„ჩვენი ნივთის თითოეული დეტალი შექმნილია ხელით, დიდი შრომით, გემოვნებით და სიყვარულით“…

თბილისში დაიბადა. სკოლასთან ერთად გაიარ სამხატვრო სკოლის ათწლედი. 1995 წელს ჩააბარ სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტზე. აკადემიაში გაიცნო მომავალი მეუღლევასკა სიჭინავა, რომელიც სამრეწველო დიზაინზე სწავლობდა. ამბობს, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ გაჩნდა იდეა, ერთად ემუშავათ შემოქმედებით სფეროში, კერძოდ, მხატვრულ მინაზე.
სახელების ინიციალებისგან შეიქმნა MV დიზაინი. აქვთ მინის მხატვრული დამუშავების არაერთი  საავტორო ტექნოლოგია.
მრავალი პერსონალური და ერთობლივი გამოფენები გამართეს სხვა ხელოვან ადამიანებთან ერთად – საქართველოსა და საზღვარგარეთ.
ჩვენი ნივთის თითოეული დეტალი შექმნილია ხელით, დიდი შრომით, გემოვნებით და სიყვარულით“. – მხატვარ მაიკო კალანდაძის პერსონა.

ბავშვობა, მშობლები… მამა – ზურაბ კალანდაძე შესანიშნავი მხატვარია…
– რაც თავი მახსოვს, ვხატავ. პირველად 2 წლის ვიყავი, ჩემი საყვარელი სათამაშო რომ დავხატე და დედას შენახული ჰქონდა. ხატვის ნიჭი მამისგან გამომყვა. მამა, ზურაბ კალანდაძე, თვითნასწავლი მხატვარია და შესანიშნავ ფერწერულ ტილოებს ქმნის.
7 წლის რომ ვიყავი, მშობლებმა სამხატვრო ათწლედში შემიყვანეს და ისიც სკოლასთან ერთად დავამთავრე, სადაც ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე.
 სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტზე განაგრძეთ სწავლა…
– სამხატვრო სკოლის შემდეგ ჩავაბარე აკადემიაში. საერთოდ, სტუდენტობის წლები ალბათ ყველასთვის კარგია და რაც დრო გადის, უფრო მეტად გენატრება ის პერიოდი. მე ისეთ დროს მომიწია სწავლა, რომ ხატვა, მეტწილად, გაყინულ აუდიტორიაში გვიწევდა. ძალიან მიყვარდა კომპოზიციის ლექციები, სადაც, ნელ-ნელა, მუშაობაში ვხვდებოდი, როგორ მიყალიბდებოდა საკუთარი ხედვა.
– მომავალი მეუღლე აკადემიაში გაიცანით და, ოჯახის შექმნის შემდეგ, ერთობლივად მუშაობდით მინაზე. MV დიზაინი სახელების ინიციალისგან შეიქმნა.
– აკადემიაში გავიცანი მომავალი მეუღლეც, ვასკა სიჭინავა, რომელიც სამრეწველო დიზაინზე სწავლობდა. სტუდენტობის პერიოდში არ გვიფიქრია, ერთად გვემუშავა შემოქმედებით სფეროში, ეს იდეა მომავალში,  როგორც კი შევუღლდით,  მალევე გაჩნდა.
მეუღლის მამა, ბიძინა სიჭინავა, აკადემიაში მინის კათედრაზე მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა, იგი პროფესიონალი მინის სპეციალისტია, არაერთი ტექნოლოგიისა და მიგნების ავტორი, რითაც დამსახურებულად მიიღო ასოცირებული პროფესორის წოდება.
ჩემთვის იმდენად ბევრის მთქმელი იყო ის გარემო, რაც მე გათხოვების შემდეგ დამხვდა მის სახელოსნოში, რომელიც მინა-კერამიკაზე მუშაობისთვის საჭირო დანადგარებით იყო აღჭურვილი, რომ მთლიანად გადავერთე მინაზე მუშაობაზე. ეს ასევე ჩემი მეუღლისთვისაც ძალიან საინტერესო საქმე აღმოჩნდა… და ასე, ჩვენი სახელების ინიციალებისგან შეიქმნა: MV Design & Technology https://www.facebook.com/MV-Design-103495481316171/. მალევე გვქონდა პირველი გამოფენაც.
მხატვრული დამუშავების არაერთი საავტორო ტექნოლოგიის ავტორები ხართ, ორიგინალურ აქსესუარებს, ვიტრაჟებს და სახლის გასაფორმებელ დეკორებს ქმნით. და მაინც, რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით?
– ჩვენთვის ყველა ჩვენი ნამუშევარი ძვირფასია, რადგან თითოეული მათგანის შექმნას თავისი ისტორია გააჩნია. ამიტომ რომელიმე მათგანის გამოყოფა მიჭირს.
– თითოეული ნივთი თუ დეტალი ხელით არის შექმნილი. მოგვიყევით პროცესზე…
– ჯერ იბადება რაღაცა ახლის შექმნის იდეა, იბადება ერთადაც და ცალ-ცალკეც. შემდეგ უკვე მუშაობის პროცესში ხვდები, ზუსტად რა გინდა, რომ გამოვიდეს. მინაზე მუშაობა საკმაოდ შრომატევადი და რთული პროცესია.
– როგორ ცხოვრობთ და ქმნით კარანტინის რეჟიმში?
– კარანტინი მეტ-ნაკლებად ყველას შეეხო,  ალბათ განსაკუთრებით ხელოვნებას და შემოქმედებით ადამიანებს. სამაგიეროდ „დარჩი სახლში“ – ინიციატივის პერიოდში მთლიანად შემოქმედებითად დავიტვირთეთ: ვმუშაობთ, ვქმნით, ვხატავთ, ვიძიებთ, ვიგონებთ… და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა.
– ვისთან არის თქვენი ნამუშევრები?
– მე და ჩემი მეუღლე წლებია, ვმუშაობთ მინაზე, შესაბამისად, გამოფენებზე, სალონებსა თუ კერძო შეკვეთებით უამრავმა ადამიანმა შეიძინა ჩვენი ნამუშევრები – ბევრმა ცნობილმა თუ არაცნობილმა საქართველოში და ასევე საზღვარგარეთ. თუმცა ჩვენთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია, ვინ ატარებს ჩვენ მიერ შექმნილ ნივთს, ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი პიროვნება. ზოგადად ვიტყვი, რომ ესენი არიან: ექიმები, დიპლომატები, პოლიტიკოსები, მსახიობები, ტელეწამყვანები და ვინმე რომ არ გამომრჩეს, უბრალოდ – გემოვნებიანი ადამიანები.
– რა მასალისგან იქმნება თქვენი სამკაულები?
– ამ ეტაპზე ჩვენი ნამუშევრები იქმნება ძირითადად მინისგან. ეს ეხება მინაზე მუშაობის სხვადასხვა ტექნოლოგიას. ნამუშევრების შეძენა ხდება ჩვენი ფეისბუქგვერდის საშუალებით. ჩვენ გვაქვს როგორც ფართო მოხმარების, ასევე ექსკლუზიური ნაწარმი.
–  გამოფენები…
– გვქონდა როგორც პერსონალური, ასევე ერთობლივი გამოფენებიც, სხვა ხელოვან ადამიანებთან ერთად, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. გამოფენისთვის მზადება კიდევ სხვანაირ შრომას, დახარჯვას და დროს მოითხოვს. კარანტინის პერიოდში ბევრი ისეთი იდეა დაიბადა და განხორციელდა, შეიძლება მალეც დავიწყოთ გამოფენაზე ფიქრი.
– ჰობი…
– ჩემი ჰობი პოეზიაა. ადრე, სტუდენტობის დროს, ვწერდი ლექსებს. სკოლის პერიოდში ძალიან მიყვარდა გრანელის შემოქმედება და ჩემს ლექსებს მისი გავლენა ეტყობოდა კიდეც. ლამაზი, „სულში ჩამწვდომი“ ლექსის მოსმენა ახლაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.
– მეუღლე, შვილები…
– მე და ჩემს მეუღლეს გვყავს ორი შვილი, ანაკა და ნიკუშა. ორივეს გამოჰყვა მშობლებისა და ბაბუების ნიჭი. მათ უკვე არჩეული აქვთ, რომ საკუთარი მომავალი პროფესია აუცილებლად რომელიმე შემოქმედებით სფეროს დაუკავშირონ. ალბათ რომ გაიზრდებიან, საკუთარ სურვილებსა და მისწრაფებებში უფრო მეტად ჩამოყალიბდებიან. ისინი ხშირად არიან სახელოსნოში და აკვირდებიან, როგორ იქმნება ესა თუ ის ნივთი.
– სამომავლო გეგმები… ვიცი, რომ არა მარტო მინის, არამედ კერამიკაზე, მეტალზე, ხის მასალაზე მუშაობის მხრივ საინტერესო გეგმები გაქვთ…
– გეგმა უამრავია. ხშირად ის მუშაობის დროს იბადება. სურვილი გვაქვს, მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა მასალაში – ხე იქნება ეს, მეტალი, თიხა თუ კიდევ სხვა რამ… ყველაფერში, რისგანაც შეიძლება გემოვნებით ბევრი ლამაზი ნივთი შეიქმნას.
ზოგადად ძალიან მოგვწონს კომბინირებული ნამუშევრების შექმნა. შეიძლება მეტი სირთულე და შრომაა საჭირო, მაგრამ ნებისმიერი სირთულის გადალახვაც საინტერესო პროცესია და ერთგვარი პრაქტიკაც. ზუსტად ასე შეიქმნა სხვადასხვა ტექნოლოგიით შესრულებული ვიტრაჟები, დეკორები, თუ სხვა ნივთები. რაღაცა ახლის შექმნის იდეა ყოველი დასრულებული ნამუშევრისთანავე იბადება. მთავარია ფანტაზია და მონდომება.

თამარ შაიშმელაშვილი


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები