ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის, კლინიკა “თიმის” ექიმის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის, თუმცა მოკვლევა მიმდინარეობს
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ექიმის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის, თუმცა მოკვლევა მიმდინარეობს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ტიკარაძის ინფორმაციით, ყველა ის პირი, რომელიც იმყოფებოდა ექიმთან კონტაქტში, საკარანტინო ზონაშია.
„გარკვეული პირები, რომლებსაც აღენიშნებოდათ სიმპტომატიკა, არიან გატესტილები, მაგრამ მათი პასუხი არის უარყოფითი. ეს არის მნიშვნელოვანი და კეთილსაიმედო პროგნოზი. აქედან გამომდინარე, დანარჩენი პირები არიან დაკვირვების რეჟიმში. ინტენსიურად მუშაობს ჩვენი ეპიდსამსახური, რათა დეტალურად გამოიძიონ, თუ რა არის ექიმის ინფიცირების წყარო და, ასევე, დამატებით მოვიძიოთ ყველა ის კონტაქტი, ვისთანაც ექიმი შემხებლობაში იმყოფებოდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
კლინიკა „თიმის“(თბილისის მედიცინის ინსტიტუტის) ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. საავადმყოფო ორი კვირით დაიხურა. 30-მდე ექიმი კარანტინში იმყოფება.