ამირან გამყრელიძე: შეიძლება, დაგვჭირდეს მკაცრი ღონისძიებები, მაგრამ ამისთვის ყოველ წუთში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა არ უნდა გამოცხადდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში გარკვეული პერიოდი კორონავირუსის 5-10-20 შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ამისთვის მუდმივად საგანგებო მდგომარეობა არ უნდა ცხადდებოდეს.

„კორონავირუსი არ გაქრება 23 მაისს, კორონავირუსთან ჩვენ კარგა ხანს მოგვიწევს ყოფნა, სლოგანი „დარჩი სახლში“ თანდათან შეიცვლება – ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით დაგვჭირდება.

შეიძლება, იყოს ცოტა მეტი შემთხვევებიც ამ შემსუბუქების პერიოდში. როცა შეიძლება, დაგჭირდეს ცოტა მკაცრი ღონისძიებები, იგივე ერთი კლასტერის, ერთი სოფლის დროებით ჩაკეტვა, ორი, სამი ხუთი დღით ერთი არიალის ან იმ არიალში გადაადგილების შეზღუდვა, ამისთვის არ უნდა იყოს აუცილებელი, ყოველ წუთში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ოპერატიულად მიიღოს მოკლეხნიანი შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც სწრაფად მოახდენს ლოკალიზებას ინფექციისა და არ მისცემს მას გავრცელების საშუალებას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრი კანონმდებლობაში ამ ტიპის ცვლილებებს მხარს უჭერს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისათვის, ქართული კანონმდებლობის დონეზე ტერმინების – „იზოლაცია“ და „საკარანტინო ღონისძიებები“ განსაზღვრა მოხდება. შესაბამისი ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შედის. ამასთან, კანონპროექტით ზუსტდება, რომ იზოლაციის ან კარანტინის წესით შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც, ამ შემთხვევაში, ამ წესის შემადგენელი ნაწილია. ინიციატორები ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ დ აღნიშნავენ, რომ ამოქმედების დრო დაკავშირებულია არსებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმების დროსთან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები