“ამ პერიოდს აქტიურად გამოვიყენებთ ბიზნესების მონიტორინგის დასრულებისთვის, რათა სწრაფად შევამზადოთ სექტორი იმ მომენტისთვის, როცა ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის ამოქოქვას”

“ამ პერიოდს აქტიურად გამოვიყენებთ ბიზნესების მონიტორინგის დასრულებისთვის, რათა სწრაფად შევამზადოთ სექტორი იმ მომენტისთვის, როცა ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის ამოქოქვას”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესების აქტიურად ამოქმედება საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე მოსალოდნელი არაა.

„ბიზნესისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორი დაგეგმვა, ჰქონდეს ნათელი ხედვა შემდგომი პერიოდისა იმისთვის, რომ სწორად დაგეგმოს რესურსები და ქმედებები. მინდა, გულახდილად მოგახსენოთ, რომ  გათვალისწინებით იმ ეპიდემიოლოგიური საფრთხეებისა და ვითარებისა, როცა ჩვენ შევდივართ, პრაქტიკულად, ძალიან კრიტიკულ ვითარებაში და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ზომების მიღება გვიწევს, საგანგებო ვითარების დასრულებამდე არ არის მოსალოდნელი, რომ ჩვენ აქტიურად დავიწყებთ ბიზნესების ამოქმედებას, იმ ბიზნესების, რომლებიც დროებით შეჩერდა და ახლა ემზადება იმისთვის, რომ ადრე თუ გვიან დაიწყოს ისევ მუშაობა. სამაგიეროდ, ამ პერიოდს ჩვენ ძალიან აქტიურად გამოვიყენებთ, იმისთვის, რომ დავასრულოთ ბიზნესების მონიტორინგი, გადამოწმება იმ უსაფრთხოების სტანდარტებისა, რაც მათ უნდა დააკმაყოფილონ იმისთვის, რომ როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, დავიწყოთ ზომების შერბილება და კვლავ ავამოქმედოთ ეკონომიკა, ყველა იყოს ამისთვის მზად და დამატებითი დრო შემოწმებისთვის ჩვენ აღარ დაგვჭირდეს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების გაერთიანებული ინსპექციები ძალიან აქტიურად განაგრძობენ ბიზნესების შემოწმებას, თუ რამდენად პასუხობენ ისინი ახალ გაიდლაინებსა და მოთხოვნებს და ამ დროისათვის 300-ზე მეტი კომპანია უკვე შემოწმდა. როგორც მინისტრმა განაცხადა, როდესაც დაიწყება ეკონომიკის ამოქმედება, ბიზნესსექტორებს შორის ერთ-ერთი პრიორიტეტი ონლაინვაჭრობა იქნება.

„ერთ-ერთი პრიორიტეტი ბიზნესსექტორებს შორის, როდესაც ჩვენ დავიწყებთ ეკონომიკის ჩართვასა და ამოქმედებას, იქნება ონლაინ ვაჭრობა და ის კომპანიები, რომლებიც დაკავებულია, ან გადაეწყვნენ ონლაინვაჭრობაზე. აქედან გამომდინარე, შემდეგ კვირაში ჩვენ პრიორიტეტულად დავიწყებთ, სწორედ, ონლაინ ვაჭრობის კომპანიების მონიტორინგსა და შემოწმებას, რაც მოგვცემს საშუალებას, უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევამზადოთ ეს სექტორი იმ მომენტისთვის, როდესაც ჩვენ ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის ამოქოქვას და მათ ექნებათ უსაფრთხო საქმიანობის შესაძლებლობა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, დღეს ქვეყანა იმყოფება, პრაქტიკულად, ახალი გამოწვევების წინაშე, ძალიან კრიტიკულ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რაც ახალ პრობლემებსა და გამოწვევებს აყენებს. მისივე თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო მთავრობამ გადამწყვეტი ზომები, რათა მობილობა მკვეთრად დაეცეს და შეიზღუდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები