ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნების” გუნდმა საზოგადოების წინაშე ოპერატიული მოქმედების, გადაწყვეტილებების ეფექტიანად და სწრაფად მიღების ტესტი ჩააბარა

„ჩვენ მიერ გუშინ გახმოვანებულმა კონკრეტულმა წინადადებამ, რომ ეს იქნებოდა დროებითი ღონისძიება და დამატებით კიდევ იმაზე მითითება, რომ ეს იქნება კონკრეტული ვადით – 15 ივლისამდე შემოფარგლული ღონისძიება, ყოველგვარ სპეკულაციას დაუსვა წერტილი”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების” გუნდმა საზოგადოების წინაშე ოპერატიული მოქმედების, სწრაფი რეაგირების, გადაწყვეტილებების ეფექტიანად და სწრაფად მიღების ტესტი ჩააბარა.

„შედეგი სახეზეა – ჩვენ მაქსიმალურად დავიცავით ჩვენი საზოგადოების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მთავრობამ, ჩვენი გუნდის წევრებმა გაატარეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეეკავებინათ ამ ვირუსის გავრცელება. მთავრობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტი აქტიურად იყო და არის ჩართული ამ პროცესების მართვაში. სწორედ პარლამენტის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ მივიღეთ საგანგებო მდგომარეობის დროს იზოლაციის და კარანტინის მარეგულირებელი წესები და სწორედ ჩვენი დამსახურებაა, რომ პარლამენტი იღებს აღნიშნული საკითხების შემდგომი რეგულირების მექანიზმებს”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ ვინმე რაიმე ფორმით ვინმეს უფლებაში უხეშად ერევა,  წმინდა წყლის სპეკულაციაა.

„ჩვენ შემოვიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში აპრობირებული თანაზომიერების პრინციპი, პროპორციული შეზღუდვა უფლებებში და, რაც მთავარია, დაცული სიკეთე უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე შესაბამის უფლებებში ჩარევის შედეგად შეზღუდული სიკეთე. ჩვენ, ასევე, ინტენსიურად ვიმუშავეთ სახალხო დამცველთან ერთად და გათვალისწინებულია მთელი რიგი რეკომენდაციები”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები