ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს, – ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კიდევ ორ პაციენტს ჩაუტარდა საკონტროლო ტესტი და, რეტესტირებისას უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინი კლინიკას ხვალ დატოვებენ.
“გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი პაციენტი არ შემოსულა, ამჟამად, გვყავს 11 პაციენტი, მათგან დღეს ერთი ტოვებს კლინიკას. ორი პაციენტის პირველადი საკონტროლო ტესტების შედეგი უარყოფითია, განმეორებითი ტესტირებისას, თუ პასუხი ისევ უარყოფითი იქნება, ხვალ კიდევ ორი დატოვებს საავადმყოფოს”, – აღნიშნა თემურ ნადირაძემ.
შეგახსენებთ, ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფო, ჯამურად, 29 გამოჯანმრთელებულმა დატოვა.
იმერეთის მასშტაბით, ბოლო დღეების განმავლობაში Covid19-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გაკეთებული 150-მდე ტესტიდან ყველა უარყოფითია.