პრემიერი: ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკის გახსნა, პოსტკრიზისული მართვა ხდება ჩვენი მთავრობის პირველი პრიორიტეტი
“ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკის გახსნა, პოსტკრიზისული მართვა ხდება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი ნომერი ერთი, – ამის შესახებ პრემიერი, გიორგი გახარია აცხადებს.
მისი თქმით, თითოეულ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ პირბადე, სოციალური დისტანცია ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება.
„მინდა, გითხრათ, რომ ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკის გახსნა, პოსტკრიზისული მართვა ხდება დღეს ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი ნომერი ერთი, მაგრამ, პარალელურად, ეს შესაძლებლობა გვექნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ეფექტიანად მართავს ეპიდემიის მენეჯმენტს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ამავდროულად ჩვენს თითოეულ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ისეთი ახალი, არცთუ სასიამოვნო მოვლენები, როგორიცაა პირბადე, სოციალური დისტანცია ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება. ეს არის ერთადერთი გზა და საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკურ კონკურენციას გავუძლოთ და ვიყოთ ეფექტურები ეკონომიკური აღდგენის ნაწილში.
ამიტომ, სულ რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს ტურიზმის სექტორის აღდგენის, როგორც ყველაზე დაზარალებულისა და ჩვენი ეკონომიკის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძრავის, სტრატეგიული გეგმის შემუშავება. როგორც ვიცი, ეს გეგმა დასრულებულია და ჩვენ უახლოეს დღეებში განვიხილავთ ამას და, ასევე, წარვუდგენთ ჩვენს საზოგადოებას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.