ორი სამშობლო და… ქალბატონი, ვინც ქარელს მეგობრობის ნიშნად წყარო აჩუქა

ქარელში დაბადა და გაიზარდა. სკოლაშიც კარგად სწავლობდა, მაგრამ 1973 წლამდე საქართველოში ცხოვრობდა, ისრაელში კი 30 წლის იყო, რომ ავიდა.

პაატა იოსებაშვილი, მანანა დუმბაძე, იზოლდა მოშიაშვილი

ამბობს, რომ წერა ძირითადად ისრაელში ასვლის შემდეგ დაიწყო, უცხო მხარეში ყოფნამ, მშობლებისა და ახლობლების მონატრებამ, დედულეთის ხილვის სურვილმა კალამი ააღებინა.
1980 წლიდან მისი ნაწარმოებები სისტემატურად ქვეყნდება ისრაელში – ქართულენოვან გაზეთში „ალია საქართველოდან“, ჟურნალებში: „აშდოდელები“, „ერთობა“, გაზეთ „მოამბეში“…
გამოსაცემად ამზადებს მეორე წიგნს.
არის საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესისა და კონგრესთან არსებული ქალთა ორგანიზაციის აქტიური წევრი, ხაიფაში მცხოვრებ ქართველ ებრაელ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, „გულთა კავშირის“ ერთ-ერთი მესვეური, ქართველი და ებრაელი ერის ურთიერთობის განმტკიცების საქმეში თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს. 
სულ ახლახან საქართველოში, მშობლიურ რაიონში – ქარელში მისი უშუალო ინიციატივით წყარო გაკეთდა. დიდი სურვილი აქვს, რომ საზეიმო ვითარებაში გაიხსნას ეს წყარო და ტურისტულ ნუსხაშიც შევიდეს. – მწერლისა და ქველმოქმედის, იზოლდა მოშიაშვილის (ბენ მოშე) პერსონა.

– ქალბატონო იზოლდა, ქარელში თქვენი უშუალო ინიციატივით წყარო გაკეთდა… მოგვიყევით, როგორ დაიბადა ეს იდეა…
– საქართველოში, პირველად, 37 წლის შემდეგ ჩამოვედი, ჯგუფთან ერთად. ჩვენს ამ მოგზაურობას წინ უსწრებდა ჟურნალისტ ნინო ყოლანდარიას ვიზიტი ისრაელში, რომელმაც გადაიღო ფილმი 5 სერიად – „ორი სამშობლო“, სადაც აღწერილია ჩვენი თემის ცხოვრება ისრაელში, მან გააგრძელა ჩვენი მოგზაურობის გადაღება საქართველოში, კერძოდ ჩვენი ნასახლარი ადგილების მონახულება.

ასეთი იყო წყარო პირველად ნახვისას

საქართველოში ჩამოსულებს ქალბატონი ნინო აეროპორტში დაგვხვდა, ჩვენთან ერთად იმოგზაურა და ფირზე აღბეჭდა ის კადრები, რაც ამ მოგზაურობის დროს გადაგვხდა თავს.
როგორც ყველას, მეც ჩემი ნასახლარის ნახვა მაინტერესებდა, მაგრამ იქ მისულმა ვერ შემიცანი, ძველი ბინები აეღოთ და საერთო საცხოვრებელი აეშენებინათ. ავტობუსიდან ჩასულმა ფეხი დავადგი მიწას და ყველაფერი აირია ჩემს თვალწინ, ვერ წარმოვიდგინე, რომ იმ ადგილზე ვიდექი, სადაც წლების წინ ბავშვური სიხარულით ვხარობდი, ცხოვრებას სულ სხვა თვალით ვუყურებდი. ვიდექი და თავი სიზმარში მეგონა. ახლა კი თითქოს ჩემთვის უცხო იყო ყველაფერი.
ხანშიშესული ადამიანი შევნიშნე და მას გამოველაპარაკე, ვუთხარი, ვინც ვიყავი და მუდარით შევხედე, ჩვენს ნასახლარს ვერ ვპოულობ-მეთქი. მან მამაშვილურად გულში ჩამიკრა და მითხრა: ჩემი სახლის მეორე სართული მამაშენის მოხატულია და მუზეუმივით ვუფრთხილდებიო.
შემდეგ ხელი მომკიდა და მითხრა, წამოდი, წაგიყვან იმ ადგილზე, რაც შენ გაინტერესებს და გაგახარებსო. ასე აღმოვჩნდი იმ სანუკვარ წყაროსთან, რომელიც ერთ დროს ჩვენს ეზოში მიედინებოდა და „საშას წყაროდ“ იხსენიებდნენ. ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო, ემოციებმა და ცრემლმაც არ დააყოვნა.

წყარო – განახლების შემდეგ

ჩვენ იქ აღარ ვცხოვრობდით, მაგრამ ჩვენი სახელი მაინც არსებობდა ჩვენი უკვდავების წყაროს სახელით.
ეს ყველაფერი ქალბატონმა ნინომ ფირზე აღბეჭდა და დოკუმენტურ ფილმად აქცია, რომელმაც მთელი საქართველო მოიარა. ნანახმა და განცდილმა თავისებურად იმოქმედა ჩემზე და დაიბადა წყაროს გაკეთების იდეა – ეს წყარო იქნებოდა ორი ერის – ქართველთა და ებრაელთა ურყევი მეგობრობის ამსახველი უნიკალური ძეგლი. ოცნება რეალობად ვაქციე, ღმერთისა და კეთილი ხალხის დახმარებით ეს ჩანაფიქრი კეთილად დაგვირგვინდა. ისტორიას შემორჩება და მომავალ თაობებს გადაეცემა ჩვენი თანაცხოვრების ამსახველი ლამაზი მოგონებები.
დღეს მე უზომოდ ბედნიერი ვარ. დავუკავშირდი ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს – ივანე არდემანიშვილს და საკრებულოს აპარატის უფროსს – მაია გოგიჩაიშვილს და დათქმულ დღეს ვეწვიეთ მათ.
ვისაუბრეთ და ჩემი ჩანაფიქრი გავანდე. მათ თანხმობა და თანადგომა აღმითქვეს. ცოტა მოგვიანებით კი ჩემი ნაცნობი ნინო აბაშიშვილი ჩავაყენე საქმის კურსში, მან ყველაფერი გააკეთა, რომ სიტყვა საქმედ ექცია და ჩემი დიდი ხნის ოცნება ასრულებულიყო. ნინოს ამ საქმის განხორციელებაში ხელი შეუწყეს გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლადო სულაქველიძემ და კახა როინიშვილმა, რისთვისაც ყველას უღრმესი მადლობა.

ქარელის საკრებულო – ვანო არდემანაშვილთან და მაია გოგიჩაშვილთან ერთად

ჩვენი „უკვდავების წყარო“ ჯერ არ მინახავს, მხოლოდ სურათები მაქვს, როცა საქართველოში ჩამოვალ, მინდა საზეიმო ვითარებაში აღვნიშნო ამ ისტორიული ძეგლის მონახულება. დიდი სურვილი მაქვს, ეს ძეგლი ტურისტულ ნუსხაში შევიდეს, რათა მომავალ თაობებს წარმოდგენა ჰქონდეთ ჩვენს წარსულზე. მჯერა, ამასაც შევძლებ.
– გაიხსენეთ ბავშვობა, ოჯახი, ქარელთან დაკავშირებული მოგონებები…
– დავიბადე საქართველოს ერთ-ერთ პატარა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ლამაზ და ბუნებით გამორჩეულ დაბა ქარელში. დედა დიასახლისი იყო, მამა კი – მღებავი. არა უბრალო ხელოსანი, არამედ მხატვარი, რომელიც ანგელოზებსაც კი ხატავდა ჭერზე და კედლებზე. ძალიან მოთხოვნადი ხელოსანი იყო. მისი სამუშაო სეზონური იყო და სანამ ჩამოთოვდა, დაუზარლად მუშაობდა, რათა ზაფხულში ნაშოვნი ფულით ზამთარში გამოეკვება ოჯახი, სადაც ხუთი და-ძმანი ვიზრდებოდით და იოლი არ იყო მრავალსულიანი ოჯახის რჩენა. ამიტომ ზაფხულში ერთდროულად რამდენიმე ადგილზე მუშაობდა. საკუთარი საქმის კარგი მცოდნე მრავალი შეგირდი ჰყავდა სხვადასხვა რაიონიდან.

ნანა დავართან და ნინო ყოლანდარიასთან ერთად

დილით ყველა ჩვენს სახლში იყრიდა თავს, მამა მათ საქმეს უნაწილებდა, თუ ვინ სად უნდა წასულიყო. იყო ხმაური, აზრის გაცვლა-გამოცვლა, საჭირო მასალების შერჩევა. სანამ მამაკაცები საქმეს გაანაწილებდნენ, დედა დიასახლისის მოვალეობას არ ივიწყებდა და დილის საუზმეს უმზადებდა მომუშავე პერსონალს. არასოდეს არ გაუშვებდა მათ უჭმელს, ამბობდა: „მუშა უფულო მინახავს, პურუჭმელი კი არაო“.
საღამოს კი, დაღლილობის მიუხედავად, ყველა მაინც მხიარული და ბედნიერი იყო, ყვებოდნენ იმ დღის თავგადასავლებს. ყველაზე მეტად კი კურიოზების მოსმენა გვიყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ შორი გზა ჰქონდათ გასავლელი (ზოგი ხაშურიდან იყო , ზოგი გორიდან), მაინც არ ჩქარობდნენ შინ დაბრუნებას. ასე იყო მთელი ზაფხულის განმავლობაში, ალალი გულით უნაწილებდნენ ერთმანეთს შრომით ნაშოვნ ლუკმას.
აი ეს, თუმც უბრალო, მაგრამ ურთიერთსიყვარულით გამთბარი დღეები ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა.
– სკოლა ქარელში დაამთავრეთ….
– ვსწავლობდი ქარელის პირველ საშუალო სკოლაში, დავამთავრე ათწლედი, მართალია ფრიადოსანი არ ვიყავი, მაგრამ კარგად ვსწავლობდი. ჩემი საყვარელი საგნები იყო ქართული ლიტერატურა, ფიზიკა-მათემატიკა, ხაზვა და სხვა. ბევრ მოსწავლეს ხაზვა არ ეხერხებოდა და მთხოვდნენ, მათთვისაც დამეხაზა საშინაო დავალება. სიამოვნებით ვასრულებდი მათ თხოვნას, რა თქმა უნდა, პატარ-პატარა შეცდომებით, მაგრამ დიდხანს ვერ შევძელით მასწავლებლის მოტყუება. ერთ დღეს, როცა ყველას ნამუშევარი შეაგროვა მასწავლებელმა და თვალი გადაავლო მაგიდაზე გაშლილ ნახაზებს, ჩვენდა გასაკვირად, ხმამაღლა წამოიძახა, ეს რამდენიმე ნახაზი ალელიშვილის შესრულებულია და არა თქვენი, ამიტომ თქვენ – ყველას შესაფერის ნიშანს დაგიწერთ, ალელიშვილს კი – დიდ ორიანსო. თქვა და შეასრულა კიდეც, ჩემი გვარის გაყოლებაზე დიდი ორიანი ჩაწერა და თან გამაფრთხილა, თუ კიდევ განმეორდება, წლის ბოლოსაც ასე ლამაზი ორიანი ჩაიწერება შენი ნიშნის ფურცელშიო.

ანსამბლ „გვირილის“ ვიზიტი ისრაელში

ცოტა ხნით შევწყვიტე ამხანაგების დახმარება, მაგრამ მასწავლებლის მუქარა დამავიწყა მისმა სიტყვებმა, ჩემი ნამუშევრის ნახვის შემდეგ რომ მომმართა: რომ შეიძლებოდეს, ათიანს დაგიწერდიო.
ჩემი საყვარელი საგანი კიდევ იყო ქართული ლიტერატურა, დღესაც ძალიან ბევრი ლექსი ზეპირად ვიცი. განსაკუთრებით კი -„ვეფხისტყაოსანი“ თავისი აფორიზმებით.
მათემატიკაში კი სახლშიც კი ვამეცადინებდი თანაკლასელებს. ორი წლის წინ, ქარელის საკრებულოში ვიმყოფებოდი შეხვედრაზე, ზემოხსენებული წყაროს საკითხის მოსაგვარებლად, იქიდან გამოსულებს, წყაროსთან, ერთი მამაკაცი მოგვიახლოვდა, ქალბატონ მაია გოგიჩაიშვილს გაესაუბრა, რომ გაიგო, ვინ ვიყავი, დიდი სიხარულით გამომიწოდა ხელი და თან დააყოლა, აბა, გაიხსენე, ჩვენ ერთ კლასში ვსწავლობდით (სახელი დამავიწყდა) და მათემატიკაში ყოველთვის მამეცადინებდიო. მეც გახარებული მივესალმე, ვერ შევიცანი, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო ამის მოსმენა. გულში კი გავიფიქრე: მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგვხვდებაო.
სწავლის გაგრძელების სურვილი დიდი იყო, მაგრამ მრავალ სხვა დაბრკოლებასთან ერთად, ეკონომიკური მდგომარეობაც არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გამეგრძელებინა. ოჯახის გადაწყვეტილებით, ჭრა-კერვის შესასწავლად კარგ მკერავთან მიმიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში თხუთმეტი წელი საბავშვო ბაღში ვიმუშავე, კერვა დღემდე ჩემი ცხოვრების თანამგზავრია.
– როდის დაიწყეთ წერა? 
– თავიდან ვწერდი ჩემთვის, ფაქტობრივად, ისრაელში ამოსვლის შემდეგ დავიწყე თამამად წერა და სააშკარაოზე გამოტანა. იმ დროისთვის უცხო მხარეში ყოფნამ, მშობლების და ახლობლების მონატრებამ, დედულეთის ხილვის სურვილმა კალამი ამაღებინა და ჩანაფიქრი ფურცელზე გადამატანინა. უფრო გავთამამდი, როცა შევიტყვე, რომ გამოდიოდა ქართულენოვანი გაზეთი „ალია საქართველოდან“ და შემეძლო ნაწარმოებების მის ფურცლებზე გამოქვეყნება.
მოგვიანებით სხვა ჟურნალებშიც ვაქვეყნებდი ლექსებს. ჩემი ნაწარმოებების პირველი მსმენელი, პირველ რიგში, ჩემი ქალიშვილი იყო. ჩემმა შვილებმა ხომ ქართული წერა-კითხვა არ იცოდნენ და იძულებული ვიყავი, მე წამაკითხა, მეუღლესაც უყვარდა, როცა გაზეთში იბეჭდებოდა ჩემი ნაწერები, ზოგჯერ, როცა მოთხრობა ქვეყნდებოდა და ეს გრძელდებოდა თვეობით, მეგობრები მირეკავდნენ, აინტერესებდათ, როგორი დასასრული ექნებოდა ნაწარმოებს. პასუხად გაზეთის მომავალი ნომრების ცდა უწევდათ.
უღრმესი მადლობა გაზეთ „ალიას“ დამაარსებელსა და მთავარ რედაქტორს, ბატონ აბრამ სეფიაშვილს, რომელმაც მრავალ ჩვენგანს მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენი ნაფიქრალი ხმამაღლა გვეთქვა.
– 1973 წლიდან ისრაელში ცხოვრობთ… როგორი განცდით დაშორდით საქართველოს 30-წლიანი ცხოვრების მერე?

შეხვედრა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში

– 1973 წელს დავტოვეთ ის ლამაზი მხარე, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ, ცხოვრება შევიცანით, ვიზიარეთ ყველაფერს, რაც ჩვენ ირგვლივ ხდებოდა, შევისისხორცეთ და გავითავისეთ ყოველი წვრილმანი.
ყველასათვის იყო ცნობილი და ჩვენი წინაპრები თაობიდან თაობას გადასცემდნენ, რომ ჩვენ გვქონდა ჩვენი ქვეყანა, და რომ დადგებოდა დრო, როცა ჩვენ ჩვენს სამშობლოში მოგვიწევდა დაბრუნება. ღმერთმა ისმინა ხალხის გოდება და სწორედ ჩვენს თაობას ხვდა წილად ამ მისიის შესრულება.
ჩვენ საქართველოსთვის არ გვიღალატია, არც გამოვქცეულვართ და თავშესაფარი არ გვითხოვია არცერთი სხვა ქვეყნისთვის. ჩვენ უბრალოდ დავბრუნდით ჩვენს ისტორიულ სამშობლოში. ეს ფარული გრძნობა, დაინტერესება და სურვილი ისეთი ძლიერი იყო, არანაირ დაბრკოლებას არ შეეძლო ჩვენი შეჩერება. ღმერთისგან ასე იყო გადაწყვეტილი და ასეც მოხდა.
ოცდაათი წლისამ დავტოვე საქართველო ოჯახთან ერთად და უკვე ორმოცდაშვიდი წელია, რაც ისრაელში ვცხოვრობ, მაგრამ ერთი დღეც არ გასულა საქართველოსა და ქართველი ხალხის მოგონების გარეშე.
დასტურად შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღემდე ქართული ცნობიერებით ვცხოვრობთ, ვწერთ და ვკითხულობთ, ვმღერით და ვცეკვავთ, ჩვენს ოჯახებში ქართული კულინარია პირველ ადგილზეა. ამას ის ქართველი მეგობრებიც დაადასტურებენ, რომლებიც ისრაელში სტუმრად იმყოფებოდნენ. ის გულუხვი სტუმარ-მასპინძლობა, როგორც ჩვენ ვხვდებით ჩვენს თანამემამულეებს, ეს ხომ ისევ თქვენგან ვისწავლეთ და შევისისხლხორცეთ. მჯერა, ამ ტრადიციას კიდევ რამდენიმე თაობა გააგრძელებს.
მართალია ფიზიკურად დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ სულიერად ყოველთვის ერთად ვართ.

ლაშა ჟვანიასთან ერთად (მარჯვნიდან პირველი)

– 1980 წლიდან თქვენი ნაწარმოებები სისტემატურად ქვეყნდება ისრაელში, ქართულენოვან გაზეთში „ალია საქართველოდან“, ჟურნალებში: „აშდოდელები“, „ერთობა“, გაზეთ „მოამბეში“…
რა არის თქვენი ნაწარმოებების თემატიკა და რომელ ნაწარმოებს გამოყოფდით ახლა, რომელიც თქვენ გიყვართ.
– 70-იან წლებში, როცა დიდი ალია დაიწყო როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, ასევე საქართველოდან ახალი ამოსულები, ძალიან დიდ დაბრკოლებებს წავაწყდით. პირველ რიგში, ეს იყო ენა, რომელიც უცხო იყო ჩვენთვის, ამას ემატებოდა უცხო ხალხი, უცხო კანონები და, საერთოდ, ირგვლივ ყველაფერი უცხო, მაგრამ იყო პატრიოტიზმი და მზადყოფნა სულიერადაც და ფიზიკურადაც, ყოველგვარი დაბრკოლების გადასალახავად, რათა ცხოვრება გაგვეგრძელებინა.
ჩვენთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ არსებობდა ქართული დამწერლობა, ყოველდღე განკუთვნილ დროს ვისმენდით რადიოგადაცემას ქართულ ენაზე. ის ინფორმაციებიც, რასაც ვიგებდით გაზეთისა და რადიოს საშუალებით, ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა.
ბევრი ფიქრის შემდეგ გაზეთის რედაქტორს დავუკავშირდი და ბატონ აბრამს ვესტუმრე რედაქციაში. ჩემი რამდენიმე ლექსი დავუტოვე იმ იმედით, რომ უახლოეს მომავალში მაცნობებდა პასუხს.
რამდენიმე კვირის შემდეგ, როცა ჩემი პირველი ლექსი ვიხილე გაზეთში, სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებდი. და ეს ლექსი  საქართველოზე იყო.
ასე რომ, 1980 წლიდან ჩემი ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიაში“, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი როგორც ბატონ აბრამს, ასევე მთელ მომსახურე პერსონალს.
დროთა განმავლობაში ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს, ქვეყნის ჩრდილოეთიდან მათ ინფორმაციებს ვაწვდიდი. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. შემდეგ იყო ჟურნალი „აშდოდელები“ (რედაქტორი – სულო სეფიაშვილი), გაზეთი „მოამბე” და ჟურნალი „ერთობა”.
– საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის და კონგრესთან არსებული ქალთა ორგანიზაციის აქტიური წევრი ხართ…
– როცა საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი ჩამოყალიბდა მირილაშვილების თაოსნობით, იმ დღიდან კონგრესის წევრი ვერ, მიყვარს ჩემი თემი, ჩემი ხალხი, ყოველთვის სურვილი მქონდა და მაქვს, მათ გვერდით ვიყო, ვაკეთო საერთო საქმე ყოველგვარი ანგარების გარეშე.
კონგრესთან არსებულმა ქალთა ორგანიზაციამ, რომელსაც აწ განსვენებული თამარ მამისთვალოვი ხელმძღვანელობდა, ბევრი საინტერესო და სასიკეთო საქმე გააკეთა, ეს იყო პოეზიის საღამოები, შეხვედრები გამოჩენილ პიროვნებებთან, ომის ვეტერანებთან, საქართველოდან ჩამოსულ სტუმრებთან. კონგრესი ეხმარებოდა გაჭირვებულ და შრომისუუნარო ბავშვებს, ასაჩუქრებდა მათ კომპიუტერებით, ტელევიზორებით, სასკოლო ინვენტარით და მრავალი სხვა. ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამას იმიტომ ვწერ, რომ იმ საქმიანობის უშუალო მონაწილე ვიყავი ხაიფასა და მის შემოგარენ რაიონებში და დღემდე ასე გრძელდება. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ, ყოველგვარი დახმარებისთვის და ამას ვაკეთებ დიდი სიხარულით და ძალისხმევით.
კონგრესმა დიდი პატივით მიიღო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავისი ამალით. კონგრესმა თავისი წვლილი შეიტანა თბილისში ებრაული მუზეუმის აღდგენით სამუშაოებში, ეხმარებოდა სტუდენტებს, გაიმართა ნორჩ მხატვართა შეჯიბრი, ტარდებოდა ახლად გამოცემული წიგნების წარდგენები. გამოდიოდა გაზეთი „მოამბე“ და ჟურნალი „ერთობა“, სადაც ერთი გვერდი ჩემ მიერ მიწოდებულ მასალებს ეთმობოდა. ვაქვეყნებდი მასალებს ჩვენი თემის მიღწევებისა და სიახლეებზე..
– ხაიფაში მცხოვრები ქართველ ებრაელ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევით…
– რამდენიმე წლის წინ ბატონმა აბრამ სეფიაშვილმა გადაწყვიტა, არჩევნების გზით ჩამოეყალიბებინა სხვადასხვა ქალაქში ქართველ ებრაელ ქალთა ორგანიზაციები. როცა ეს ჩანაფიქრი გამანდო და თან შემომთავაზა, რომ პირველი ნაბიჯი მე უნდა გადაედგა, დავთანხმდი და მანაც არ დააყოვნა, მომდევნო გაზეთში უკვე დაბეჭდა ყველა საჭირო ინფორმაცია და დებულება, თუ როგორ წარიმართებოდა არჩევნები.

ერთ-ერთი როლის შესრულებისას

მე, როგორც ცნობადი სახე, ხმათა უმრავლესობით (იყვნენ სხვა კანდიტატებიც) ამირჩიეს ხაიფაში მცხოვრებ საქართველოდან ამოსულ ებრაელ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელად, უფრო მეტი პასუხისმგებლობით განვაგრძე ჩემთვის საყვარელი და საინტერესო საქმიანობა. ვატარებდი შეხვედრებს სხვადასხვა საინტერესო საკითხზე, დავდიოდით ექსკურსიებზე ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ვხვდებოდით იმ პირებს, ვინც ხალხის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაში დაგვეხმარებოდა.
მინდა ერთი შემთხვევა გავიხსენო – უშუალო კავშირი მქონდა ხაიფის უნივერსიტეტთან, როგორც ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელსა და ჩვენი რაიონის აქტივისტთა ჯგუფის წევრს. უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტიდან ყოველი წლის ბოლოს მიგზავნიდნენ სტუდენტებს ჩემი ჯგუფის ქალბატონებისათვის ლექციების ჩასატარებლად.
იმ წელს თეატრალური ფაკულტეტის სტუდენტები გამოგვიგზავნეს.
სტუდენტმა გოგონებმა გადაწყვიტეს, სპექტაკლის დადგმა ჩვენი მონაწილეობით.
თითოეულ ჩვენგანს უნდა გაგვესახიერებინა ის ქვეყანა და გაგვეხსენებინა რაიმე შემთხვევა, რაც უკაბშირდებოდა ისრაელში ამოსვლას. მე მოვუყევი სტუდენტებს ისრაელში ამოსვლასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ეპიზოდი, რაც აეროპორტში გადაგვხდა თავს, მოეწონათ და გადაწყვიტეს, რომ მე ამ სურათით წარვდგებოდი მაყურებელის წინაშე. სცენარი სტუდენტებმა მოამზადეს.

სტუმრები საქართველოდან კონგრესში

საქართველოს სახე ქართული სიმღერით უნდა ამესახა (მე და სიმღერა ძალიან შორს ვართ, მაგრამ მაიძულეს). ამიტომ გამოსვლა დავიწყე „იავნანათი“ და დავამთავრე „სულიკოს“ სიმღერით. ეს ჩვენი მინი-სპექტაკლი ხაიფაში ფესტივალზე უნდა წარგვედგინა. ის დღეც დადგა. ყველა ვღელავდით…
მე მართლა შევიჭერი როლში და ჩემი გამოსვლა ისეთი ემოციით წარვმართე, რომ მონოლოგის დამთავრების შემდეგ დავინახე, რომ დარბაზში მსხდომი ყველა იცრემლებოდა. ეს იყო პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული დრამა. ნანახით აღფრთოვანებული ლექტორები სცენაზე ამოვიდნენ მადლობის გადასახდელად.
სტუდენტების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ეს ხომ მათ სადიპლომო ნაშრომად ეთვლებოდათ. მათ თვალზე კი სიხარულის ცრემლები კიაფოდა. მეც ბედნიერი ვიყავი ამ ლამაზი წუთების გამო.
– ქართველი და ებრაელი ერის ურთიერთობაში თქვენი წვლილი შეგაქვთ. ხშირად ნახულობდით ომში დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც ისრაელში მკურნალობდნენ. 

„მეგობრობის ხეივნის“ გაშენება ქუთაისში

– ჩვენ, ქართველი და ებრაელი ერი ხომ ერთად შესისხორცებული ერი ვართ, ერთი ჰაერით ვსუნთქავდით, ერთი მიწის ნაყოფით ვიკვებებოდით და ერთად ვეწეოდით ცხოვრების ჭაპანს. ჩვენი წინაპრების ძვლები ხომ ახლაც განისვენებენ საქართველოს მიწაში. ჩვენი ძლიერი ფესვები მანდ არის დარჩენილი. ჩვენც ერთ-ერთი შტო ვართ ამ ძლიერ ფესვებზე აღმოცენებული და როგორ შეგვიძლია ეს დავივიწყოთ. თქვენი სიხარული ჩვენი სიხარულია, თქვენი ტკივილი ჩვენი ტკივილია როცა შევიტყვეთ, რომ საქართველოს ცა შეაზანზარა ომის შემზარავმა ხმამ, რომ საქართველოს მიწა შეღება უდანაშაულო ხალხთა სისხლმა, აწიოკდა დიდი და პატარა (ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით) და ომი უმსხვერპლოდ და ტკივილის გარეშე ხომ არ არსებობს. ქართველ ხალხს თანავუგრძნობდით შორიდან, მაგრამ როცა შევიტყვეთ, რომ ომში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები ისრაელის საავადმყოფოებში მკურნალობდნენ, გადავწყვიტეთ მათი მონახულება.
როცა მე და ჩემი მეგობარი მანანა არონაშვილი მათ სანახავად მივედით, ისინი ორთოპედიულ განყოფილებაში იწვნენ, ქვედა კიდურები ჰქონდათ დაზიანებული და აპარატურაზე შეერთებულნი იყვნენ, ოთახში სამი საწოლი იდგა, მათ დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლოთ, თავს დასტრიალებდა მეგობარი ექიმი ქალბატონი, ისიც დაჭრილი იყო ბეჭში, სიარული შეეძლო და ვინც დაიკვნესებდა, მასთან გაჩნდებოდა ხოლმე, ეფერებოდა, ანუგეშებდა და რაც შეეძლო, დახმარებას უწევდა, როგორც მეგობარი და ექიმი.

ქუთაისი, „მეგობრობის ხეივანი“

მივესალმეთ, გავეცანით, ბევრი ვისაუბრეთ, გავიხსენეთ ძველი და ახალი. გვინდოდა მათთვის წუთიერად დაგვევიწყებინა ფიზიკური და სულიერი ტკივილი. ერთ-ერთი ვიზიტის დროს ექიმ ქალბატონს ჩემი წიგნიც ვაჩუქე, ვიფიქრე, ქართულ ენაზე წაკითხვა ცოტა სიამოვნებას მოჰგვრიდა.
ზოგჯერ სხვა ქალაქების საავადმყოფოებში მივდიოდით მე, მანანა და მისი და – მარინა.
დაჭრილი ჯარისკაცების შესახებ სხვა ქალაქში მცხოვრებ მეგობარ ქალბატონებს შევატყობინე, მათაც აღარ დააყოვნეს და მოინახულეს ჩვენი ჯარისკაცები. გასაუბრების შემდეგ ისეთი სუფრა გაეშალათ, კაცს თავი ქორწილში გეგონებოდა. განა მათ რამე აკლდათ? არა, ჩვენ – ყველა ვცდილობდით, მათთვის გვეგრძნობინებინა ის ოჯახური სითბო და სიყვარული, რაც აკლდათ და ენატრებოდათ. ასე გრძელდებოდა საქართველოში მათ დაბრუნებამდე.
– „გულთა კავშირის“ კოორდინატორი ხართ. როგორ გესახებათ ეს კავშირი ორ ერს შორის?
– დიდი ხანი არ არის, რაც „გულთა კავშირი” ჩამოყალიბდა, რომლის პირველი პრეზიდენტი პაატა იოსებაშვილი იყო, ენერგიული და დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შემსრულებელი. ბევრი საინტერესო რამ გაკეთდა ორი ერის მეგობრობის გასაძლიერებლად.

ოთარ სეფიაშვილთან ერთად

ჩემი აზრით, ყოველი გადადგმული ნაბიჯი, რაც ამ ორი ერის ურთიერთობას წაადგება, მისასალმებელია. ყოველ წამოწყებას გამარჯვება ექნება, თუ ეს ურთიერთგაგებით და სიყვარულით გაკეთდება. ჩვენ კი ვალდებულნი ვართ, პირნათლად მოვიხადოთ ადამიანური ვალი და ყველა წამოწყებას წარმატება ვუსურვოთ.
გასაკეთებელი ბევრია, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
– ჰობი?
– წერა, კითხვა, საზოგადოებასთან კავშირი და სასარგებლო საქმის კეთება.  თუ მცირედით მაინც ვაღწევ მიზანს, თავს ბედნიერ ადამიანად წარმოვიდგენ.
– გამოსაცემად ამზადებთ თქვენს მეორე წიგნს. რა შევა ამ წიგნში – პროზა თუ პოეზია?
– წიგნი, რომელსაც გამოსაცემად ვამზადებ, ავტობიოგრაფიულია და ცოტა პოეზიაც შევა. ჩემი შვილებისა და შვილიშვილების თხოვნით, მინდა, რომ ეს წიგნი ორ ენაზე – ქართულად და ივრითულად გამოიცეს. იმედი მაქვს, თავს გავართმევ.
ამ ცოტა ხნის წინ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გამოსცა წიგნი, სადაც შესულია სხვადასხვა ქვეყნიდან ამოსულ ხალხთა კულინარია, სადაც ქართული კულინარიაც შევიტანე. ეს ჩემთვის სასიხარულო იყო.
– ჯილდოები…

შეხვედრა ქუთაისში

– ოთხ ათეულ წელზე მეტია, საზოგადოებრივ საქმიანობას ვეწევი და თითქმის არ ყოფილა ისეთი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა არ მიმეღოს, მითუმეტეს, თუ ეს საქართველოსა და ისრაელს ეხებოდა. ნათქვამს თუ იმასაც დავამატებთ, რომ მე ჩვენს რაიონში არსებული აქტივისტთა ჯგუფის წევრიც ვარ, ამიტომ ჯილდოები, სიგელები, მადლობის წერილები საკმაოდ მივიღე, როგორც აქ, ასევე საქართველოში. ჩემთვის ყოველი მათგანი ძვირფასია, რადგან ყოველივე ჩემი შრომის ნაყოფია.
მაგრამ ჩემთვის მაინც ყველაზე ძვირფასი ჯილდოა ის, რაც ფურცელზე არ იწერება და პირადად ვგრძნობ ჩემს გვერდით მყოფთაგან. ეს არის ხალხის სიყვარული, ჩემთვის ეს უძვირფასესი განძია, რისთვისაც ყველას უღრმეს მადლობას ვუხდი. ვისურვებდი, რომ გავამართლო, სათუთად მივეფერო ამ წმინდა გრძნობას და სიყვარულითვე ვუპასუხო.
– ოჯახი, შვილები, შვილიშვილები…
– უბედნიერესი და იღბლიანი ქალი ვარ. მყავდა უძვირფასესი მეუღლე (სამწუხაროდ, ოთხი წელია გარდაიცვალა). იგი ძალიან მაკლია და მენატრება. თუ არა მისი გვერდში დგომა და ხელის შეწყობა, ვერ შევძლებდი იმის გაკეთებას, რაც გავაკეთე.

შვილთაშვილები

ახალი უცხო ქვეყანა, სამსახური, სამი შვილი და პლუს ჩემი საზოგადოებრივი საქმიანობა, დიახაც, რომ სწორედ ჩემი მეუღლის დამსახურებაა, ჩემი მრავალი ოცნება რომ ამისრულდა (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული).
მყავს სამი სანაქებო შვილი, ორი ვაჟი და ერთი გოგო. ყველა სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი და დაოჯახებულია. ბედნიერად ცხოვრობენ. მყავს ცხრა შვილიშვილი, ჩემი სულისა და ხორცის ნაწილნი, ჩემი სიამაყე და ძვირფასი განძი. ისინიც პირნათლად ასრულებენ მათზე დაკისრებულ ამქვეყნიურ ადამიანურ მოვალეობას. ნაწილმა უკვე გაიარა სამხედრო სამსახური, შეიძინეს ცოდნა, დაოჯახდნენ და ჩაებნენ ცხოვრების ფერხულში. მათაც მაჩუქეს ხუთი შვილთაშვილი, ხუთი მოკაშკაშე ვარსკვლავი. შვილიშვილების ნაწილი კი სკოლაში აგრძელებს სწავლას.
ბედნიერი ვარ, რომ მყავს ასეთი ლამაზი ოჯახი. სწორედ ისინი მატანინებენ იმ მძიმე ტკივილს და მივსებენ გულში სიცარიელეს, რაც ჩემი მეუღლის დაკარგვით არის გამოწვეული. ყოველთვის ვიამაყებ ჩემი ოჯახით.
– სამომავლო გეგმები…
– ცოტა ახალგაზრდა რომ ვიყო, ალბათ წინასწარ დავგეგმავდი მომავალს, მაგრამ ახლა, სამოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში, ცოტა მეუხერხულება წინასწარ რამე განსაკუთრებულის დაგეგმვა, თუმცა ჩანაფიქრი კი არის, ღმერთის წყალობით იმედი მაქვს, კიდევ მოვასწრებ რამე სასარგებლოს გაკეთებას. ისღა დამრჩენია, მივყვე ცხოვრების დინებას – მეგობრებთან ერთად წარმატებას მივაღწევთ.
წინასწარ არ მინდა რაიმეს თქმა. ვნახოთ…
– მეგობრებისადმი მადლობის გადახდა გსურთ. რა თქმა უნდა, გაძლევთ საშუალებას…

რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი, დაჯილდოება

– ყოველი ადამიანი თავისი წარსულით ცხოვრობს, რომელიც სასიამოვნოა მოსაგონრად.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ყველას, მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ტერიტორიულად შორს ვართ, შეუმჩნეველი არ დაგრჩათ ჩვენი თქვენდამი სიყვარული და აკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და გახანგრძლივდეს. ჩვენი შეხვედრები, მიწვევები ორივე ქვეყნიდან, საქმიანი თუ მეგობრული, მისასალმებელია და ეს ჩვენი ვალიცაა.
მინდა მადლობა გადავუხადო პაატა იოსებაშვილს, რომ მაძლევს შესაძლებლობას, მივიღო მონაწილეობა სხვადასხვა სახის საქმიანობაში.
ჩემი მოგზაურობა ყოველთვის ამდიდრებს ჩემი მეგობრების წრეს და საინტერესოს ხდის ჩემი ცხოვრების ამ წლებს. მადლობა საქართველოს საელჩოს, საქართველოს მწერალთა კავშირს, ჟურნალისტებს, რადიო და ტელეწამყვანებს, კინორეჟისორებს, პარლამენტის წევრებს, მწერლებს, პოეტებს, მსახიობებს, მხატვრებს და ყველას, თითოეულ თქვენგანს, ვინც ითავისებს და შემართებით იღწვის ამ ურთიერთობის გასაძლიერებლად.
მახსოვს ის ლამაზი დღეები, როცა 2014 წელს საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარდა ჩვენი, ქართელთა და ებრაელთა ოცდაექვსსაუკუნოვანი თანაცხოვრების დღეები. ეს იყო სითბოთი და სიყვარულით სავსე დღეები.
ჩემს მოგონებებს თუ ავხადე სარქველი, გამიჭირდება დასრულება, მაგრამ ჟურნალ „ანეულს“, მის მთავარ რედაქტორს და ყველა თანამშრომელს მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩემი ნაწარმოებების გამოქვეყნებისათვის, რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსში ჩართვისთვის.  მეგობრული, სიყვარულით სავსე საღამო იყო.
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალის საორგანიზაციო ჯგუფს დიპლომისთვის და აგრეთვე უღრმესი მადლობა მხატვარ მაია დიაკონიძეს იმ ლამაზი ნახატისთვის, რომელიც გადმომცა თვით ავტორმა. ეს ჩემთვის დიდი პატივია.
დაბოლოს ჩემი სტრიქონებით მოგეფერებით:
„დრო და სიშორე ვერას დაგვაკლებს,
და ვერ დაჩრდილავს
სევდა და დარდი,
გულის კუნჭულში შემონახული
არს სიყვარული – ფარული, მძლავრი“.
მინდა, ყველამ გავითავისოთ, რომ სტუმარნი ვართ ამა ქვეყნისა და რატომ არ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, რატომ არ უნდა ვთესოთ სიკეთე? სიკეთე, რომელიც გზად და ხიდად იქცევა ჩვენი მომავალი თაობისათვის. ყველა ჩემს ნაწარმოებში ხომ ჩემი სულის ყივილია, სევდიანი თუ მხიარული.
ვცდილობ, წარსულს მივეფერო და მომავალს იმედის თვალით შევხედო. მთავარი მაინც ურთიერთსიყვარულია.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები