალმისკენ თვითონ იწევდა, ცაზე ნამგალა მთვარე და ვარსკვლავებში სრბოლა მინდოდა”.
– სკოლაში სახვითი ხელოვნების მასწავლებლად მუშაობდით, ლექსებს წერდით, ხატავდით… ამჟამად ჩუღურეთის რაიონის მოსწავლე– ახალგაზრდობის სახლში მოღვაწეობთ…
– 1983 წლიდან ვმუშაობ პედაგოგად.სხვადასხვა საწავლო დაწესებულებაში მომიწია მოღვაწეობა. ჩემს მოსწავლეები მონაწილეობდნენ და იმარჯვებდნენ სხვადასხვა სახის გამოფენებში, რაც ძლიერ მეამაყება.
ახლა ვმუშაობ ჩუღურეთის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, სადაც მრავალი მოსწავლე მყავს. ვცდილობ, მოსწავლეებს ვასწავლო საკუთარი უნარების გამოყენება და ჩავუნერგო საკუთარი თავის შესაძლებლობის რწმენა, რათა შეძლონ თვითრეალიზება. მყავს აბიტურიენტები, რომლებიც მაღალი ქულებით უპრობლემოდ ეწყობიან აკადემიაში და სხვა უმაღლეს სასწავლებელში. მე მეამაყება ჩემი მოსწავლეები.
– გრაფიკულ ნამუშევრებს ქმნით, ასევე დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებს – 3D ეფექტებით…
– ვარ ფერმწერი – გრაფიკოსი. მრავალი გრაფიკული, შავ-თეთრი ნახატი დავხატე. გრაფიკული ნახატების უმრავლესობა.90-იან წლებში ლამპის შუქზე და სიცივეში შევასრულე.
1998 წელს გამოჩნდა ჩემთვის ახალი სახატავი ქაღალდი – კოდაკის ფოტოქაღალდი, რომელიც წამლით იყო გაშავებული და ზედ „ბრიტვით“ ვკაწრავდი. შავი ზედაპირი სამი ფერით იქმნება – ზედა შრე ლურჯია, უფრო ქვემოთ – წითელი და ყვითელი, სათუთი სამუშაოა. თუ კარგად არ იფიქრე, შეიძლება მთელი შრომა წყალში ჩაიყაროს. ასე იქმნება გრაფიტი.
– თქვენი შემოქმედება მრავალფეროვანია. რა მასალას იყენებთ მუშაობისას?
– ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები, მბეზრდება. ამიტომაც არის ჩემი შემოქმედება მრავალფეროვანი. ბუნებაში რაც არსებობს, ნებისმიერი მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო რამ შეიძლება გამოიყენო… მთავარი შთაგონებაა. როდესაც მაკეტებს ვქმნი, ვიყენებ სხვადასხვა მასალას: მუყაოს, კბილის ჩხირს, მარაოს, ხეს, ხის მტვერს, ქვას, ყურძნის ულვაშს და სხვა. საფუძვლად ვიყენებ აბსოლუტურად ყველა ფორმას, რაც მომეწონება.
– შატილი, სვანეთი, ყაზბეგი, კახეთი, ძველი თბილისი… მთელი საქართველო გააცოცხლეთ…
– ჩემი შთაგონების წყარო ჩემი საქართველოა. ამიტომაც ვქმნი საქართველოს ულამაზესი კუთხეების დამახასიათებელ კომპოზიციებს. მომწონს სვანური და თუშური კოშკები. ავაშენე სოფლები – შატილი, უშგული… დართლო დავიწყე და ჯერ არ დამისრულებია. ყველას დიდი სიამოვნებით ვაკეთებ, მაგრამ ჩემი თბილისი ყველაზე მეტად მიყვარს.
– სწორედ თბილისია გამოსახული დეკორატიულ ღვინის ბოთლებსა და ყანწებზე…
– თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მთელი თბილისი ფეხით მაქვს შემოვლილი. ვაკვირდებოდი სახლების სტრუქტურას, აივნების რიკულებსა და ორნამენტებს. მოდერნისტულ შენობებს ჰგავს. ეს ყველაფერი იმდენად მომწონს და მიყვარს, რომ მათი შენება ყველანაირ ფორმაზე დავიწყე – ბოთლებზე, დოქებზე, ყანწებზე… მთავარია, მასალას ხელი მოვკიდო, დანარჩენი ფანტაზიის საქმეა, სად რას და როგორ ავაშენებ…
– უამრავი ნამუშევარი გააჩუქეთ. პატრიარქსაც აქვს თქვენი ნამუშევარი…
– მრავალ ცნობად ადამიანს აქვს ჩემი ნაკეთობა, მაგრამ ყოველთვის მაგონდება, როგორ ამოიცნო უწმინდესმა მრავალ ნამუშევარს შორის მისთვის განკუთვნილი საჩუქარი – კომპოზიცია „ნარიყალა“, რომელიც გადავეცი მას დაბადებიდან 75 და აღსაყდრებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე სამების საკათედრო ტაძარში.
– კარანტინი და ხელოვნება. რამდენად ინტენსიურად იმუშავეთ?
– კარანტინი საშინლად მოქმედებს ადამიანის თავისუფალ ნებაზე, მაგრამ ბუნებით ხელოვანს არ გამჭირვებია, რადგან სახლთან ახლოს ნაკვეთში უამრავი რამ იყო საკეთებელი. თესვის მომენტს თუ გაუშვებ ხელიდან, ვერაფერს მოიმკი.
მიყვარს მიწა, ამოტრიალებული ბელტის სურნელი, გაზაფხულის სურნელს რომ ერწყმის, წვიმის შემდეგ ჩიტების გალობა. სახლში ყოფნის დროს საოჯახო საქმის შემდეგ ვიწყებ ხატვას.
კარანტინის დროს ახალ კომპოზიციაზე ვმუშაობ. 2007 წელს ლექსი დავწერე და ყოველთვის თან დამყვებოდა… ვიცი, სანამ ტილოზე სანამ არ გადავიტან და არ დავასრულებ, თავს არ დამანებებს. დავიწყე კიდეც ეს ტილო – კლდეში თლილი საქართველოს ულამაზესი ძეგლები, რომელიც იყო ერთობის, ერთსულოვნების და თავდაცვის საუკეთესო კერა. მტერი ვერას აკლებდა ერს.
ქართული ენა, „დედაენა“ ოქროს საწმისია. საქართველოში ქართული ენის ცოდნა ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს! ყველამ, ვინც აქ ცხოვრობს, პატივი უნდა სცეს ჩვენს ენას, მამულს და სარწმუნოებას. ჩვენი სარჩო და საბადებელი ჩვენი ხელით უნდა შევქმნათ და ისევ დაგვიბრუნდება ძველი, უშფოთველი ყოფა. ყველა გარბის საქართველოდან, ვის უტოვებენ საკუთარ საგანძურს?! ჩვენმა წინაპრებმა აქამდე მოგვიყვანეს და ახლა ჯერი ჩვენზეა.
აი, ეს ლექსი:
საუკუნოდ კლდეში თლილა,
უფლისციხე და ვარძია.
ქვის ცივ გულში, მრავალ ქართველს
თბილი კერა უპოვია.
კლდე ძიძობდა, მფარველობდა,
ნისლი საბანს აფარებდა,
მტკვარი ნანასა უმღეროდა
ერს, სამშობლოს აყვარებდა!
არწივები ქარაფიდან მაღლა
ზეცად აფრენილან,
სიმამაცით მტერს შიშს ჰგვრიდნენ,
ერთი ასზე დაცემულა.
მთის კალთები დაცხრილულა,
ერი მტრისგან გაცხრილულა,
საუკუნოდ კლდეში თლილა
უფლისციხე და ვარძია!
2007 წელი.
– როგორ გამოძერწეთ ვაზის ფესვით ვაჟა-ფშაველა?
– ვაზის ძირი ერთმა ჩემთვის უცნობმა პიროვნებამ მაჩუქა. მას სჯეროდა, რომ მე უკეთეს რაიმეს შევქმნიდი. ფესვს ზედმეტი ნაწილები მოვაშორე და მთლიანობაში ორბს დაემსგავსა, რომელსაც თვალი მთის ბროლის აქვს. შემდეგ ხის მტვრით გამოვძერწე ვაჟას პორტრეტი. უკანა მხარეს ხმელი წიფლის ქვეშ შვლის ნუკრის გამოსახულებაა. ამ კომპოზიციის სახელწოდებაა „ჩემი ვაჟა“.
– „წმინდა ოჯახი გამოქვაბულში“, ნიჟარაში უშობი მარგალიტებია …
– 15 წლის წინ ვიყიდე ნიჟარები, რომლებშიც უშობი მარგალიტები იყო. დათვალიერების შემდეგ მათში სხვადასხვა კომპოზიცია აღმოვაჩინე. ერთ-ერთია „წმინდა ოჯახი“. გამოქვაბულში დედა შვილებთან ერთადაა… მათთან სხვადასხვა ფრინველს მოუყრია თავი, შორიდან კი მათკენ მოფრინავს ანგელოზი.
– ჰობი…
– ბუნებაში სეირნობა და ტყის ხმაურის მოსმენა.
– მეუღლე, შვილები…
– მეუღლე – რევაზ არაბული, შვილები: მაია, ირინე და ზურაბი. მყავს 8 შვილივილი, 7 ბიჭი და ერთი გოგო.
– მრავალი გამოფენა–კონკურსის გამარჯვებული, საქველმოქმედო გამოფენებისა და ფესტივალების მონაწილე ხართ...
– ვარ მხატვართა კავშირისა და ფოლკლორის ცენტრის წევრი, ხელსაქმის საგანმანათლებლო საერთაშორისო ასოციაციის ფერწერა–გრაფიკის, მოზაიკის სექტორის მმართველი (დირექტორი).
მომავალშიც ვგეგმავთ სხვადასხვა ეპარქიაში გამოფენებს. მქონდა 2 პერსონალური გამოფენა და მომავალშიც გავმართავ. მთავარია, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე. შორს პანდემია.
თამარ შაიშმელაშვილი