კახეთში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა ფიქსირდება – ლუგარში გაგზავნილ მორიგ 30 ანალიზზე პასუხი უარყოფითია

კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 30 ნიმუშის პასუხი კოვიდ 19-ზე უარყოფითია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ნიმუშები კარანტინის სივრცეებიდან და ცხელების ცენტრებიდან აიღეს.

“გუშინ ლუგარის ცენტრში გაგზავნილი იქნა კახეთიდან 30 ნიმუში ტესტირებისათვის როგორც ცხელების ცენტრებიდან, ისე –  საკარანტინე სივრცეებიდან და ყველა ნიმუშის პასუხი კოვიდ 19 -ზე უარყოფითია”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

კახეთის რეგიონის მასშტაბით, 10 საკარანტინო ლოკაციაზე ამ დროისთვის 535 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 13 ადამიანი რჩება.

რეგიონი “მწვანე ზონის” სტატუსს კვლავ ინარჩუნებს და  ამ დრომდე კორონავირუსით დაინფიცირების არცერთი შემთხვევა ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 420 დადასტურებული შეთხვევაა, მათგან 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5223 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 584 პირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები