“რატომ უნდა ჩამოეკიდო ქალაქს ” – როგორ უმკლავდებიან ახალ გამოწვევებს შიდა ქართლში
ახალი კორონავირუსის პანდემიამ, მსოფლიოს მასშტაბით, მოსახლეობაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. საქართველოს ბრძოლა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ რომ სამაგალითოა, ამის შესახებ საერთაშორისო მედიაში უკვე მრავალჯერ აღინიშნა. დადებითად ფასდება არა მხოლოდ ვირუსთან ბრძოლის ხერხები, არამედ ის პროგრამები, რომლებიც მოსახლეობას ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაში ეხმარება. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია სოფლის მეურნეობის პროგრამები. სწორედ სოფლის მეურნეობის აღორძინებაა მთავრობის ახალი, ანტისკრიზისული გეგმის პრიორიტეტი.
როგორ უმკლავდებიან ახალ გამოწვევას საქართველოში – ამჯერად, “რეგიონული კვირა” მოსახლეობის ხმას შიდა ქართლიდან გააჟღერებს.
“რეგიონული კვირის” რესპონდენტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში მცხოვრები, 69 წლის გულნარა ზურაბაშვილია, რომელიც 70 წლის მეუღლესთან, შვილსა და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. მისი დილა უკვე ათეული წელია, 05:00 საათზე იწყება. დღის განრიგი არც კორონავირუსმა შეუცვალა. ამბობს, რომ მშრომელ გლეხს არასდროს გაუჭირდება. თვითონ მძიმე ვითარების დროსაც ახერხებს მოყვანილი პროდუქციის შესაბამის ფასებში რეალიზებას და პანდემიის მანძილზე მის ოჯახს ფინანსური პრობლემა არ შექმნია.
„სახელმწიფომ იმდენი გააკეთა, რომ როგორ შეიძლება, ჩვენ, ხალხი დავემდუროთ მათ. რა დაჯდა ეს ყველაფერი, რა დაჯდა ადამიანების მკურნალობა, რა დაჯდა უცხოეთიდან ხალხის ჩამოყვანა – ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ. ამდენი ხალხი დააბრუნეს და ამხელა თანხები გაიღო სახელმწიფომ.
პანდემია სახელმწიფომ 2 თვეში 90%-ით ხომ მოასპო. ეს ხომ სახელმწიფოს ამბავია სულ ყველაფერი, ეს სახელმწიფომ გააკეთა.
ავალდებულებენ ბიძინა ივანიშვილს. რატომ უნდა მომიტანოს ივანიშვილმა, მე ბიძინა ივანიშვილს მივუტანე რამე? დავეხმარე? ივანიშვილმა რომ იშრომა, იმ შრომით შექმნა ის დოვლათი და ბარაქა. რა ვალდებულია, რომ მე მომცეს. იშრომე, ბატონო, გაიტანე მოსავალი, ძვირად გაყიდე-იაფი ფული გამოგივა. შენ ნაშრომის გაყიდვას ხომ არავინ გიშლის. ხომ არავინ გიშლის, შენი მოსავალი ხახვი არ გაყიდო 1 ლარად ან 1, 2 ლარად? ვინმე რომ აგიკრძალავს, მაშინ არის უბედურება, თორე ახლა რა, იშრომე და დაგიფასდება შენი შრომა. შენთვის სამყოფი აღარ უნდა მოიყვანო? რატომ უნდა ჩამოეკიდო ქალაქს? წახვიდე და ქალაქში იყიდო?! წამალსაც გაძლევს სახელმწიფო, გეუბნება: მოდი, წაიღე. ახლა არ გაქვს ფული, მერე შემოიტანე. მეტი რაღა უნდა გაგიკეთოს სახელმწიფომ? “, – ამბობს გულნარა ზურაბაშვილი.
ცნობისთვის, დღეს გახდა ცნობილი, რომ მცირემიწიანი ფერმერებისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება. პროგრამით 200 ათასამდე ფერმერი ისარგებლებს, მისი ბიუჯეტი კი 37 მლნ ლარს შეადგენს. ახალი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 200 000-მდე ფერმერი 40 მლნ-მდე ლარს დაზოგავს, 42 000-მდე ფერმერი 10 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის სამელიორაციო მომსახურების საფასურიდან სრულიად გათავისუფლდება. სახელმწიფოს მხრიდან სრულიად დაფინანსდება ერთწლიანი კულტურებისთვის სესხის 6 თვის საპროცენტო განაკვეთი.