ნათია თურნავა: სააფთიაქო ქსელებში ქართულ პირბადეებზე მოთხოვნა ძალიან დიდია

“მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთი დღეა, რაც პირველი პარტია – 400 ათასი ქართული წარმოების პირბადე საქართველოს აფთიაქებში შევიტანეთ, მოთხოვნა ძალიან დიდია”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ერთ-ერთი ქსელიდან უკვე ამოიყიდა 70% და სხვა ქსელებშიც მაღალი მოთხოვნაა.
ნათია თურნავას განცხადებით, კარგია, რომ ადამიანებმა გაითავისეს პირბადის, როგორც ვირუსისგან დაცვის საუკეთესო საშუალების ტარებისა და შეძენის აუცილებლობა.

„ჩვენ ვეცდებით, ძალიან სწრაფად შევავსოთ ეს მარაგები. ვკერავთ საკმაოდ დიდ რაოდენობას და ვფიქრობთ, მაქსიმალურად შევძლებთ ვუპასუხოთ ბაზარზე არსებულ მაღალ მოთხოვნას”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება ქართული წარმოების პირბადის ვიზუალურ მხარეს – ნათია თურნავას განმარტებით, პირველ ყოვლისა, ყველას უნდა ახსოვდეს და მოსახლეობას ეს კარგად ესმის, რომ პირბადე არ არის მოდური აქსესუარი, არამედ ეს არის ვირუსით ინფიცირებისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომლის ტარება დღესდღეობით აუცილებელია.

მისივე თქმით, როდესაც დღეს არსებულ გამოწვევას გადავლახავთ, ალბათ, დადგება ის დრო, როცა პირბადეს, როგორც დიზაინერულ ატრიბუტს, შევხედავთ.

„გემოვნებაზე არ დავობენ – მე რომ მკითხოთ, ეს არის მოთხოვნადი და მოხდენილი პროდუქცია, რომელიც ქართული წარმოებისა და იკერება საქართველოში, რაც საამაყოა. დღეს პირბადეების კერვაზე ათასამდე ადამიანს ვასაქმებთ სამკერვალობეში. ამიტომ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ქართული წარმოების, დოლბანდის პირბადე არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, რაც შეეხება ხარისხს, აუცილებელია, აღინიშნოს, რომ ქართული წარმოების პირბადე შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში.

„პირბადის დამზადებისთვის გამოყენებული ნედლეულის მასალა კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციითა და მათ მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ასევე, დოლბანდის თვისებების გათვალისწინებით. შეირჩა ყველა ოფიციალური დასკვნა ამასთან დაკავშირებით ყოველთვის გვაქვს და აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვართ, ქართული წარმოების პირბადე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია ბაზარზე წარმოდგენილ ანალოგებს შორის”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები