„უფრო მეტი ამბიცია მაქვს“ – ქართველი ახალგაზრდა, რომელმაც ამერიკის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში დაფინანსება მოიპოვა

17 წლის ლუკა ჯიჯიეშვილი გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის მე-12 კლასის წარმატებული მოსწავლეა.
მან სულ ახლახან ჩააბარა ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტებში, ნიუ-იორკის შტატის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში კი 55 000 დოლარის დაფინანსება მოიპოვა.
სხვა, რეზერვში მყოფი, უნივერსიტეტების პასუხი ჯერ არ იცის, თუმცა პასუხს იქიდანაც ელოდება.
ჯერ არ იცის, რომელ ფაკულტეტზე გააგრძელებს სწავლას, მაგრამ ამბობს, რომ კარგი გრძნობაა, როდესაც შრომა გიფასდება.
ბევრს კითხულობს და ხანდახან ლექსებსაც წერს.


– ჩააბარე ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტებში, ერთ-ერთში 55 000 დოლარის დაფინანსებით. პასუხს სხვა უნივერსიტეტებიდანაც ელოდები.
საბოლოოდ, რომელ უნივერსიტეტს აირჩევ? 
– დიახ, ამერიკისა და ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტში ჩავაბარე. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მოსწავლეებისთვის ძალიან რთულია უცხოურ უნივერსიტეტებში ჩაბარება და, მითუმეტეს, დაფინანსების მოპოვება. როგორც ყველა ქვეყანა, ამერიკა უცხო ქვეყნის მოქალაქის დაფინანსებას საკუთარი მოქალაქის დაფინანსებას ამჯობინებს, ამიტომ ჩვენი დახმარების ფონდი მკაცრად შეზღუდულია.
აპლიკაციებს დეკემბერში ვაგზავნით, სადაც, ქართული სისტემისგან განსხვავებით, ბავშვი მხოლოდ ტესტის ქულებით არ განისაზღვრება. ამერიკული უნივერსიტეტებისთვის ერთი აპლიკაცია 10-მდე სხვადასხვა დოკუმენტს მოიცავს: სკოლის ტრანსკრიპტი, მასწავლებლების რეკომენდაციის წერილები, უმნიშვნელოვანის პერსონალური ესე, CV… ისინი პიროვნებას ეძებენ და არა მხოლოდ ციფრებს.
დეკემბერში გაგზავნილი პასუხები მარტში ჩამოდის. წერილი რომ ჩამომივიდა, ძალიან გამიხარდა – კარგი გრძნობაა, როდესაც შრომა გიფასდება. წერილს თან მოჰყვება სხვა დოკუმენტებიც – ფინანსური დახმარების ფორმა, სარეკლამო ბროშურები, სადაც ძალიან გთხოვენ, მოდი, ჩვენთან ისწავლეო.
უნივერსიტეტი, რომელმაც 55 000 დოლარის დაფინანსება მომცა, ნიუ-იორკის შტატში მდებარეობს და ჰუმანიტარულ – ე.ი. Liberal Arts – სფეროში „ტოპ 50“ უნივერსიტეტს შორისაა. რა თქმა უნდა, უფრო მეტი ამბიცია მაქვს და 4 სხვა უნივერსიტეტის რეზერვიდან პასუხს მომდევნო თვეებშიც ველოდები, რომელთაგანაც ორი ამერიკის ათეულშია.
– ფსიქოლოგია, სოციოლოგია, კულტურა და ხელოვნება – შენი ინტერესის სფეროებია. ამბობ, რომ ჯერ არ იცი, რომელ ფაკულტეტზე განაგრძობ სწავლას. თუმცა ვფიქრობ, სადაც არ უნდა იყო, კარგად ისწავლი… რას დაამატებდი?
– უნივერსიტეტში აპლიკაცია სწორედ ამ ოთხი ინტერესით გავაგზავნე. ჩემი აზრით, ოთხივე კომპონენტი ერთმანეთზეა დამოკიდებული, უფრო სწორედ კი, ერთსა და იმავე ფენომენს სხვადასხვა რაკურსით ხსნიან. ამიტომ ფსიქოლოგია, სოციოლოგია, კულტურა და ხელოვნება მჭიდროდაა გადაბმული ერთმანეთს, და მათი ცალ-ცალკე შესწავლით ამბის მხოლოდ ერთ თავს წავიკითხავთ.
ამერიკის უნივერსიტეტებში ის მომწონს, რომ ბაკალავრიის მესამე წლამდე შემიძლია ფაკულტეტი არ ავირჩიო. ეს მაძლევს საშუალებას, ყველაფერს გემო გავუსინჯო, სანამ ჩემს რჩეულ საგანს ავირჩევ. რაც მთავარია, ამ ეტაპზე ვიცი, ზოგადად, რომელი სფეროსკენ მივემართები.

იმიტირებული სასამართლოს პროცესი ჩემს მოსწავლეებთან ერთად

–  გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის მე-12 კლასის მოსწავლე ხარ. შენი თაობა უმძიმეს პერიოდში ამთავრებს სკოლას – კორონავირუსის რეალობაში.  რამდენად შეგიშალა ხელი ამ ვირუსით გამოწვეულმა იძულებითმა რეალობამ? რას ეტყოდი შენს თაობას?
– ყველაზე ცუდი ამ ვირუსში ის პანიკა და ქაოსია, რომელიც მან გამოიწვია. ყველაზე მტკივნეული ჩემთვის ისაა, რომ არ ვიცი, ვნახავ თუ არა კლასელებს სკოლის დამთავრებამდე, გვექნება თუ არა ბანკეტი და გამოსაშვები საღამო, რომელსაც 12 წელი ველოდით, და მოვახერხებ თუ არა უნივერსიტეტში წასვლას. რთულია, გეგმებს აწყობდე ამდენი წლის მანძილზე და სულ ბოლო წამს ისინი თვალწინ წყალში ჩაგეყაროს.
ალბათ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, იმედი არ დავკარგოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სამყარომ ბევრი ეპიდემია გამოიარა – ესპანური გრიპი, „შავი ჭირი“, ებოლა და სხვა – მაგრამ ის ტექნოლოგია, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, წინა ვირუსების დროს არ გვქონია.
– გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიას შაბათის სკოლა აქვს. საინტერესო პროექტებში მონაწილეობ…
–  საინტერესო პროექტები გვაქვს „შაბათის სკოლა“ და „შაბათის აკადემია“. „შაბათის სკოლა“ უფასო პროექტია აფხაზეთიდან და ოსეთიდან დევნილი ბავშვებისთვის, სადაც ისინი ყოველ შაბათს უსასყიდლოდ მოდიან ჩვენთან, სკოლაში და,  ჩემი თანაკლასელების და მასწავლებლების დახმარებით, მრავალ საინტერესო გაკვეთილს გადიან: „კრიმინალური ფსიქოლოგია“, „დებატების ხელოვნება“, „რა? სად? როდის?“ „მენტალური მათემატიკა“ – ეს ნაწილია იმ კურსებისა, რომლებსაც დევნილ ბავშვებს ჩვენ უსასყიდლოდ ვთავაზობთ.
მე მე-7 და მე-8 კლასელების დებატების მასწავლებელი ვიყავი 3 წლის მანძილზე. საინტერესოა, რამდენი რამის სწავლა შეგიძლია ბავშვებისგან, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მეც ჯერ კიდევ ბავშვი ვარ.
გაკვეთილები ძალიან წარმატებული გამოდგა – ყველას ბევრი ჰქონდა სათქმელი და სამწუხაროა, რომ ზოგიერთი სკოლა და მასწავლებელი ბავშვებს არ აძლევს აზრის გამოთქმის საშუალებას. მახსოვს, როგორ უჭირდათ კურსის დასაწყისში მათ მყარად საკუთარ აზრზე დგომა და მისი არგუმენტირება.
ჩემი სკოლა ამ ამერიკულ პრინციპზე დგას – აზრის თავისუფლება და მისი პატივისცემა ჯანსაღი აკადემიური გარემოს საყრდენია. მხოლოდ ამ უმნიშვნელოვანესი საყრდენიდან იბადება ყველა გენიალური იდეა, რომელიც კაცობრიობას უნახავს.
– წარმატებები გქონდა ოლიმპიადებზე, მათ შორის „კინგსის“ ოლიმპიადაზე რამდენჯერმე გაიმარჯვე…

„კინგსის“ ბაკურიანის ბანაკში

– მე-5 კლასამდე მათემატიკის ოლიმპიადებზე გავდიოდი. მახსოვს, ტესტის შიში მქონდა და როდესაც თვითონ ოლიმპიადის დროს შეცდომებს ვუშვებდი, სახლში იგივე ამოცანებს, იგივე დროის პერიოდში სწორედ ვაკეთებდი. მაგრამ ბოლოს, ასე თუ ისე, მივეჩვიე. ალბათ მე-5 კლასიდან მათემატიკას თავი გავანებე, იმიტომ რომ მივხვდი, ლიტერატურა და გრამატიკა უფრო მსიამოვნებდა, ვიდრე ალგებრა და გეომეტრია. ზოგადად, არცერთი საგანი არასდროს არ გამჭირვებია – ვფიქრობ, საკმარის შრომას თუ ჩადებ, სკოლის პროგრამა უმარტივესად დასაძლევია.
„კინგსში“, თუ არ ვცდები, 6-ჯერ მივიღე მონაწილეობა. სამჯერ გავიმარჯვე და ბაკურიანის, წყალტუბოსა და ანაკლიის ბანაკებში გავატარე ზაფხული. ამ სამი მოგზაურობიდან სულ კარგი მოგონებები დამრჩა. ამერიკულ აკადემიაში ინგლისურ ენაზე რომ სწავლა დავიწყე, მივხვდი, სხვა ბავშვებთან შედარებით უსამართლო პრივილეგია მქონდა და ამიტომ ბოლო წლებში აღარ გავედი ოლიმპიადაზე, იმ ბავშვებისთვის ადგილი რომ არ წამერთვა, ვისაც ძალიან უნდოდა გამარჯვება.
– რით დაგამახსოვრდა სკოლის პერიოდი?
– ჯერ 51-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. იქ ორი ძალიან ახლო მეგობარი მყავდა. სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც თამაშით და დროის ტარებით იყვნენ გართულნი, მე და ჩემი მეგობრები უფრო მოსაწყენ – სწავლის საკითხებში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. ჩვენს სამს შორის მუდმივი შეჯიბრი იყო, ოღონდ ამ შეჯიბრს ჩხუბი თან არასდროს სდევდა. ალბათ ეს იყო ჩემი პირველი სწავლის მოტივაცია, რომ უკეთესი ვყოფილიყავი, ვიდრე სხვები.
51-ე სკოლაში, ჩემს კლასში საკმაოდ წარმატებული ვიყავი, ამიტომაც მე-6 კლასში მშობლებმა ჯერ ნიუტონის თავისუფალ სკოლაში გადამიყვანეს. ნიუტონი ჩემი პირველი კერძო სკოლა იყო. სამწუხაროა, რომ საჯარო სკოლები არ აძლევენ ბავშვებს ისეთ კომფორტსა და მოტივაციას, როგორც კერძო სკოლები. ამერიკაში, მაგალითად, ბავშვების 95% საჯარო სკოლაში სწავლობს. ჩვენთან, ეს ციფრი ალბათ 50-50-ზეა. განათლების მიღება ადამიანის ისეთივე ფუნდამენტური უფლებაა, როგორც სიცოცხლისა და ღირსების უფლება, ამიტომ ის, ხარისხიან ფორმაში, ყველასათვის უსასყიდლოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი. სამწუხაროდ, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ამაზე დიდი გავლენა აქვს.
მე-9 კლასიდან კი გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში გადავედი. ამ სკოლაში, როგორც მოსწავლე და ადამიანი, ყველაზე მეტად გავიზარდე. აქ ვისწავლე, რას ნიშნავს იშრომო და დრო დაუთმო საგნებს.
მე-12 კლასში პრეფექტად დავინიშნე. ბოლო მონაცემებით, ჩემი საშუალო GPA 3.98-ია, რომელიც მაქსიმუმის (4.00-ის) 99.5%-ია. სამივე სკოლაში მაქსიმუმს ვაკეთებდი – რა თქმა უნდა, იმის ფარგლებში, რის საშუალებასაც თვითონ სკოლა მაძლევდა.
– როგორც ყველა, შენც ბავშვობიდან მოდიხარ…

10 წლის  ძმასთან ერთად

– ისევე როგორც ახლა, ბავშვობისას ყოველ დღესაც ძალიან ადრე ვიწყებდი. ღამისგან განსხვავებით, დილის 7 საათი ისეთ შეგრძნებას მაძლევს, თითქოს უსაზღვრო არჩევანი მაქვს, თუ დარჩენილ 10-15 საათს როგორ გავატარებ. მახსოვს, მშობლებს არ უხაროდათ, ასე ადრე რომ ვდგებოდი, ალბათ იმიტომ რომ სულ ვხმაურობდი და მათაც ვაღვიძებდი. ამიტომ, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც დილით, ადგომამდე, ლოგინში თვალგახელილი ვიწექი, ჭერს ვუყურებდი და 1000 რაღაცაზე ერთდროულად ვფიქრობდი.
სქელ ტელევიზორში, რომელიც მაშინდელ პერიოდს ახასიათებდა, დილის ეთერის მულტფილმებს ვრთავდი ხოლმე.
შეიძლება დილით მშობლებს ვაღვიძებდი, მაგრამ ისე, ზოგადად, ჩუმი ბავშვი ვიყავი. დედაჩემს დაბადების დღეებზე რომ მივყავდი, მუსიკის მაღალ ხმაზე ვტიროდი და მისი ფეხების უკან ვიმალებოდი. ამიტომ ბევრი ჩემი ბაღელის დაბადების დღე მშობლების მაგიდასთან გავატარე – სულ თავი იმაზე დიდად მიმაჩნდა, ვიდრე სინამდვილეში ვარ.
დედაჩემი და მამაჩემი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი ოჯახი. ბებიაჩემი ჩემს დაბადებამდე წლებით ადრე წავიდა ამერიკაში და სულ იქიდან გვიჭერდა მხარს. 7 წლის რომ გავხდი, ჩემი ძმა დაიბადა – ძალიან მიყვარს, მაგრამ ხშირად ჩხუბში და კამათში ვატარებთ დროს.
ჩემთან ოჯახში ერთმანეთის სიყვარულთან ერთად ყველას თავისი ფუნქცია აქვს – და მანამ, სანამ ყველანი ამ ფუნქციას ვასრულებთ, ყველაფერი იდეალურადაა.

– გამორჩეულად გიყვარს კითხვა, წერ ლექსებსაც. რა ინტენსივობით წერ და რა თემებზე? კრებულის გამოცემას ხომ არ აპირებ? შენი ერთი ლექსი…
– ჰაჰაჰა, არა, კრებულის გამოცემას ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვაპირებ. პოეზიას დიდი სიფრთხილით ვეკიდები. მართალია, ქართული ჩემი მშობლიური ენაა, მაგრამ თითქოს ინგლისურ ენაზე მეტი სიზუსტით გადმოვცემ იმას, რისი თქმაც მინდა. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ინგლისურ ენაზე თუ დავწერ, ბევრად დიდი მკითხველთა ბაზა მეყოლება.
მაგალითად, ამ ლექსის სახელია – Weather Vane. ესაა დეკორატიული მამალი, რომელიც ფერმაში შენობის თავზე დგას და იქით ტრიალდება, საითკენაც ქარი უბერავს. აბა, მითხარით, ეს სათაური ქართულად როგორ ვთარგმნო?

Weather Vane

ჩემი ფრთები ჰაერში მთვრალი ხორბალივით რატომ არ ცურავს
მაშინ, როცა გუმბათზე მიჭედილ ვუცქერ მდელოებს ყვითელს?
მარად ფხიზელი, თოვლი და წვიმა მაგიჟებს, მშფოთავს.
დაე ქარი არა სისაღეს, არამედ შიშებს მპარავდეს პირველს!

ყვავილი მეტად ეულად საზრდოობს, ვიდრე სხვებთან
მაგრამ მილიარდ ყვავილში, მხოლოდ იმ ერთს რატომ ვერ ვხედავ?
ქარი მიბერავს და ჩემს თავს წაიღებს სადღაც შორს – მთისკენ
წყეულ გუმბათზე მიჭედილ, რად ვეღარ დავფრინავ, ნეტავ?

ვერცხლის გვირგვინი ჰაერში ბზინავს,
ქარი კი ქრის.

დაე, უბეროს,
მე მხოლოდ შენკენ ვისვრი მზერის სხივს.

——-
I wish my bent wings swayed through the air like the drunken wheat,
While every morning I stand upright and look over the arid yellow fields.
As I am always awake, I feel snow and rain quietly decay my wit,
Secretly hoping that they decay as well all of my fears.

I know that the plant who lives alone gets all the nutrients,
But in the bouquet of flowers I see only the one who is not there.
While the wind blows – it blows myself away from me, and as I am
Tied to my dome, I dream of the days when I could swim through the air.

I see the silver crown in the sky glowing,
And I – still pointing towards him
No matter where the wind is blowing.

– რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი შენ ირგვლივ?
– ძალიან მწყინს, როდესაც გარშემო ვიყურები, ამდენ პოტენციალს ვხედავ, მაგრამ ძალიან ცოტას – რეალიზებულს. ჩემთვის ფრაზა -„ჭკვიანია, მაგრამ ზარმაცი“ არ არსებობს, იმიტომ რომ ადამიანი ჭკვიანი ვერ იქნება, თუ ის მშრომელი არ არის.
ალბათ ეს ჩემი ოჯახის დამსახურებაა, რომ ასეთ დიდ ყურადღებას ვაქცევ სიბეჯითეს და შრომას. პოპულარული აზრისგან განსხვავებით, სწავლაზე დროის ხარჯვა არ ნიშნავს სოციალური ცხოვრების არქონას და გიჟურად მხოლოდ წიგნების კითხვას, ესეების წერას. რა თქმა უნდა, რაღაც მსხვერპლი უნდა გაიღო, მაგრამ არავის სჭირდება განათლებული ადამიანი, თუ ის, პირველ რიგში, შემდგარი პიროვნება არაა.
ამიტომ ჩვენს საზოგადოებაში მე დამოკიდებულებას შევცვლიდი. ამოვიღოთ ხმარებიდან სიტყვები: – „ხვალ გავაკეთებ“, „5 წუთით მეძინება“…
სიზარმაცე  ადამიანის გონების მტერია, შრომა – კი მისი საკვები.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები