ქუთაისში კლინიკა “ბომონდის” “ცხელების ცენტრში” მოთავსებული პაციენტებიდან 7-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, საეჭვო პაციენტებს შორის იყო 32 წლის ქალი აფხაზეთიდან, კერძოდ კი – გალის რაიონიდან, რომელიც კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანა და მისთვის საკეისრო კვეთის ჩატარება გახდა საჭირო. ამჟამად, ქალისა და ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პაციენტი კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.
კორონავირუსზე საეჭო პაციენტებს შორის, ასევე, იყო დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან გადაყვანილი ორსული. ვირუსი არც მას დაუდგინდა.
ცნობისთვის, “ბომონდის” “ცხელების ცენტრში” ორი პაციენტი იმყოფება, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგებსაც დღის განმავლობაში ელოდებიან.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID19-ის 566 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 184, გარდაცვლილია – 6. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 5243 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში კი – 550.