სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, ამ ეტაპზე, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მკურნალობს.
მედიკოსების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ხვალ ჩაუტარდება პაციენტს მესამე ტესტი. რაც შეეხება მის მდგომარეობას – ერთი კვირაა, მაღალი ტემპერატურაც აღარ აღენიშნება“, – განაცხადეს კლინიკაში.
ცნობისთვის, შუახნის ქალი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს და 30 მარტს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მას კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ორჯერ ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტირება, თუმცა პირველმა უარყოფითი აჩვენა, ხოლო განმეორებითმა ტესტმა – სუსტად დადებითი. სწორედ ამიტომ, მას 18 აპრილს საკონტროლო, მესამე ტესტი ჩაუტარდება.
17 აპრილის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით – 119 ადამიანი რჩება თვითიზოლაციაში. 817 პირს – თვითიზოლაციის ვადის გასვლის გამო მეთვალყურეობა მოეხსნა, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში კი – 47 პირი რჩება.