ნათია თურნავა: გულახდილად გეტყვით, რომ, საგანგებო ვითარების დასრულებამდე, დროებით შეჩერებული ბიზნესების აქტიურად ამოქმედება მოსალოდნელი არ არის

“ეპიდემიოლოგიური საფრთხეებისა და არსებული კრიტიკული ვითარების გათვალისწინებით, მინდა, გულახდილად გითხრათ, რომ, საგანგებო ვითარების დასრულებამდე, ჩვენ ვერ დავიწყებთ დროებით შეჩერებული ბიზნესების აქტიურად ამოქმედებას”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ვიმყოფებით ახალი გამოწვევების წინაშე და, ეპიდემილოიური თვალსაზირისით, კრიტიკულ ეტაპზე, რაც ჩვენ წინაშე ახალ გამოწვევებს აყენებს. აქედან გამომდინარე, მობილობის მკვეთრად დაცემისა და შეზღუდვის მიზნით, გადამწყვეტი ზომები იქნა მიღებული.

ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, ამ პერიოდში აქტიურად მოხდება ბიზნესების მონიტორინგისა და შემოწმების დასრულება.

„ჩვენ ინტენსიურად გავაგრძელებთ ბიზნესის შემოწმებას, თუ როგორ აკმაყოფილებენ კომპანიები უსაფრთხოების სტანდარტებს, რათა, როგორც კი გვექნება შესალებლობა, დავიწყოთ შემაკავებელი ზომების შერბილება და ეკონომიკის ამოქმედება. ამისთვის საჭიროა, ყველა მზად იყოს და დამატებითი დრო აღარ დაგვჭირდეს შემოწმებისთვის”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტორები ამ დღეებში ძალიან აქტიურად აგრძელებს ბიზნესის შემოწმებას, თუ რამდენად პასუხობენ ისინი დაწესებულ გაიდლაინებსა და მოთხოვნებს.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დღეის მონაცემებით, 300-ზე მეტი კომპანიაა შემოწმებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები