„გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მოკლე ხანში ბევრი ქართველი ემიგრანტის სიცოცხლის გადარჩენა შევძელით“
„ამერიკის „კრიზისცენტრის“ მედიკოსთა ჯგუფის ქართველი ექიმები და ექთნები, შექმნის დღიდან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ქართველი ემიგრანტების დასახმარებლად“…
ყვარლის რაიონში, ახალსოფელში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ოჯახით საცხოვრებლად გადავიდა პორტუგალიაში, შემდეგ კი – ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძო ცხოვრება და ჯანდაცვის სფეროში მოღვაწეობა. ნიჭის, პროფესიის დიდი სიყვარულისა და უსაზღვრო შრომისმოყვარეობის წყალობით, უცხო გარემოში ბევრი რამ შეძლო.
აპრილის დასაწყისში, კორონავირუსის პანდემიის გამო, შეიქმნა მოხალისე ქართველი ექიმების ჯგუფი. ისინი უცხო, უზარმაზარ ქვეყანაში 24–საათიან რეჟიმში, უხელფასოდ ემსახურებიან თანამემამულეებს.
ამბობს, რომ „კოვიდ-19“–ის პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა კაცობრიობას და სამყარი განსხვავებულად დაანახა. გამოცდილების შეძენასთან ერთად – ბევრი ახალი თვისება აღმოაჩინა საკუთარ თავში.
გადაწყვიტა, დაიწყო „კოვიდ-19“–ის ძირფესვიანად შესწავლა. ამისთვის ჰარვარდის კურსებს გადის და უკვე სერტიფიკატებიც აქვს. – ემიგრანტი ექიმის, ქეთი შავლიაშვილის პერსონა.
– ამ მძიმე დღეებში ამერიკაში ქართველმა ექიმებმა მოხალისეთა ჯგუფი შექმენით...
– ამერიკის შეერთებული შტატების „კრიზისცენტრი“ სწრაფი რეაგირების ჯგუფია, რომელიც შეიქმნა, „კოვიდ-19“-ის პანდემიის საპასუხოდ, ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის ოთხი ორგანიზაციის მიერ. ეს ორგანიზაციებია: „თვისტომი“ (ნიკა ჩხეიძე), „დიასპორის სახლი“ (ინა ასანიძე), „ემიგრანტთა საერთაშორისო ლიგა“ (ელიზა აბელაშვილი) და „ერთობა“ (თეა კანდელაკი) და ასევე, გოგა მამფორია.
ცენტრში ფუნქციონირებს არა მარტო სამედიცინო, არამედ სოციალური დახმარების სამსახურიც და არსებული რესურსების და შემოწირულობების საუძველზე, ცენტრი ეხმარება აშშ-ში მცხოვრებ იმ ქართველ ემიგრანტებს, რომლებსაც პანდემიის გამო შეექმნათ სოციალური, მატერიალური თუ ჯანმრთელობის პრობლემები.
ჯგუფის სოციალური სამსახური, ბატონ გოგა მამფორიას ხელმძღვანელობით, რომელიც „კრიზისცენტრის“ მობილურ ჯგუფსაც აერთიანებს, ეხმარება იმ პირებს, ვინც ავადმყოფობის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება და შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა. ასეთი პირებს საკვების და მედიკამენტები ბინაზე მიწოდებათ. საჭიროების შემთხვევაში, ასევე, გაიცემა ფინანსური დახმარება, რომელიც ქართველ ემიგრანტთა შემოწირულობების საფუძველზე შექმნილი ფონდიდან გამოიყოფა.
მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ემიგრანტების მიერ ემიგრანტების დახმარების საუკეთესო მაგალითი.
ვფიქრობ, თავად კონცეფცია, მოცემულ პირობებში, უპრეცედენტოა, რამდენადაც ეს არის მოხალისე პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ქართველი ემიგრანტების დასახმარებლად.
ამერიკის „კრიზისცენტრი“, ძირითადად, საქმიანობს ნიუ-იორკის შტატის ტერიტორიაზე, სადაც ქვეყნის მასშტაბით, „კოვიდ-19“-ის ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული და სადაც არა მარტო ქართველ ემიგრანტებს, არამედ თვით ამერიკელებს შეექმნათ უმუშევრობისა და სხვა სოციალური პრობლემები. თუმცა, ცენტრი დახმარებას უწევს სხვა შტატებში მცხოვრებ ემიგრანტებსაც.
არ შემიძლია, არ აღვნიშნო ის ერთსულოვნება, ერთმანეთის გვერდით დგომისა და ერთმანეთის დახმარების სურვილი, რაც ამ მძიმე პერიოდში შეერთებული შტატების ქართველმა ემიგრაციამ აჩვენა და რისი მოწმეებიც ყოველდღიურად ვართ „კრიზისცენტრის“ წარმომადგენლები.
ასევე, მინდა ვთქვა, რომ ამერიკის „კრიზისცენტრმა“ ჯგუფურად მუშაობის საუკეთესო მაგალითი აჩვენა. ჩვენ ვართ საოცრად შეკრული გუნდი, რომელიც ურთიერთდახმარებით, ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებით, წარმატებით ართმევს თავს ყველა იმ პრობლემას რაც მუშაობის პროცესში გვხვდება და ასეთი პრობლემები, დამიჯერეთ, საკმაოდ ბევრია.
მწვავე კრიზისულმა მდგომარეობამ ჩვენი პროფესიული შესაძლებლობები გაადაფასა და მწვავე და სწრაფად ცვალებად გარემოში რეაგირების უნარი წარმოაჩინა.
– როგორ ემსახურებით თანამემამულეებს – დისტანციურად თუ შინ მისვლითაც?
– ცენტრის მედიკოსთა ჯგუფში გაერთიანებული არიან ქართველი ექიმები და ექთნები, რომლებიც, როგორც აღვნიშნე, „კრიზისცენტრის“ შექმნის დღიდან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ქართველი ემიგრანტების დასახმარებლად და ეს დახმარება, ძირითადად, ტელემედიცინის საშუალებით ხორციელდება. ცენტრში ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურიც და, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური ფსიქოლოგიც.
პანდემიის პირობებში, როგორც ვიცით, ტელემედიცინა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გახდა აქტუალური. აშშ-ში ბევრი სამედიცინო დაწესებულება დღემდე წარმატებით მუშაობს ამ პრინციპით.
ჩვენს შემთხვევაში, „ცხელ ხაზზე“ შემოსული ზარის ტრიაჟი ხდება ცენტრის მოხალისე ოპერატორების მიერ, და იმ შემთხვევაში თუ პირს ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, ერთ-ერთი ექიმი, ტელემედიცინის ფორმატში, უკავშირდება პაციენტს და უწევს შესაბამის დახმარებას.
– კარგი იქნება, დააკონკრეტოთ, რა სახის დახმარებას გულისხმობთ…
– მინდა შეგახსენოთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოსგან განსხვავებით, ყველა ის პირი, რომელსაც მსუბუქად მიმდინარე „კოვიდ-19“ აღენიშნება, სახლის პირობებში გადის მკურნალობას, დაავადება ძირითადად პრობლემების გარეშე მიმდინარეობს და გარკვეული ხნის შემდეგ პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდება. თუმცა როდესაც საუბარია შედარებით მძიმე შემთხვევებზე და ასევე, იმ პირებზე, რომლებიც რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან, საჭიროა სახლის პირობებში დაავადების მკაცრი მონიტორინგი, რათა არ მოხდეს პაციენტის სწრაფად დამძიმება და ჰოსპიტალში გადაყვანა იმდენად მძიმე მდგომარეობაში, რომ საჭირო გახდეს მოკლე დროში მისი მართვით სუნთქვაზე გადაყვანა.
„კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების თუ სიმპტომების მქონე პაციენტების სწორედ ამგვარ კონტროლს ახორციელებს ჩვენი ცენტრის მედიკოსთა ჯგუფი ბატონ ნიკოლოზ ჩხეიძის ხელმძღვანელობით. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ შემთხვევების სწორი მენეჯმენტით, ბევრი ქართველი ემიგრანტის სიცოცხლის გადარჩენა შევძელით ამ მოკლე ხნის განმავლობაში.
ჩვენი ჯგუფი ახორციელებს არა მარტო ზემოთ აღნიშნული შემთხვევების მონიტორინგს, არამედ მსუბუქად მიმდინარე დაავადებებისაც, თუმცა მიზანი ყოველთვის ერთია – თავიდან ავიცილოთ დაავადების გართულება ან კიდევ, საჭიროების შემთხვევაში, დროულად გადავიყვანოთ პაციენტი იმ ჰოსპიტალში, სადაც მეტი ხალვათობაა და და ჰოსპიტალიზაციის ნაკლებად მკაცრი კრიტერიუმები.
მუდმივ კავშირში ვართ ჰოსპიტალიზებულ პირებთან და მათ ექიმებთან. ენის ბარიერის არსებობის შემთხვევაში, ვეხმარებით, მიიღონ დეტალური ინფორმაცია მათი კლინიკური მდგომარეობის თუ მკურნალობის მეთოდების შესახებ.
– რას გვეტყვით კორონავირუსის მქონე პაციენტებთან ურთიერთობიდან…
– მე პირადად მქონდა შემთხვევები, როდესაც ის პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებოდათ ერთი ან რამდენიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება, ისე სწრაფად დამძიმდნენ, რომ რომ არა მკაცრი მონიტორინგი და სწრაფი გადაწყვეტილება მათი ჰოსპიტალში მაქსიმალურად დაჩქარებულ ტემპში გადაყვანის შესახებ, შესაძლებელია, ეს შემთხვევები სიკვდილიანობით დასრულებულიყო. სწორედ ასეთი შემთხვევები მაძლევს საშუალებას, ვიფიქრო, რომ ამერიკის „კრიზისცენტრის“ არსებობამ ნამდვილად გაამართლა და ამ მძიმე პერიოდში დიდი გავლენა მოახდინა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებაზე.
აუცილებლად მინდა აღვნიშნო ჩვენი ცენტრის მობილური ჯგუფის ოპერატიული მუშაობის შესახებ. ეს პირები, გარდა იმისა, რომ ქართველ ემიგრანტებს პროდუქტების თუ მათი ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების სახლში მიტანით ემსახურებიან, ასევე, საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდების ფასად, დაავადებული თანამემამულეები ჰოსპიტლებში სწრაფად გადაჰყავთ. გვქონია ისეთი დღეებიც, როდესაც 5 – 6 პაციენტის ერთდროულად გადაყვანა ყოფილა საჭირო ჰოსპიტალში და ჩვენი ცენტრის მობილური ჯგუფი წარმატებით ართმევდა ყველა ამ შემთხვევას თავს.
– თქვენ უამრავი ადამიანი გიხდით მადლობას, როგორ ეხმარებით კორონავირუსით დაინფიცირებულ ავადმყოფებს? ასეთი გამოძახება ხშირია?
– ყველა ის პაციენტი, ვისაც ჩვენი ჯგუფი და პირადად მეც დავეხმარეთ, უზომოდ მადლიერია და ამას ყოველთვის გამოხატავს პირად საუბარში თუ სოციალური ქსელის საშუალებით.
ვინაიდან პანდემიის დასაწყისში არ არსებობდა „კოვიდ-19“- ის შესახებ საკმარისი ინფორმაცია, ყველა ადამიანი და მათ შორის შეერთებული შტატების ქართველი ემიგრანტებიც, აღმოჩნდნენ საკმაოდ მძიმე და გაურკვეველ მდგომარეობაში. პანდემია ძლიერი დაძაბულობისა და სტრესის მიზეზი გახდა განსაკუთრებით იმ პირებისთვის, ვისაც ჰქონდა ენობრივი ბარიერი, არ ჰქონდა სამედიცინო დაზღვევა, ან კიდევ, არ იყო საკმარისად ინტეგრირებული ამერიკულ გარემოში.
მკვეთრად უარყოფითმა გარემომ, ჰოსპიტალში მოხვედრის და სიკვდილის შიშმა, ბევრ ადამიანში მიტოვებულობის შეგრძნება, ძლიერი დაძაბულობა და შფოთვა გამოიწვია. ასეთ პირობებში, მათ ამერიკის „კრიზისცენტრში“ დაინახეს მშველელი, ადამიანური და პროფესიული თვალსაზრისითაც, სადაც მშობლიურ ენაზე ესაუბრებოდნენ და საჭიროების შემთხვევაში ეხმარებოდნენ სამედიცინო თუ წარმოქმნილი სოციალური პრობლემების მოგვარებაში.
სოციალურ ქსელში ხშირად იწერება მადლობის წერილები იმ პაციენტებისგან, ვისაც დავეხმარეთ და გამოვაჯანმრთელეთ. აღნიშნავენ, რომ ჩვენმა არსებობამ მათ ამ მდგომარეობით გამოწვეული შიში დაავიწყა.
მცირე გადახვევა – ამონარიდები სამადლობელი წერილებიდან:
„რამდენიმე კვირის წინ, მეგობარმა მომწერა, ღამის 12 საათზე,- მის ახლობელ ქალბატონს, კორონავირუსი აღმოაჩნდა და ნიუ–იორკის ძალიან მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, ჰოსპიტალში არ წაიყვანესო, არადა, სიცხეც აქვს, ახველებს და შიშის პანიკა ხომ, თავისთავადო…. ქეთის მივწერე და, ძალიან დაღლილმა მიპასუხა, – ახლავე დამირეკოსო. სრულიად უცხო ქართველი, იმ ღამით, ქეთი ექიმმა მართლა გადაარჩინა“.
„არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი თქვენდამი მადლიერების გრძნობა, თქვენ მიერ თითოეული რჩევა იყო გადამწყვეტი, რაც მე ძალიან დამეხმარა. დღეს ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს. მირეკავდით და ყოველდღე იგებდით ჩემს ამბავს. ანდა, როგორც კი დავრეკავდი, წამებში უკან მირეკავდი და მაძლევდით ფასდაუდებელ რჩევებს.
ძალიან მზრუნველი, ძალიან თბილი, ძალიან მოსიყვარულე პროფესიონალი. მე თქვენ შემაძლებინეთ“…
„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მის ერთ-ერთ დამფუძნებელს ელიზა აბელაშვილს და ექიმს, ქალბატონ ქეთი შავლიაშვილს, არაჩვეულებრივ პროფესიონალებს და გულისხმიერებით გამორჩეულ ადამიანებს, რომელთა სწრაფი და დროული ჩარევის შედეგად დახმარება გაეწია იტალიაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. გამოწვევას, რაშიც ახლა ჩვენ ყველა ვცხოვრობთ, ღირსეულად უმკლავდება ამერიკის ქართული ემიგრაცია და უმკლავდება, პირველ რიგში, ამ ადამიანების წყალობით, რომელთა დაუღალავი შრომის გამო ჩვენ იმედიანად ვართ და ვიცით, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ ჩვენთვის. რამდენი მადლობაც არ უნდა დავწეროთ, საკმარისი მაინც არ იქნება. უბრალოდ მინდა გითხართ, რომ ჩვენ თქვენ გვიყვარხართ“…
– როგორ ცხოვრობს ის ქალაქი, სადაც თქვენ ხართ? რამდენად საშიშია ეს ვირუსი, თუ, როგორც ზოგიერთი ვარაუდობს, მხოლოდ ხალხის დასტრესვას ემსახურება?
– ვცხოვრობ ნიუ-იორკში, სადაც, როგორც მოგეხსენებათ, სხვა შტატებთან შედარებით, „კოვიდ-19“-ის ყველაზე მეტი შემთხვევებია დაფიქსირებული. პანდემიის დასაწყისში იყო ბევრად რთული მდგომარება, თუმცა ბოლო დღეებში ახალმა შემთხვევებმა იკლო და მდგომარეობა ამ მხრივ, შესაბამისად, გამოსწორდა. ფაქტობრივად, ერთი თვის განმავლობაში ქალაქი იყო სრულად გაჩერებული, ბოლო დღეებში კი უფრო მეტი მოძრაობა შეინიშნება.
მკაცრმა კარანტინმა საგრძნობლად უარყოფითად იმოქმედა ეკონომიკაზე, ამიტომ, ამჟამად ქვეყნის პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს კარანტინის ეტაპობრივი მოხსნა. გათვალისწინებულია მასობრივი ტესტირებების ჩატარება, რომ ეს პროცესი შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ წარიმართოს და არ მოხდეს ინფექციის ახალი კერების აფეთქება ხალხის თვითიზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ.
ვმუშაობ ბრუკლინის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, რომელიც პანდემიის გამო ამჟამად ტელემედიცინის რეჟიმში ფუნქციონირებს.
– საქართველოში კორონავირუსი იოლ ფორმებში ვლინდება და არც მასობრივად… რას ურჩევდით ადამიანებს, როგორ დაიცვან თავი, რომ ეს ვირუსი არ გადაედოთ…
– ჩემთვის სასიხარულოა, რომ კორონავირუსის პანდემიამ საქართველო იმდენად არ დააზარალა, როგორც სხვა ქვეყნები. საქართველოს ძალიან ბევრი კარგი ექიმი ჰყავს და, რა თქმა უნდა, ამ საკითხში დიდია მედიცინის მუშაკთა წვლილი.
ყველა ქვეყანას განსხვავებული გამოცდილება და სტატისტიკა აქვს. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის უცნობი ამ დაავადების შესახებ, თუმცა ერთი რამ ნათელია, ამ გამოცდილებების გაზიარებით ხდება ვირუსის და უშუალოდ დაავადების შეცნობა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შემუშავება.
რამდენადაც ყოველდღიურად უამრავი ახალი კვლევის შედეგი იდება და ბევრი რამ იცვლება, ჩვენს ჯგუფი რეგულარულად აწყობს ონლაინკონფერენციებს ამერიკის წამყვანი ჰოსპიტლების კლინიცისტებთან, იმ ქართველ ექიმებთან, რომლებიც პანდემიის წინა ხაზზე არიან. მუდმივად ვეცნობით მათ უშუალო გამოცდილებას და ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს ჩვენს პაციენტებთან მიმართებაში. მე პირადად, ვისურვებდი, უფრო დეტალური ინფორმაცია არსებობდეს და მეტი ვიცოდე ქართველი ექიმების გამოცდილების შესახებაც.
– ანუ ნაკლებად გაქვთ ინფორმაცია ჩვენს ექიმებზე?
– კი, ნამდვილად ასეა. თუმცა, ჩვენმა ცენტრმა დაიწყო ვიდეოკონფერენციების სერია ქართველ ექიმებთან. რამდენიმე დღის წინ ლევან რატიანთან გვქონდა პირველი ჩართვა და გამოცდილებების გავუზიარეთ ერთმანეთს. ვფიქრობ, ეს წინგადადგმული ნაბიჯია.
– ხალხის უმეტეს ნაწილს უფრო ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება… კარანტინში მყოფმა ადამიანებმა იმუნიტეტი, მხნეობა როგორ შეინარჩუნონ?
– ეს არის ნამდვილად საშიში დაავადება, რომელიც, ამასთან ერთად, სწრაფად ვრცელდება. არსებობს მოსაზრება, რომ დაავადების გადატანის შემდეგ მუდმივი იმუნიტეტი არ გამომუშავდება, და რომ დაავადებას სეზონური ხასიათი ექნება.
ჩემი აზრით, ბევრი რამის გათვალისწინებით, მსოფლიომ ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა ამ პანდემიაზე და სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად, დაჩქარებული წესით ხდება ახალი პრეპარატების შექმნა თუ ვაქცინებზე მუშაობა.
ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ არსებობს „კოვიდ-19“-ის აპრობირებული, დამტკიცებული სამკურნალო საშუალება, ვიცით, რომ კლინიკური ცდები მიმდინარეობს ბევრი ახალი თუ უკვე არსებული პრეპარატის გამოსაცდელად. ასევე მიდის მუშაობა დაახლოებით 80-მდე ვაქცინის შესაქმნელად. ამიტომ, იმედი ვიქონიოთ, რომ ვირუსის მომდევნო სეზონურ აფეთქებამდე ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომი იქნება.
ყველა იმ ადამიანმა, ვინც კარანტინში იმყოფება, მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოს დადებითი განწყობა, გარკვეული ფიზიკური აქტივობა, იკვებოს ჯანმრთელად და პერიოდულად გავიდეს სუფთა ჰაერზე.
– პირბადე, ხელთათმანი… თქვენ რას ურჩევდით ასეთებს?
– ვფიქრობ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გავითვალისწინოთ ყველა არსებული რეკომენდაცია დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. რამდენადაც აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრია უსიმპტომოდ მიმდინარე შემთხვევა, პირბადის ხმარება აუცილებლად მიიჩნევა სახლის გარეთ 2 წლის და ზემოთ ასაკის შემთხვევაში.
რაც შეეხება ხელთათმანებს, რეკომენდებულია მათი ხმარება მხოლოდ სახლის დასუფთავების, ზედაპირების დეზინფექციისას და მაშინ, როდესაც გასვლა გვიწევს ყოველდღიურად საჭირო ნივთების შესაძენად.
– ოჯახი, მეუღლე, შვილები…
– მყავს მეუღლე და 25 წლის შვილი, ბიჭი, რომელიც პოლიტიკური მეცნიერებების/საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და მუშაობს ნიუ-იორკის ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში.
– ამერიკის შეერთებულ შტატებამდე პორტუგალიაში მუშაობდით…
– ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად გადმოვედით 5 წლის წინ პორტუგალიიდან, სადაც 17 წლის განმავლობაში ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. პორტუგალიაში მოხდა ჩემი, როგორც ექიმის ჩამოყალიბება და ამ ქვეყანაში მივიღე დიდი პროფესიული გამოცდილება.
რამდენიმე წამყვან ჰოსპიტალში გავლილი სტაჟირებების შემდეგ, ლისაბონში გავხსენი კლინიკა და გადავედი კერძო სექტორში სამუშაოდ. ამავდროულად, ვმუშაობდი ლისაბონის ნატუროლოგიის ინსტიტუტის კათედრის მასწავლებლად. პორტუგალიის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში გავიარე მაგისტრატურა ჯანდაცვის მენეჯმენტში, რაც ძალიან მეხმარება დღემდე ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.
ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ, ხელახლა მიწევს ყველა ამ ეტაპის გავლა, თუმცა ოპტიმისტური ხასიათი და მუდმივად სწავლისა და ახლის ძიების სურვილი ხელს მიწყობს და მიადვილებს ამ პროცესს.
– გიყვართ თქვენი სპეციალობა. რატომ აირჩიეთ ექიმობა და რომ დაბრუნდეთ უკან, ისევ ამ პროფესიას აირჩევთ?
– ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ექიმი უნდა ვყოფილიყავი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ოჯახით გადავედი საცხოვრებლად პორტუგალიაში. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მე საქართველოში არასდროს მიმუშავია. ორივე ქვეყანაში ემიგრაციის დასაწყისში ვფიქრობდი, რომ შემეცვალა პროფილი და მემუშავა ჯანდაცვის მენეჯმენტში, თუმცა კლინიკური მხარე და პაციენტებთან ურთიერთობა ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ირივე შემთხვევაში მაინც კლინიკურ ნაწილს დავუბრუნდი.
„კოვიდ-19“-ის პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა კაცობრიობას და სამყარი განსხვავებულად დაგვანახა. თუმცა შევიძინეთ უდიდესი გამოცდილება და ბევრი ახალი თვისება აღმოვაჩინეთ ჩვენში. პანდემიის დასრულების შემდეგ, ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს გვექნება განსხვავებული ფასეულობები და განსხვავებული შეხედულებები ცხოვრებაზე.
ჩემს სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, იმ გამოცდილების შემდეგ, რაც აქამდე მივიღე „კოვიდ -19“-ის შესახებ, დავიწყე დაავადების ძირფესვიანად შესწავლა და მინდა, რომ ამ მხრივაც გავაგრძელო მუშაობა. გავდივარ ჰარვარდის კურსებს „კოვიდ-19“- ის შესასწავლად და სერტიფიკატებიც მაქვს.
– ჰობი…
– მივდევ ცხოვრების ჯანსაღ წესს და ვცდილობ, სხვებსაც გავუზიარო ამ მხრივ ჩემი ცოდნა და გამოცდილება. როგორც ექიმი, ვფიქრობ, რომ ჯანსაღი კვება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია.
თამარ შაიშმელაშვილი