ამირან გამყრელიძე: ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრზე შეტევა ხორციელდება
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიასა და „დაავადებათა კონტროლის ცენტრზე“ შეტევა ხორციელდება.
მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიის მიერ გაცემული პასუხები სარწმუნოა.
„ლუგარი მარტო შენობით კი არ არის ძლიერი, ის ძალიან მდიდარია ადამიანების იმ ჯგუფით, ვინც იქ მუშაობენ. ის რესპირაციული ვირუსების ლაბორატორია, რაც ლუგარში მუშაობს, არის ერთერთი უძლიერესი ლაბორატორია ევროპის მასშტაბით. ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას, რომ მათ მიერ გაცემული პასუხები სარწმუნოა.
შეტევა ხორციელდება ლუგარსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრზე, მაქვს ინფორმაციები, რატომ და როგორ, ამას ღია ეთერში არ ვიტყვი, მაგრამ იმან, ვინც ამას ახორციელებს, ხომ უნდა გაითავოსოს, რას აკეთებს ამით? ლუგარის ცენტრი, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმდიდრე, შექმნილია ჩვენი ნომერ პირველი პოლიტიკური და ფინანსური პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერითა და მათი დიდი დახმარებით.
ალბათ, მოისმინეთ აშშ-ის საელჩოს განცხადება, როგორ უჭერენ მხარს იმას, რასაც საქართველო კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში აკეთებს.
მე ვამხნევებ სულ ჩემს თანამშრომლებს – ვეუბნები, იქნება ეს შემოტევები, მაგრამ ერთმანეთი უნდა გავამხნევოთ-მეთქი. ხანდახან მეუბნებიან, ბატონო ამირან, რატომ არ გვიცავ? რატომ არ გამოდიხართ? არ მინდა პოლიტიკურ დებატებში შესვლა, ბოდიში და ამ სიბინძურეში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.