ნათია თურნავა: მომავალი კვირიდან დავიწყებთ იმ კომპანიების შემოწმებას, რომლებიც ონლაინვაჭრობას ეწევიან
“მომავალი კვირიდან დაიწყება იმ კომპანიების შემოწმება, რომლებიც ონლაინ ვაჭრობას ეწევიან”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ონლაივაჭრობის კომპანიების მონიტორინგი და შემოწმება იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ეს სექტორი უფრო სწრაფად და ხარისხიანად მომზადებულ შეხვდეს იმ მომენტს, როდესაც ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის ამოქმედებას.
„იმ მომენტისთვის, როდესაც დავიწყებთ ეკონომიკის ჩართვასა და ამოქმედებას, „ერთ-ერთი პრიორიტეტი ბიზნესსექტორებს შორის იქნება ონლაინვაჭრობა და ის კომპანიები, რომლებიც დაკავებული არიან, ან გადაეწყვნენ ონლაინვაჭრობაზე. აქედან გამომდინარე, შემდეგ კვირაში ჩვენ პრიორიტეტულად დავიწყებთ სწორედ ონლაინვაჭრობის კომპანიების მონიტორინგს და შემოწმებას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევამზადოთ ეს სექტორი იმ მომენტისთვის, როდესაც ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის ამოქოქვას და მათ ექნებათ საქმიანობის უსაფრთხო შესაძლებლობა”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.