მამუკა სალუქვაძე: კორონამ თუ არ მოგვკლა, ეს ჩვენი “ჩანჩურა პოლიტიკოსები” მოგვკლავენ
“გეხვეწებით, დაგვიბრუნეთ ის სამშობლო, რომელსაც აწმყო კვლავაც არ სწყალობს, მაგრამ მომავალი რომ ნამდვილად მისია…”-ამის შესახებ ურბანისტი მამუკა სალუქვაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
“კორონამ თუ არ მოგვკლა, ეს ჩვენი “ჩანჩურა პოლიტიკოსები” მოგვკლავენ. რომ მამუნათებენ ეს ტელევიზიები, თქვენ შეკვეთას ვასრულებთო, არ შემიკვეთია ძმაო ეს ხალხი და არც ამათი “ბრძნული აზრების”, “ჭკუის დარიგებების” და მერე, ერთმანეთის ლანძღვისა და გინების მოსასმენად არ მიყიდია ეს ჯანდაბა SAMSUNG-ის ტელევიზორი, თავის დროზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრად უფრო დახვეწილი გემოვნება მაქვს, ამიტომ, კეთილი ინებეთ და აჩვენეთ ფანტასტიური ქართული ფილმები ოქროს არქივიდან, მოგვასმენინეთ ჩვენი კლასიკოსების გენიალური ლექსები და პროზაული ნაწარმოებები, გვანახეთ მივიწყებული და ერთ დროს ძალიან პოპულარული სატელევიზიო სპექტაკლები, ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს მოასმენინეთ მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, აკაკი ბაქრაძის და სხვა, სულით ხორცამდე პატრიოტი საზოგადო მოღვაწეების გამოსვლები…დაუბრუნეთ ხალხს სამშობლოს სიყვარულის განცდა, აღმოაჩენინეთ ახალგაზრდებს ნამდვილი საქართველო, თავის გმირული წარსულით და ჩაუსახეთ მომავლის იმედი. არ მინდა თურქული სერიალები, არ მინდა ყოველდღე მატყუარა პოლიტიკოსები, არ მინდა მლიქვნელობისა თუ სიცრუის ტირაჟირება, არ მინდა, “ყოველთვის ობიექტური” და “ყოველთვის მართლის მთქმელი” ტელევიზიები, ერთ ავარიას და ფეხის გადაბრუნებას რომ არ გამოტოვებენ და სიხარულით დუჟმორეულები, კივილით რომ ჩამჩხავლებენ ამას დილა-საღამოს. გეხვეწებით, დაგვიბრუნეთ ის სამშობლო, რომელსაც აწმყო კვლავაც არ სწყალობს, მაგრამ მომავალი რომ ნამდვილად მისია…”-წერს მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში.