ნათია თურნავამ საკარანტინო პროგრამაში მონაწილე პირებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კარანტინში ყოფნის პროცესი, პირველ ყოვლისა, კომფორტული იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უწევთ იქ ყოფნა და, რა თქმა უნდა, ეფექტური – სამედიცინო ღონისძიებების გატარების თვალსაზრისით”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება საკარანტინო მომსახურების პროგრამის მასშტაბებსა და ეფექტურ ფუნქციონირებაზე გაამახვილა.
„მინდა, ყველამ დაინახოს საკარანტინო ღონისძიებების მასშტაბურობა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი ინფორმაციით, 8 აპრილს, დილის 10:00 სთ – ის მონაცემებით, საკარანტინო ზონებში იმყოფება 4682 ადამიანი, რომელიც განთავსებულია 86 სასტუმროში. „ჩვენ კარანტინის პროგრამისთვის გამზადებული გვაქვს 6568 სასტუმრო ოთახი სარეზერვოდ, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, რეზერვი ყოველთვის გვაქვს”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც ჩართულია კარანტინში მყოფთა მომსახურების პროცესში. მისი თქმით, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობს სასტუმროთა დაახლოებით 2600 -მდე თანამშრომელი, აგრეთვე ექიმები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ მეთვალყურეობას და პოლიციელებს, რომლებიც საკარანტინო ზონებს იცავენ. ასევე მინდა გამოვყო მძღოლები, რომელთაც კარანტინში მყოფნი გადაჰყავთ სასაზღვრო პუნქტებიდან საკარანტინო ზონებამდე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებიც საკარანტინო პროცესს მართავენ.
„ეს რთული და კომპლექსური პროცესია. ისინი აკეთებენ მაქსიმუმს იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს ძალიან ეფექტურად, კომფორტულად, ძალიან კარგად ორგანიზებულად”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.