“პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსის გამო კლინიკებში ყოფნა დიდი ხნით მოუწიათ, საკურორტო ზონებში რეაბილიტაციის კურსს გაივლიან”, – ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსის გამო დიდი ხნით მოუწიათ კლინიკებში ყოფნა, რეაბილიტაციის კურსს აბასთუმანსა და სხვა საკურორტო ზონებში გაივლიან.
„ეს იყო ყველაზე საინტერესო შემთხვევები, რომლებიც კლინიკურ ჯგუფთან ერთად განვიხილეთ. ეს ინიციატივა მივიღეთ და მივიჩნევთ, რომ არის ძალიან სწორი და კარგი რეკომენდაცია. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ასეთი პაციენტები შეძლებენ, საკურორტო ზონაში გაიარონ დამატებითი რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკურორტო ზონა იქნება აბასთუმნის კლინიკა, რომელიც პირველივე დღიდან არის მობილიზებული, როგორც საკარანტინო ზონა და შემდეგ უკვე ჰქონდა ე.წ. ცხელების კლინიკის სტატუსიც. გარდა ამისა, გარემო პირობებიდან გამომდინარე, კოლეგებთან შეთანხმებით, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტიანი იქნებოდა პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის მათი იქ განთავსება. შემდეგ დღეებში უკვე ველოდებით პაციენტების სახელობით სიას, რომელთა მკურნალობა გახანგრძლივდა 14 დღეზე მეტი, მათ არ აღენიშნებათ არანაირი კლინიკური სიმპტომატიკა, მათი პასუხი არის სუსტი დადებითი და საჭიროებენ მხოლოდ ექიმების მეთვალყურეობას. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ვირუსის ქცევა, გავრცელება და გადადების კოეფიციენტი, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პაციენტის სასარგებლოდ, უსაფრთხოების გამო, ეს პაციენტები გადავიყვანოთ აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრში და იქ განაგრძონ შემდეგი მეთვალყურეობა“, – განაცხადა მინისტრმა.
კითხვაზე, თუ იგეგმება სხვა ცენტრებშიც პაციენტების გაგზავნა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ამ ეტაპისთვის ელოდება, თუ რამდენია ასეთ პაციენტი და ამის მიხედვით მოიძიებენ სხვადასხვა ობიექტს.
„აბასთუმნის ცენტრი 100 საწოლზეა გათვლილი, ის ამ ეტაპზე სრულად დაფარავს იმ საჭიროებას, რომელიც კლინიკებს აქვთ“, – განაცხადა ტიკარაძემ “პირველი არხის” ეთერში.